USD 2.7280
EUR 2.9738
RUB 2.7548
Tbilisi
ბავშვობა, დაუვიწყარი ამბები, 83:93
Date:  1659
ერთხელაც გადავუხვიოთ ფეხბურთიდან კალათბურთისკენ. 1987 წელი, სსრკ ჩემპიონატის სუპერფინალი...
 მაშინ ასე იყო, ორ მოგებამდე. და იმ წლებში სისტემატურად ხვდებოდნენ ლიტვური კაუნასის ჟალგირისი და მოსკოვის ცსკა. სენა-პროსტივით, სელტიკ-რეინჯერსივით იყვნენ...
 
ხან ერთი იგებდა, ხან მეორე, მაგრამ აი, 1985 და 1986-ში ზედიზედ ორჯერ მოიგეს ლიტველებმა. დადგა 1987. პირველი თამაში კაუნასში ცსკა-მ მოიგო, მერე მოსკოვში ჟალგირისმა დაატრიალა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. და ბოლო, გადამწყვეტი თამაში ისევ მოსკოვში...
 
გუშინდელი დღესავით მახსოვს ის მესამე მატჩი. სოფელში ვიყავით, შავ-თეთრი ტელევიზორი თავისი პე-ტე-კით და განწყობა: თითქმის მთელი თამაში არმიელები იგებდნენ. 16 ქულითაც კი იყვნენ წინ. არადა ჟალგირისი მიყვარდა...
 
მაშინ ბავშვი ვიყავი და ისედაც იმ წელს არაფერი დაძაბულობა, ან ეროვნული მოძრაობა არ იგრძნობოდა. უბრალოდ, უფრო ლამაზად თამაშობდნენ და შეიძლება გვარების გამოც... ისით და უსკასით დამთავრებულები.
 
საიდანღაც მეორე სუნთქვა, საოცარი ჩაგდებები და ჟალგირისი დაეწია. ჟალგირისის ხუთეული იყო: რიმას კურტინაიტისი, ვალდემარას ხომიჩუსი, სერგიუს იოვაიშა, გინტარას კრაპიკასი, არვიდას საბონისი... ყველა მაგარი იყო, მაგრამ ცენტრი საბონისი - სხვა მოვლენა. წაუვიდა და წაუვიდა თამაში ლიტველ გიგანტს. ვეღარ გააჩერეს.
 
ცსკა-ს ჰყავდა ვალერი ტიხონენკო, სერგეი ტარაკანოვი, ვიქტორ პანკრაშკინი, საშა ვოლკოვი და უზარმაზარი ვლადიმირ ტკაჩენკო.
აი ის, ნუგზარ ჯუღელის "გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა"
 
მოკლედ, ჟალგირისი დაეწია და მახსოვს, პირველად გავიდა წინ წუთნახევრით ადრე! ბოლო შეტევა, ოთხი-ხუთი წამია დარჩენილი და ჟალგირისი 3 ქულით იგებს. და ამ დროს ვოლკოვმა ჩააგდო ურთულესი პოზიციიდან. უფარებდნენ და მაინც ჩააგდო - 83:83. ერთ-ერთი გიჟური სამიანი, რაც დამამახსოვრდა.
 
დაიწყო დამატებითი დრო და როგორ დასრულდა? 10:0 ჟალგირისმა მოიგო. ბურთი არ ჩააგდებინეს მოსკოველებს, გააქრეს ტკაჩენკო... საბონისის ცეკვაც მაგარი იყო. ჟალგირისი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი.
 
და რადგან ჟალგირისზე ვწერ, ერთსაც დავამატებ. მეორე წელს, 1988-ში, სპორტის სასახლეში იყო სიგიჟე თამაში. თბილისის დინამო ამ სუპერგუნდს პირველი ნახევრის მერე 8 ქულას უგებდა.
მახსოვს, რა დღეში იყვნენ ქომაგები დარბაზში. განახლდა თამაში და... მახსოვს, მინიმუმ ათი ქულით წავაგეთ.
 
(ფოტოზე: 11 ნომრები საბონისი და ტკაჩენკო, ბურთით 13 ნომერი ხომიჩუსი და წინ ტიხონენკო)
analytics
„ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი“ (Neue Zürcher Zeitung) „პუტინის გამარჯვება მოახლოებულია: რას უნდა ნიშნავდეს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისა და უკრაინისათვის“

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის გამარჯვება მოახლოებულია: რას უნდა ნიშნავდეს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისა და უკრაინისათვის“ (ავტორი - მარკუს ბერნატი). „თეთრ სახლში რესპუბლიკელის დაბრუნება დიდ უპირატესობას მიანიჭებს რუსულ მხარეს და უეჭველად შეცვლის ძალთა ბალანსს მთელ ევროპაში“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა კითხვის ქვეშ დააყენებს უკრაინის არსებობასა და ევროპის უსაფრთხოებას, თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, მართლაც აიძულებს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას იძულებით მშვიდობაზე და კიევს თავს მოახვევს არასასიამოვნო შეთანხმების დადებას. კაცმა რომ თქვას, იგი სარკისებურად აირეკლავს ევროპელთა პოზიციებს.

უკრაინა და აშშ: „კოჭლი იხვის“ შიშები

დონბასის ფრონტზე მებრძო უკრაინელებს, რომელიც ვაშინგტონისაგან რვა ათასი კილომეტრით არის დაშორებული, ამერიკული არჩევნების იმედი უკვე აღარ აქვთ: „ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამერიკაში, ჩვენთან სიტუაცია მაინც არ შეიცვლება“, - ამბობს 28 წლის ევგენი, უკრაინის არმიის ოფიცერი, - „გასაგებია, რომ დასავლეთი ჩვენი მხარდამჭერი ძველებურად აღარ იქნება, მას თავისი პრობლემებიც თავზესაყრელი აქვს“. ევგენის პოზიციას იზიარებს 47 წლის ვიტალიც, რომელიც ფრონტზე დაიჭრა, გამოჯანმრთელდა და ახლა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზეა დანიშნული: „დასავლეთმა ჩვენს დახმარებაზე უარი თქვა. ამიტომაც კამალა ჰარისის არჩევით დიდი არაფერი არ შეიცვლება. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ის თუ გაიმარჯვებს, უარესი იქნება. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის მეგობარია“.

ევროპაში ამჟამად ამერიკაზე არცერთი ქვეყანა არ არის დამოკიდებული ისე, როგორც უკრაინა. კიევისათვის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა სერიოზული შედეგები ექნება: გამოდის, რომ იგი უკრაინელ ხალხს თავს მოახვევს ხელსეკრულებას ვლადიმერ პუტინის პირობებზე, უკრაინას ტერიტორია შეუმცირდება და თან ნატოს გარეშე დარჩება, იძულებული გახდება ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, კრემლი კი დაუსჯელი დარჩება. განა ამისთვის დაიღუპა ასობით ათასი უკრაინელი? ასეთი დასასრულისათვის?

„კოჭლმა იხვმა“ - ჯო ბაიდენმა უკრაინელებს უარი უთხრა შორი მოქმედების რაკეტების მიცემაზე, რუსეთის ზურგის ობიექტების დასაბომბად - მას შეეშინდა, მოსკოვი რაიმე საპასუხო ცუდ ნაბიჯს გადადგამდა დასავლეთის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი კი, როგორც ჩანს, უკრაინას, უბრალოდ, ბედის ანაბარად მიატოვებს. უკრაინა მისთვის გროშიც არ ღირს. მთავრობამაც და არმიამაც რომ არაფერი თქვან და თავი შეიკავონ, მისი გამარჯვება უკრაინელი ხალხისათვის შოკისმომგვრელი იქნება. „ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“, - ამბობს ევგენი, მაგრამ უკრაინის დამარცხება ორწლინახევრიანი ომის შემდეგ და რუსეთის გამარჯვება, დონალდ ტრამპის ხელშეწყობით, ევროპის უმრავლესობისთვისაც გამაოგნებელ ეფექტს გამოიწვევს. ყველა - ვარშავიდან მადრიდამდე - გააცნობიერებდა, რომ ტრამპის ამერიკა ევროპელებს ვლადიმერ პუტინის რუსეთის წინაშე ტოვებს.

ატლანტიკური სოლიდარობის დასასრული?

დადგა გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტი. საკითხი ეხება არა მხოლოდ ევროპაში მშვიდობიანი ეპოქის დასასრულს, არამედ ატლანტიკური სოლიდარობის დასასრულსაც - ევროპისათვის ამერიკული „თავდაცვითი ქოლგა“ არარ იარსებებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული, ჯერ დასავლეთ ევროპაზე ვრცელდებოდა, მოგვიანებით კი მის ქვეშ აღმოსავლეთევროპელებიც აღმოჩნდნენ, ნატოს გაფართოების წყალობით.

ამრიგად, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში პირდაპირ არის დაკავშირებული  უსაფრთხოებასთან. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი - პირველ რიგში უკრაინასთან მიმართებით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - მთელი კონტინენტისათვის.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინისათვის რთულ და წარუმატებელ პერიოდს ემთხვევა. რუსეთის არმია წინ მიიწევს და ზედიზედ იპყრობს უკრაინის ქალაქებს, კიევის ჯარები უკან იხევენ. ერთადერთი მცირე იმედი იმით გამოიხატება, რომ თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მისი უფლებამოსილება ძალაში შევა მხოლოდ ინაუგურაციის, ანუ ორთვენახევრის შემდეგ, სადღაც 20 იანვრისათვის, მანამდე კი დემოკრატ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ალბათ, შეძლებს და უკრაინას დაპირებულ იარაღს მთლიანად მიაწოდებს.

სტიმული რუსებისათვის?

მაგრამ სანამ დონალდ ტრამპის უფლებამოსილება იურიდიულად შევა ძალაში, მისი გამარჯვება რუსულ მხარეს უპირატესობას შესძენს. კრემლი და მისი არმია შეეცდება უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს და ფრონტის ხაზი წინ წასწიოს. მართალია, რესპუბლიკელი კანდიდატი იკვეხნის, რომ პუტინს ინაუგურაციამდეც მოელაპარაკება და ომს 24 საათში შეწყვეტს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამას მხოლოდ პროპაგანდის მიზნით აცხადებს.

როგორც ამბობენ, დონალდ ტრამპის მრჩევლებს კიტ კელოგს და ფრედ ფლეიცს, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები იყვნენ,  გარკვეული გეგმა აქვთ, უკრაინაზე ზეწოლის მიზნით: ერთი მხრივ, აშშ გააგრძელებს სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ კიევი დაუყონებლივ დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებას. მეორე მხრივ, თუ რუსეთი მოლაპარაკებას არ დათანხმდება, აშშ მოსკოვს დაემუქრება, რომ უკრაინას დღემდე აკრძალულ იარაღს მიაწოდებს (შორი მოქმედების რაკეტებს), რის შედეგადაც კრემლი ცუდ დღეში ჩავარდება.

ამ გეგმას სერიოზული ნაკლი აქვს: მისგან გამომდინარეობს, რომ უკრაინა იძულებული გახდება უარი თქვას რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებაზე; რუსეთი გამარჯვებულ მხარედ წარმოჩინდება, კრემლის პრესტიჟი განმტკიცდება. ყოველთვის იქნება იმის რისკი, რომ შეიძლება რუსეთმა ახალი აგრესიული ომი წამოიწყოს კიდევ რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ.

არის იმის შანსიც, რომ თუ დონალდ ტრამპი რუსეთს მოტყუების მცდელობას შეამჩნევს, იგი გაბრაზდება და უკრაინას იმ რაკეტებს მისცემს, რომლის მიცემა ჯო ბაიდენს ეშინოდა.

„ეკლიანი გზით“ - პროგრესისაკენ?

დონალდ ტრამპი საერთაშორისო პოლიტიკაში არავითარ ფასეულობას არ აღიარებს - არც ხალხთა თვითგამორკვევას, არც აგრესიული ომის უსამართლობას და მის აკრძალვას, არც არც იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ამ წესებს ემყარება. ტრამპს აინტერესებს მხოლოდ უპირატესობის მიღწევა და ამერიკის ძლიერების განმტკიცება. საბოლოო ჯამში, თავისი პოლიტიკით იგი ევროპელებს სარკეში ახედებს, რომ მათ თავიანთი უმწეობა და უსუსურობა გააცნობიერონ.

რა თქმა უნდა, პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს დონალდ ტრამპმა ევროპელებზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა: აიძულა ისინი, რომ თავდაცვაზე, ნატოს ფარგლებში, ბიუჯეტის მეტი ნაწილი დაეხარჯათ. თვით გერმანიაც კი იძულებული გახდა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% სამხედრო სფეროში გამოიყენოს.

დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპაში ძალთა ბალანსის შემცვლელი გახდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მისი ევროპელი მეგობარი, უეცრად გადაიქცევა ისეთი დიდი ძალის მქონედ, რომელიც პატარა ქვეყნის ლიდერისათვის წარმოუდგენელი იქნება - უბრალოდ, ეს მოხდება ტრამპთან მისი ახლო კავშირების წყალობით. რესპუბლიკელის მეგობრების სიაში აღმოჩნდებიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და ფრანგი მარინ ლე პენიც, თუ იგი მომდევნო საპრეზიდენნტო ან საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპელებს სასარგებლო შესაძლებლობასაც აძლევს: ისინი უფრო მტკიცედ ერთიანნი გახდებიან, თავდაცვის ბიუჯეტებს გააფართოვებენ და საბოლოოდ, მნიშვნელოვან სამხედრო ძალად გადაიქცევიან, ნატოსაც გააძლიერებენ და ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ახალი თავდასხმებისაგან თავსაც დაიცავენ. დიახ, ასეთი  მეთოდი იმ ბარბაროსული სამედიცინო მეთოდის ექვივალენტი იქნება, რასაც „სისხლის გამოშვებას“ უწოდებენ, მაგრამ ეს აუცილებელია.

წყარო: https://www.nzz.ch/international/kommt-nun-der-sieg-putins-was-die-wahl-donald-trumps-fuer-europa-und-die-ukraine-bedeuten-wuerde-ld.1855450

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way