USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
Тбилиси
ბებერი ევროპა ახალ სამოსში - თამაზ იმნაიშვილი
дата:  1308

ძველი სამყარო თავის დასასრულს უახლოვდება. ასე ხუთი სიტყვით შეიძლება განვსაზღვროთ ის პარადიგმა, რომლითაც სულდგმულობს და ვითარდება დღევანდელი სამყარო. დღეს არსებული საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური, ისე ფილოსოფიური მიდგომები, სახეცვლილებას განიცდის.

ციფრული ტექნოლოგიების და განსაკუთრებულად ხელოვნური ინტელექტის განვითარება ამის მთავარი კატალიზატორია. თანამედროვე კაცობრიობა ე.წ. „მეოთხე მსოფლიო წესრიგის“ ჩამოყალიბების პროცესს გადის. თანამედროვე მსოფლიო კიდევ ერთ, გლობალური პოლიტიკური თამაშის წესებს აყალიბებს, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მთავარი ფაბულა. პირველად 1919 წლის ვერსალის ზავის შემდეგ  ჩამოყალიბდა პოლიტიკური თამაშის საერთაშორისო წესები. შეიქმნა მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაცია ერთა ლიგა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა სახელმწიფოთა შორის მედიატორობაზე და პოლიტიკური თამაშის წესების დაცვაზე.  მსოფლიო გადაეშვა ინდუსტრიალიზაციის დაჩქარებული ტემპებით გაფართოებასა და მოდერნიზაციაში. 

1938 წლის ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსმა და 1939 წლის პირველ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ვერსალის ზავის წესრიგი დაშალა და მხოლოდ 1945 წელს, გერმანიის. იტალიის და იაპონიის მარცხის შემდეგ, გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა სსრკმ აშშ მ, დიდმა ბრიტანეთმა და საგრანგეთმა თეირანის, იალტის და პოტსდამის კონფერენციებზე შეიმუშავეს წესები და მის საფუძველზე ჩამოაყალიბდა  მეორე მსოფლიო წესრიგი, რამაც საფუძველი დაუდო ახალი მსოფლიოს სახელმწიფოთაშორისო საერთაშორისო მექანიზმის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შექმნას. გაეროს მთავარი ამოცანები იყო: კოლონიალური ეპოქის დასრულება, ერთა თვითგამორკვევის უფლებების დაცვა, ადამიანური ფასეულობების დაცვა და ორი ყველაზე მთავარი საკითხის მოგვარება. დასავლურ და სოციალისტურ სამყაროს შორის ბალანსის შენარჩუნება  და თერმობირთვული იარაღის კონტროლი. უმნიშვნელოვანესი იყო 1975 წლის ჰელსინკის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი ინსტრუმენტი გახდა. თერმობირთვული იარაღის შექმნამ  და კოსმონავტიკის განვითარებამ მსოფლიოს უბიძგა სრულიად ახალი ტექნოლოგიების  ეპოქის შესაქმნელად. 

1979 წელს სსრკ ს ავღანეთში შეჭრამ მეორე მსოფლიო შემდგომ შექმნილი  თამაშის წესები დღის წესრიგიდან ამოაგდო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1989 წელს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთის ტერიტორია, 1989 წლის დეკემბერში გორბაჩოვის და ბუში უფროსის მალტაში  შეხვედრაზე პრაქტიკულად მიღებული იქნა  ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება. ამან პრაქტიკულად გამოიწვია სოციალისტური სამყაროს და საბოლოოდ კი სსრკ–ს დაშლაც. უკვე ჩამოყალიბდა მესამე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი. მსოფლიომ განავითარა ახალი ტექნოლოგიები და გადავიდა პოსტინდუსტრიულ ეპოქაში. მეორე და მესამე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის მთავარი აქტორები იყვნენ აშშ და სსრკ (რუსეთის ფედერაცია).

2000 წელს, როცა ელცინის მემკვიდრეობა ვლადიმერ პუტინმა გადაიბარა, მსოფლიო სრულიად ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შევიდა. სსრკ იმპერიის დიდების და გავლენების აღდგენა გახდა რუსეთის მთავარი სტრატეგიული მიზანი. ყველა მისი ქმედება დაექვემდებარა ამ ამოცანის შესრულებას. დღემდე ნაკლებად შესწავლილია ეს თემა, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რიგ სხვა გლობალურ ფაქტორებთან ერთად გახდა საბაბი მესამე მსოფლიო წესრიგის ნგრევის დასაწყებად. 2008 წლის ომის  შედეგების ასე მარტივად გადაყლაპვა დასავლეთისგან გახდა სიგნალი პუტინისთვის, რომ დარწმუნებული ყოფილიყო დასავლური სამყაროს სისუსტეში. რუსეთის იაფი ენერგორესურსები გახდა გემრიელი ლუკმა დასავლეთისთვის, რომ თვალები დაეხუჭა ბევრ რამეზე პუტინის პოლიტიკაში.

სირიის მოვლენებმა და 2014 წელს უკრაინაში შეჭრამ ეს რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცა. დასავლეთმა თავის დროზე რეაგირება არ მოახდინა  აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებზე,  დნესტრისპირეთის ოკუპაციაზე,  ჩეჩნეთის გენოციდზე, ვოლგადონსკის სახლების აფეთქებაზე, აგვისტოს ომზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, სირიის ომზე, 2014 წლის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსი ოპოზიციონერების ღია და სამაგალითოდ დასასჯელი მკვლელობებზე. რუსეთმა კი, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული კონკრეტული გეგმები და ამოცანები ჰქონდა,  ნავთობის და ბუნებრივი აირების გაყიდვებიდან შემოსული ტრილიონობით დოლარის ერთ–ერთ ფუნქციად განსაზღვრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უდიდესი რანგის პოლიტიკოსების თუ ცნობადი სახეების მოქრთამვა, შანტაჟი და მკვლელობები, რომელიც მთავარი მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.  პოლიტკოვსკაიას , ლიტვინენკოს, სკრიპალების  მკვლელობები, პოლონეთის პრეზიდენტის და მისი მთავრობის თვითმფრინავის კატასტროფა, რასაც მოჰყვა პოლონეთის მთავრობის უდიდესი ნაწილის სრული ლიკვიდაცია. მედიაში გახმაურებული ინფორმაციები ევროპის რიგი პოლიტიკოსების მოსყიდვის შესახებ. ეს ყველაფერი დიდ წილად ადასტურებს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას.

2022 წელი  გახდა გადამწყვეტი პუტინისთვის, რომ საბოლოოდ განეხორციელებინა სტრატეგიული ჩანაფიქრი. უკრაინის სრული ოკუპაცია, მას პრაქტიკულად სრულ კარტ ბლანშს მისცემდა დასავლური სამყაროსთვის ულტიმატუმის წასაყენებლად. 2022 წელი გახდა მესამე მსოფლიო წესრიგის სრულად განადგურების წელი. ომის დაწყებიდან მეხუთე წელს მსოფლიო  მივიდა ასეთ შედეგებამდე.  პუტინისთვის ეს ომი პიროვნული სიცოცხლის და დღეს არსებული რუსეთის, როგორც იმპერიის  ფორმატის  შენარჩუნების ტოლფასი გახდა. როგორც ჩანს, მას პრაქტიკულად უკვე აღარ შეუძლია ომის შეჩერება. თუნდაც თეორიულად რომ დავუშვათ, რომ უკრაინა სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ დაიპყრო, ომის დამთავრება ძალიან ბევრი ფაქტორის გამო რუსეთის ამ ფორმატის კრახის მომასწავებელი იქნება. დღეს რუსეთი მხოლოდ სამხედრო მრეწველობით და ჯერ კიდევ ნავთობის და გაზის გაყიდვებით ინარჩუნებს ეკონომიკას. ყველა სხვა დარგი აბსოლუტურად დეგრადირებულია და გარე ტექნოლოგიური და ფინანსური ჩარევების გარეშე მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

2026 წლის პირველი კვარტალი რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 4,3 ტრ რუბლის დეფიციტით დამთავრდა, როცა ბიუჯეტში გაწერილია 4,8 ტრ რუბლი წლის განმავლობაში. ომის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო წარმოების ტემპები შენელდება და მინიმუმზე ჩამოვა, რადგან სამხედრო ინდუსტრია რესურსების და პროდუქციის გამნადგურებელია და არა სახალხო დოვლათის შემქმნელი. ფრონტიდან დაბრუნდება სამხედროთა უდიდესი ნაწილი, რომელსაც იქ დიდ ფულს უხდიდნენ და სახლში უმუშევარი, უფულო და სოციალურად დაუცველი იქნება. ასეთი ჯარისკაცი აუცილებლად დაიწყებს საკუთარი საზრდოს უკანონოდ მოპოვებას. რუსეთს ახსოვს ე.წ. ავღანური სინდრომი. მაშინ სულ სსრკს მასშტაბით კონტინგენტი  150 ათასი იყო. ახლა კი ასეთი კონტინგენტი მხოლოდ რუსეთის მასშტაბით  მინიმუმ 800 000 იქნება. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული წითელი ხაზები. ახლა ეს წითელი ხაზები არ არსებობს და ძნელად წარმოსადგენი არ იქნება თუ რა შეიძლება მოუვიდეს რუსეთის სახელმწიფოს. ამის თავიდან ასაცილებლად პუტინმა ეს მილიონიანი არმია უკრაინის შემდეგ ან სხვა ტერიტორიებზე უნდა აომოს - ან ბალტიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ან ცენტრალურ აზიაში, ან კიდევ სამხრეთ კავკასიაში - ანდა იზოლირება გაუკეთოს და გაანადგუროს. ეს მხოლოდ თეორიული გათვლებია, მაგრამ რეალობასთან ახლოს დგას.

რაც შეეხება რესურსებს, რუსეთის რესურსები ამოწურვადია და ეს უაღრესად კარგად გამოჩნდა 2026 წლის დადგომისთანავე. რუსეთს  აღარ ჰყავს საკმარისი სამხედრო ტექნიკა, ავიაცია, აღარ აქვს გამართული კავშირგაბმულობის სისტემა და რაც მთავარია აღარ ჰყავს შესაბამისი ადამიანური რესურსი. ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის ფრონტზე რუსეთს იმდენივე და უფრო მეტი დანაკარგი ყავს, ვიდრე ომში გაწვევას ახერხებს. ამ მოსაზრებას ადასტურებენ, როგორც უცხოური კვლევითი ორგანიზაციები და სადაზვერვო სამსახურები ასევე თვით რუსი სამხედრო კორესპონდენტები, ბლოგერები და ინსაიდერები. ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც ძალიან ხშირად ვიდეომასალით ადასტურებს რა ტექნიკით მოძრაობს ფრონტზე მოწინააღმდეგე.

ამ ოთხწლიან პერიოდში მსოფლიო სურათი კარდინალურად შეიცვალა. ყველა ის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აქამდე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნების მექანიზმს და ინსტრუმენტს წარმოადგენდა აღმოჩნდა, რომ მოძველებულია, არაეფექტურია და ზოგ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულია. აქედან გამომდინარე ყველა ექვემდებარება ტრანსფორმაციას ან კიდევ საერთოდ ანულირებას. ეს ეხება  გაეროს და მის ინსტიტუტებს (მაგატე, მსოფლიო ჯანდაცვა, წითელი ჯვარი და ნახევარმთვარე, იუნესკო დ,ა,შ,) ნატოს, რომელიც მხოლოდ დოკუმენტებშია დარჩენილი და სრულიად არაეფექტურ ორგანიზაციად გამოჩნდა უკრაინის ომის ოთხი წლის განმავლობაში. ევროკავშირს, რომელმაც ასევე ამოწურა თავის ფუნქცია იმ კანონმდებლობასა და ფორმატში, რომელიც დღეს აქვს. 

ეს სია ასევე შეიძლება გაგრძელდეს: დსთ, ოდკბ,  ბრიქსი, შოსი, აფრიკის ლიგა, არაბთა ლიგა , ასეანი დ.ა.შ. ყველა აბსოლუტურად ან კრიზისშია, ან კიდევ პრაქტიკულად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია ძველი მსოფლიო წესრიგის პარადიგმების და ალგორითმების მიხედვით შეიქმნა და ახალი მსოფლიო წესრიგისთვის მათი ფორმატი და კანონმდებლობა კონტრპროდუქტიულია.

დონალდ ტრამპის მეორე კადენცია სრულად კატასტროფული და დამანგრეველი აღმოჩნდა უპირველესად აშშ–ს სახელმწიფოსა და მისი საზოგადოებისთვის და შესაბამისად მთელი მსოფლიოსთვის. უმსხვილესი ამერიკული მედია საშუალებები და ინსაიდერები წერენ, რომ ტრამპის მოსვლიდან 14 თვის თავზე ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟის აქციებმა და ამერიკულმა კაპიტალმა 3 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა. და ეს პროცესი გრძელდება. ეპშტეინის ფაილების და აგენტ კრასნოვის ფანტომები ტრამპისთვის სრულიად რეალურ მონსტრად გადაიქცა, რომელიც ტრამპის კარიერას ემუქრება. ტრამპის  ქმედებების ბევრი  ალგორითმი ამ მონსტრისგან თავის დაღწევის მცდელობას აჩვენებს და მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დამანგრეველ კრიზისში აგდებს. ამავდროულად ტრამპის ქმედებები ახდენს პუტინის დანაშაულებრივი პოლიტიკის  ლეგალიზაციას და მის წახალისებას. ის ცალსახად  ცდილობს ამერიკის სახელმწიფოს სრულ პუტინიზაციას. ანუ  ის ცდილობს პიროვნულად დაიქვემდებაროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი,  თვითონ კი კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიღმა დარჩეს როგორც პუტინი. როგორც თვითონ ამბობს, სიმართლე მხოლოდ ძლიერების ხვედრია. ირანთან დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციაც  (პუტინის მსგავსად სპეციალური ოპერაცია და არა ომი) ზუსტად ამ ალგორითმით პიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო ისე, რომ არც კონგრესს, არც უშიშროების საბჭოს, არც ეროვნული დაზვერვის ბიუროს დასკვნას, არც გაერთიანებული შტაბების  მეთაურთა კომიტეტის დასკვნას და არც ნატოს კომიტეტს არ დაეკითხა არაფერს. მიუხედავად ამერიკის სამხედრო ძალების უდიდესი საბრძოლო წარმატებისა, ცალსახად გამოჩნდა, რომ ომის მსვლელობა ჩიხშია შესული და გამოსავალი ისეთი ამოცანებია, რომლის გადაწყვეტაც ტრამპს ახლო მომავალში არ ძალუძს. ბრძოლის ველზე წარმატება ყოველთვის არ ნიშნავს ომის მოგებას და ომის მოგება ყოველთვის არ ხდება ბრძოლის ველზე.  დიდწილად სჩანს, რომ  ტრამპი  რეჟიმის ცვლილებას მოკლე ვადიან რეჟიმში, რომ მერე ყველა სხვა სტრატეგიული საკითხი გადაწყვიტოს ( ორმუზის სრუტის თავისუფალება, გამდიდრებული უარანის განადგურება ან ჩამორთმევა) ვერ მიაღწევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა  მოახერხა და აშშ-ს პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული პარტნიორი თუ ინვესტორი არასასურველ სახელმწიფოდ და მტრად მოიკიდა. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოც კი მარტო, პარტნიორების გარეშე ვერ მოახერხებს გამარჯვებას და სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას. ქურთული ანკლავები და ირანის შიგნით რეჟიმისადმი მტრულად განწყობილი ძალებიც კი სრულიად აღარ ენდობიან ტრამპს, რომ  მისი მითითებით და მხარდაჭერით შიდა აჯანყება დაიწყონ, რადგან დიდწილად დარწმუნებულები არიან, რომ ის მათ შუა ბრძოლაში მიატოვებს. 

ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ, სპარსეთის ყურის ქვეყნების  ბუნებრივი აირისა და ნა­ვთო­ბის მოპოვების მკვეთრად შემცირებამ მსოფლიო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ნავთობის ფასების რეგულირების ეგიდით რუსეთს ნება დართო ნავთობის და  გაზის გაყიდვებზე, რითაც რუსეთს დიდძალი ფულადი შემოსავლები უნდა მიეღო და ამით უკრაინაში ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობები გასჩენოდა, ეს ასე არ მოხდა. არსებობს მრავალი მამტკიცებელი მასალა იმის დასტურად, რომ  უკრაინამ  პრაქტიკულად გაუნადგურა მინიმუმ 50% იმ ობიექტებისა, რომლის საშუალებითაც რუსეთს შეეძლო ნავთობი და ბუნებრივი აირი გაეტანა გასაყიდად.

ამავდროულად მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე სრულიად ახალი ( ძველი) პოლი­ტიკური აქტორი გამოჩნდა ჩინეთის სახით როგორც გლობალური აქტორი და პოლიტიკური პოლუსი. ტრამპის ვიზიტი 30 მარტს  ჩინეთში ჩაიშალა ირანის ომის გამო და იგი სავარაუდოდ მაისის თვეში გაიმართება. როგორც ჩინური გამოცემები წერენ, ტრამპის შემდეგ მალევე იგე­გმება პუტინის ვიზიტი პეკინში. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ათწლეულებია მსოფლიო გლო­ბალური პროცესების მხოლოდ მაყურებლის როლში გამოდის და ძალიან დიდი ხანია არ ჩართულა სამხედრო პოლიტიკურ მოქმედებებში, აშკარაა რომ ამ სრულ ქაოსშიც ჯერჯე­რო­ბით არ აპირებს კურსიდან გადახვევას. ამისთვის ჩანს რამდენიმე მთავარი საბაბი და მიზეზი. შიდა პრობლემები. ჩინეთი ერთერთი ყველაზე ხანდაზმული ერია. შრომისუნარიანი მოსა­ხლეობა მხოლოდ 35% შეადგენს და კატასტროფულად მცირდება. 50 მლნ–მდე სამუშაო ადგი­ლი არის შეუვსებელი. შრომის ბირჟა ცარიელია. 30 ტრ დოლარამდე ვალი აქვთ ჩინურ კერძო კომპანიებს და სახელმწიფო უარს აცხადებს დაეხმაროს მათ ამ ვალების მომსახურებაში. ჩი­ნური სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების დანე­რგვისა (რომლის ერთი დიდი ნაწილი უბრალოდ მოპარული ტექნოლოგიებია), ჯერ ძალიან ჩამორჩება დასავლურს. შექმნილი კრიზისის გამო ბუნებრივ აირზე და ნავთობზე გაზრდილი ფასები და მიწოდების არასტაბილურობა ჩინეთს, როგორც გლობალურ აქტორს, მოწყვლადს ხდის. ჩინეთს არ ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც ის დაეყრდნობოდა ხანგრძლივი სამხედრო პოლიტიკური პროცესებში ჩართვის შემთხვევაში. ზემოთხსენებული სურათი და ალგორითმები აჩვენებს, რომ ჩინეთი ჯერჯერობით ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე და შიდა პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება მოხდება ამ ქაოსის დასრულების შედეგად. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკურ პარადიგმებზე დაყრდნობით ცალსახად ჩანს, რომ ახალ წესრიგში მსოფლიო რამდენიმე გეოგრაფიულ არეალად და გლობალურ თუ რე­გი­ონულ აქტორად შეიძლება დაიყოს.

აშშ 350 მლნ ადამიანით და 29 ტრ მშპ

ჩინეთი 1,4 მლრდ  და  19 ტრ მშპ

ინდოეთი 1,45 მლრდ  და  4.7 ტრ მშპ

ახლო აღმოსავლეთი   450 მლნ  და  3, 5 ტრ მშპ

აზია 1,45 მლრდ  და 3.7 ტრ მშპ

აფრიკა 1,3 მლრდ   და  2,  6 ტრ მშპ

სამხრეთ ამერიკა  438 მლნ   და  15.1   ტრ მშპ

ოკეანია ავსტრალიის, იაპონიის და ახალი ზელანდიის ჩათვლით 160 მლნ  და  6.5  ტრ.

 1-11 

 

და ევროპა   - ევროპის რუკა აშკარად განიცდის ცვლილებას იმის და მიხედვით როგორ კონცეფციას წარმოადგენს ევროკავშირი დიდ ბრიტანეთთან ერთად ახლო მომავალში.

თვით ევროკავშირი პლუს დიდი ბრიტანეთი

640 მლნ ადამიანი მშპ 24 ტრ დოლარით

სავაჭრო ურთიერთობები აშშ სთან  წლიური ბრუნვა 1,84 ტრ დოლარი

სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან წლიური ბრუნვა  980 მლრდ

სავაჭრო ურთიერთობები ინდოეთთან  წლიური ბრუნვა140 მლრ დოლარი.

2-22

რიცხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირს დიდი ბრიტანეთის ჩათვლით აშშ–სთანაც და ჩი­ნეთ–ინდოეთთანაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, მაგრამ ის მაინც  საკმა­ოდ მოწყვლადი და სუსტი სივრცეა. ეს კარგად აჩვენა რუსეთ უკრაინის ომმა და განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა. ევროპა უსაფ­რთხოების კუთხით ძალიან სუსტია. ნატოს სისტემის ფორმატი და კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ ევროპის უსაფრთხოება არ არის დიდწილად ადგილობრივი ძალებით უზრუნველყოფილი. მთავარი აქტორი აშშ და მისი შეიარაღებული ძალების კონტინგენტია ევროპაში. ტრამპის მეორე კადენციამ ეს თითქოს და მონოლითური უსაფრთხოების ქოლგა სრულად დაარღვია და ამოჩნდა, რომ ევროპა აშშ–ს გარეშე სრულად დაუცველია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის და დიდი ბრიტანეთის საერთო სამხედრო ხარჯები 500 მლრდ დოლარზე მეტია წლიურად, ცოცხალი ძალის სამხედროთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1,5 მლნ ია.

550 მდე თერმობირთვული ქობინი გააჩნია, 47 წყალქვეშა ნავი ჰყავს, საჰაერო ფლოტილიაც და სახმელეთო ტექნიკაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. თუმცა ნატოს სისტემაში ე,წ, თვითკმარი შეიარაღებული ძალები ( როცა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა  მეტნაკლებად თანაბრადაა განვითარებული და მომზადებულია დასმული ამოცანების გადასაწყვეტად) მხოლოდ აშშ ს, საფრანგეთს და თურქეთს ჰყავს. ყველა დანარჩენი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები ორიენტირებულია ჯარის სახეობის ერთ ან ორ მიმართულებაზე.  ეს საფრთხე ჯერ კიდევ შარშან, ტრამპის პირველივე განცხადებების გამო იქნა მეტნაკლებად გათა­ვისებული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ პროცესი ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება. ამერიკის მოთხოვნა, გაზარდონ სამხედრო ხარჯები ევროპის ნატოელმა ქვეყნებმა არ არის პანაცეა და იგი თავისთავად ვერ გაზრდის ევროპის უსაფრთხოებას.

როგორც აღმო­ჩნდა 2025 წლის თანხობრივი შენატანები ნატოს ბიუჯეტში არც თუ მცირეა ევროპის მხრიდან და აშშ ნამდვილად არ ყოფილა ბიუჯეტის მთავარი და გადამწყვეტი შემავსებელი.  ევროპას არ აქვს მკაცრად გაწერილი უსაფრთხოების ახალი მოდელის გეგმები, რომლის ფარგლებშიც ის გადაწყვეტდა ამოცანებს. აშშ ს დღევანდელი ადმინისტრაცია ძალიან ღიად და ცხადად ცდი­ლობს, ევროპის ერთიანობა დაშალოს და ამისათვის ის არ ერიდება დაშვებულ თუ და­უშვებელ მეთოდებს თვით რუსეთის ფაქტორის გამოყენებით, რადგან ის ერთიან ევროპაში კონკურენტს ხედავს. ეს ხედვა მხოლოდ ფინანსური მაგნატის ხედვაა, მხოლოდ გამდიდრების პრიზმაში დანახული სურათია და საერთოდ მოწყვეტილია პოლიტიკურ, ისტორიულ და მენტალურ ხედვებს. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ევროპის ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობა. 2025 წელს პირველად იქნა გაჟღერებული ევროპის ახალი არქიტექტურის კონცეფციის ზო­გიერთი ასპექტის შესახებ, რომელიც  ახალი მსოფლიო წესრიგის პარადიგმებიდან გამო­მდი­ნარე დაფუძნებული უნდა იყოს პრაგმატულ გათვლებზე. ევროპის ახალი, მეტნაკლებად დამო­უკიდებელი და რელევანტური მოდელისათვის საჭიროა:

  1. გეოგრაფიული სივრცე.
  2. ადამიანური რესურსი.
  3. ეკონომიკური რესურსი.
  4. თავდაცვის რესურსი.

ცალსახა, რომ აშშ და ევროპა აღარ და ვეღარ იქნებიან ჯორჯ მარშალის გეგმის პარადიგმებით მოქმედი პარტნიორები. ტრამპმა ეს  არქიტექტურა უკვე  საბოლოოდ დაანგრია და რაც არ უნდა მომავალი ახალი ადმინისტრაციები შეეცადნონ  სტატუს ქვოს დაბრუნებას,  პრეცე­დე­ნტი უკვე შექმნილია და ევროპა შეეცდება მეტნაკლებად დამოუკიდებელი აქტორი გახდეს.

ნატოს ფორმატი 1947 წლის ჯორჯ მარშალის გეგმას ეყრდნობოდა, რომელმაც ჩრდი­ლო­ატლანტიკური სივრცე შექმნა. ახალ წესრიგში აშშ ევროპის ურთიერთობა რა თქმა უნდა და­რჩება, როგორც დასავლური ცივილიზაციის (ქრისტიანული ან კიდევ იგივე ღვინის ცივი­ლი­ზაცია) ერთობა, მაგრამ აღარ იქნება მარშალის გეგმის მიხედვით. მკითხველმა მინდა სწორად გამიგოს. ისეთი მუდმივი არაფერია ამ ქვეყანაზე  როგორც მუდმივი ცვლილებები. ნატოს ამ ფორმატის დასასრული არანაირად არ ნიშნავს ამ ერთობის დაშლას, არამედ ახალ ფორმატში გადასვლას. იმისათვის, რომ ევროპა იყოს თვითკმარი ახალ ფორმატში, როგორც აღვნიშნე რამდენიმე პრაგმატული ფაქტორით უნდა შეივსოს.

3-33

 

სივრცე: სავარაუდო დამატებით უკრაინა და ბელორუსი (დიდის ალბათობით მოლდოვა რუმინეთს დაუბრუნდება) როგორც ევროპის კონტინენტის ნაწილი.

თურქეთი - შავი ზღვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ნატოს ევრაზიული ნაწილის ერთერთი მთავარი სამხედრო მდგენელი. თუ აქამდე, ათწლეულების განმავლობაში,  თურქეთის მოთხოვნა ევროპის სრულყოფილ წევრობაზე აშშ-ს და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს კატეგორიული მოთხოვნით უგულვებელყოფილი იყო, ახლა აშკარად ევროპას თურქეთი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი  ფაქტორის გამო სჭირდება და დიდის ალბათობით ახალ ფორმატში ევროპა თურქეთს განსაკუთრებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

თურქეთს უდგას დილემა  რელიგიური ნიშნით ისლამური ერთობის ლიდერობა, ანუ ახალი სალაჰადდინობა, თუ სეკულარული დასავლური ტიპის უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ერდოღანს ეს პრეტენზიები ჰქონდა, თუმცა ახალი რეალიები ამ პრეტენზიებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. და ერთიცაა, რომ არასდროს მუსულმანური სუნას მიმდევართა სხვადასხვა მაზღაბებს (კონფესიებს) , ჰანაფიტებს, ჰანბალიტებს და ვაჰაბიტებს   ჰქონიათ ერთობა და ეს ერთობა მითუმეტეს არასდროს ყოფილა შიიტურ-ალავიტურ ისლამთან. ამიტომაც თურქეთს ახალ არქიტექტურის ჩამოყალიბებისას  მოუწევს არჩევანის გაკეთება.  თურქეთი ევროპისთვის აზიიდან წამოსული ენერგორესურსების და ტვირთების გამტარი ერთერთი მთავარი ჰაბია. დღევანდელი რეალიებიდან გამომდინარე ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსების სერიოზული ნაწილის გადამისამართებაც ევროპისკენ შეიძლება მოხდეს თურქეთის გავლით.

სამხრეთ კავკასია - საქართველო, სომხეთი და  აზერბაიჯანი (თუ თურქეთი განსაკუთრებული სტატუსით გახდა ამ სივრცის ნაწილი) როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების სამხრეთკავკასიური მდგენელი.

ევროპის უსაფრთხოების ახალი ქოლგა ასეთი კონფიგურაციით შეიძლება წარმოვიდგინოთ,

ეს იქნება 760 მლნ ადამიანი და დაახლოებით 27 -28 ტრ დოლარი საერთო მშპ

რამდენიმე ასპექტი

უკრაინა, თურქეთი  და სამხრეთ კავკასია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი გახდება. ყველა ახალ სახელმწიფოს და რეგიონს ექნება თავისი ფუნქცია და ამოცანა.

ასეთი სივრცე არ იქნება გლობალური პოლიტიკური პოლუსი, მაგრამ ის იქნება გადამწყვეტი ძალა ორპოლუსიან სამყაროში. ვისი პარტნიორიც იქნება, ის იქნება პირველი. ამავდროულად ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა სწორედ რომ ამ ახალ სივრცეს ექნება ორივე პოლუსთან.

ეს ალგორითმი სწორი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი საბოლოოდ დამარცხდა უკრაინის ფრონტზე ანუ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს.

რას  შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის დამარცხება ფიზიკურ, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ კონტექსტში. ეს კითხვაა, რომელზეც დღეს არ არსებობს გადამწყვეტი პასუხი. რამდენიმე მოდელი არსებობს. ერთერთის ალგორითმი ასეთია.

მაგალითად:  უკრაინა თავის პარტნიორებთან ერთად იბრუნებს თავის ტერიტორიებს სრულად. მაგრამ არ გადადის არც ერთ მეტრს მტრის მიწაზე. რუსეთი სრულ ეკონომიკურ კოლაფსშია.  იწყება შიდა (სავარძლის) გადატრიალებები. მილიონიანი საკონტრაქტო ჯარი ბრუნდება უკან ხელფასის და ყველანაირი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე. იწყება სარჩოს მოპოვების ომები სამხედროებისგან. იწყება გარკვეული ავტონომიური  ტერიტორიების ცენტრიდანული მოძრაობები. შედეგად რუსეთი კარგავს როგორც შავ ზღვას, ისე ბალტიის ზღვას და ბრუნდება პეტრემდელ სტატუს ქვოში.

რუსეთის ახალი ფორმაცია იძულებული ხდება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სანედლეულო წყარო (როგორც ადრე) ყოველგვარი ამბიციების გარეშე. დღევანდელმა მსოფლიო პროცესებმა უკვე აჩვენა, რომ თერმობირთვული ფაქტორი უკვე აღარ წარმოადგენს ერთადერთ გადამწყვეტ როლს გლობალურ აქტორობაში. ანუ რუსეთი თერმობირთვულ იარაღს არ და ვერ გამოიყენებს. მას გაუჩნდება შანსი ახალ ევროპულ სივრცეს, როგორც ყველაზე დიდ ბაზარს ( როგორც ომამდე იყო)  მიაწოდოს ნედლეული, რომლის გადამუშავების საშუალებაც მას მიეცემა, რითაც დაიწყებს შიდა პრობლემების მოგვარებას და სახელმწიფოს განვითარებას ახალ ფორმატსა და კანონმდებლობაში. კაცობრიობა სრულიად ახალ ტექნოგენურ საფეხურზე გადადის და ახალი ეპოქის დაკვეთა (ისტორიულადაც ასე იყო ყოველთვის. იმპერიების დაშლა ახალი ეპოქის დაკვეთა იყო.) არის რუსეთის იმპერიის ფორმატის ცვლილება. ცვლილების შედეგად რა ახალ ფორმატს მიიღებს მსოფლიო, ჯერ ამის სურათი არ არსებობს.

უკრაინის ფუნქცია და ამოცანა. ევროპის უსაფრთხოების ერთერთი მთავარი სამხედრო მდგენელი. უკრაინის ომმა და ახლა უკვე ირანის ომმაც აჩვენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაზე ძლიერ მომზადებულია მსოფლიოში და მისი მეთაურები სრულიად ახალი სტრატეგიის, ტაქტიკის და ოპერატიული ხელოვნების არქიტექტორები არიან. ძლიერ მომზადებაში იგულისხმება, რომ მათ ძალუძთ ომში ყველა დასახული ამოცანის შესრულება. მსოფლიოს ყველა სხვა სამხედრო ლიდერი ჯერ შორს არის მათგან. უპილოტო საფრენი, სახმელეთო, წყალზედა და წყალქვეშა აპარატების, ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის შერწყმამ მსოფლიოს ომის წარმოების სრულიად ახალი სტრატეგია დაანახა. უკრაინამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები ამ მიმართულებით 10 ზე მეტ სახელმწიფოსთან (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებთან) და კიდევ რიგში დგანან სხვა სახელმწიფოები. ის, რომ უკრაინა გახდა მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების მსხვილი ექსპორტიორი, მეტყველებს უკვე მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უსაფრთხოების  და თავდაცვის სფეროში.

ამას გარდა უკრაინა ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდი ფართობის მქონე სახელმწიფოა და  ევროპის  შავმიწიანი ნიადაგის 60% უკრაინაზე მოდის. ბელორუსთან ერთად კი სრული 80%.  ეს არის უდიდესი მონაპოვარი ევროპისთვის. კრიტიკული ნედლეულის სერიოზული მარაგებიც უკრაინის ტერიტორიაზეა, რაც ევროპის ტექნოლოგიური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  ამავდროულად უკრაინის საშუალებით ( ყირიმის ნახევარკუნძულიდან)   შესაძლებელი ხდება შავი ზღვის კონტროლი რუსეთის დასაბლოკად რათა შესრულდეს ატლანტიკური გეოპოლიტიკური ამოცანა შავი ზღვის შიდა წყლებად გადაქცევისთვის.

სამხრეთ კავკასია.

ა) ჩრდილოეთ-სამხრეთის ანუ რუსეთის და არაბული სამყაროს, განსაკუთრებით კი ირანის  პირდაპირი სახმელეთო კავშირების ბარიერი.

ბ) ინდოჩინეთის ნახევარკუნძულიდან და ავღანეთ პაკისტანიდან წამოსული რისკების და საფრთხეების შემაკავებელი  ერთერთი ზღუდე.

გ) აბრეშუმის გზაზე ჩინური ექსპანსიის შეკავება სამხრეთ კავკასიაზე და შავ ზღვაზე, პერსპექტივით ხმელთაშუა ზღვაზე საკუთარი  ბაზების შექმნისთვის როგორც  შემაკავებელი ფაქტორი.  რაც ჩინეთს ჩაფიქრებული აქვს გეოპოლიტიკური პროექტით „ერთი გზა - ერთი სარტყელი“. ამ ჩანაფიქრის ერთ ერთი პროექტი იყო ანაკლიის პორტი ჩინური ინვესტიციებით. რაც აშშ ს და ევროპის უდიდეს შეშფოთებას იწვევს.

დ) შავი ზღვის უსაფრთხოების სამხრეთ აღმოსავლური ზღუდე,

ე) ამავდროულად ევროპასა და ინდოჩინეთის გეოგრაფიულ სივრცეებს შორის სამხრეთკავკასიური კორიდორის ტვირთბრუნვის სტაბილური და გამართული მუშაობის გარანტორი. ჰორმუზის და სამომავლოდ სავარაუდოდ ბაბელმანდების სრუტეებში განვითარებული პროცესების ფონზე სამხრეთკავკასიური კორიდორი განსაკუთრებულ სტრატეგიულ დატვირთვას იძენს ევროპისთვის

ვ) სამხრეთ კავკასიის გავლით  ევროპაში ისლამური მარგინალიზმის  ექსპანსიის შემაკავებელი  ერთერთი ზღუდე.

ცივილიზაციურ რელიგიური ომი მსოფლიოში უკვე მიმდინარეობს და  მარგინალურ ისლამს ევროპისათვის ჯიჰადი უკვე დიდი ხანია გამოცხადებული აქვს და ეს ჯიჰადი უკვე სრული მასშტაბისაა ჰიბრიდული ომის სახით. რაც არ უნდა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმა ულტრატოლერანტიზმზე ილაპარაკოს, ევროპას მარგინალური ისლამიზაციის საფრთხე უკვე სერიოზული მასშტაბის აქვს. ამიტომაც ასეთი საფრთხეების მინიმიზაციის მექანიზმების შემუშავება მის პრიორიტეტულ ამოცანებში შედის.

მაგრამ ამ ტიპის გეგმები განხორციელებადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის მთავარ სახელმწიფოების დიდ ნაწილში პოლიტიკურ ლიდერთა ცვლილება მოხდება 1980 იანი წლების მსგავსად, რათა გუნდური მუშაობით მიაღწიონ  მიზნებს.

1980 წლამდელი  დასავლეთი. აშშ–ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი. გერმანიის კანცლერი ჰელმუტ შმიდტი, საფრანგეთის პრეზიდენტი ვალერი ჟესკარ დ’ესტენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ჯეიმს კალაჰანი. ეს იყო დასავლური სამყაროს ბირთვის სახელმწიფოები და მათი ლიდერთა ოთხეული. და ეს იყო უაღრესად გათითოკაცებული და სუსტი დასა­ვლე­თი.

ამათ ფონზე სსრკ და სოციალისტური სამყარო გაცილებით ძლიერად გამოიყუ­რე­ბოდა. სწორედ კორეაში ომის ფრედ დამთავრებამ, ვიეტნამში მარცხმა, აფრიკაში კოლონიალიზმისგან განთავისუფლების შემდეგ ანტიდა­სა­ვლუ­რად განწყობილი ქვეყნების დიდმა სიმრავლემ, კუბის სოვეტიზაციამ, სამხრეთ ამერიკაში სოციალისტური იდეების მომძლავრებამ - გააბედინა სსრკ-ს ავღანეთში შეჭრა იმ იმედით, რომ დასავლეთი სუსტია, წინააღმდეგობა მინიმალური იქნება და ავღანეთის დაპყრობა ადვილი იქნება (როგორი დეჟავიუს შეგრძნებაა.).

მაგრამ 1981 წლიდან აშშ ს პრეზიდენტი გახდა რონალდ რეიგანი, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეთჩერი.   ამ კვარტეტმა გუნდური პოლიტიკური თამაშების უმაღლესი კლასი აჩვენა. სოციალისტური სამყარო, თანამედროვე კოლონიალიზმის იმპერია და  ბორო­ტების ღერძი საბოლოოდ გაანადგურეს. დღევანდელ სიტუაციაში, როგორც ჩანს ჯერჯე­რო­ბით  მხოლოდ სამი  მნიშვნელოვანი პერსონა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. უპირველესად ფრიდრიჰ მერცი, როგორც ევროპის ყველაზე მთავარი სახელმწიფოს კანცლერი. მერცი სრულიად ახალი თაობის პოლიტიკოსია და იგი თავისუფალია პოსტ ომის გერმანული კომპლექსებისგან. ამიტომ არის მამაცი და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. რაც მთავარია, მას კარგად აქვს გათავისებული ევროპის ახალი არქიტექტურის რაობა.

აქვს თავისი ხედვა მარგინალური ისლამური ექსპანსიის საფრთხეების  მინიმიზირებისათვის. მისი ინიციატივა, რომ უახლოეს სამ წელიწადში ისლამური ქვეყნებიდან ( ძირითადად სირიიდან) მოსულმა მიგრანტების 80%  უნდა დატოვოს გერმანია, არის ამ  ხედვების სწორი აღქმა.  და სწორედ ასეთი თამამი ნაბიჯები ხდება გერმანიაში კონსერვატულად განწყობილი ელექტორატის გაღიზიანების მიზეზი. მათ ეშინიათ კარდინალური ცვლილებების, რადგან მიჩვეულნი არიან ძველ, წყნარ და მსუყე ცხოვრებას.   ვოლოდიმირ ზელენსკი. რომელიც აუცილებლად გახდება ახალი ევროპის ერთერთი  არქიტექტორი და იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯინა მელონი. რომელიც გამოირჩევა თამამი გადაწყვეტილებებით და პრაგმატიზმით პოლიტიკაში

ცალსახად სჩანს, რომ ვერც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ვერც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი და მითუმეტეს აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ პარტნიორობა არ არსებობს და მხოლოდ კარგი გარიგება და სხვის ხარჯზე მოგებაა მთავარი,  ამ კრიტერიუმებს აშკარად ვერ აკმაყოფილებენ და ისინი ექვემდებარებიან ჩანაცვლებას. მხო­ლოდ ამ ტრანსფორმაციის საფუძველზე, გუნდური მუშაობით  არის შესაძლებელი ევროპის ახალი არქიტექტურის და უსაფრთხოების ახალი ქოლგის შექმნა, სხვა შემთხვევაში მსოფლიო ისეთი ტიპის ქაოსში ჩაეშვება, რომლისგან გამოსვლას ათწლეულები და უდიდესი მსხვერპლი დასჭირდება.

ჩემი ეს ნაშრომი მხოლოდ ალგორითმია, რომელიც რიცხვებს, დღევანდელ პოლიტიკურ პარადიგმებს და დღევანდელ მსოფლიოში დომინირებად ­პრაგმატულ პოლიტიკურ გათ­ვლებს ეყრდნობა.

 

სამხედრო დაზვერვის თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი

ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში თამაზ იმნაიშვილი

 

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати