USD 2.6487
EUR 3.0351
RUB 3.5959
თბილისი
ბავშვობა, დაუვიწყარი ამბები, 83:93
თარიღი:  6076
ერთხელაც გადავუხვიოთ ფეხბურთიდან კალათბურთისკენ. 1987 წელი, სსრკ ჩემპიონატის სუპერფინალი...
 მაშინ ასე იყო, ორ მოგებამდე. და იმ წლებში სისტემატურად ხვდებოდნენ ლიტვური კაუნასის ჟალგირისი და მოსკოვის ცსკა. სენა-პროსტივით, სელტიკ-რეინჯერსივით იყვნენ...
 
ხან ერთი იგებდა, ხან მეორე, მაგრამ აი, 1985 და 1986-ში ზედიზედ ორჯერ მოიგეს ლიტველებმა. დადგა 1987. პირველი თამაში კაუნასში ცსკა-მ მოიგო, მერე მოსკოვში ჟალგირისმა დაატრიალა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. და ბოლო, გადამწყვეტი თამაში ისევ მოსკოვში...
 
გუშინდელი დღესავით მახსოვს ის მესამე მატჩი. სოფელში ვიყავით, შავ-თეთრი ტელევიზორი თავისი პე-ტე-კით და განწყობა: თითქმის მთელი თამაში არმიელები იგებდნენ. 16 ქულითაც კი იყვნენ წინ. არადა ჟალგირისი მიყვარდა...
 
მაშინ ბავშვი ვიყავი და ისედაც იმ წელს არაფერი დაძაბულობა, ან ეროვნული მოძრაობა არ იგრძნობოდა. უბრალოდ, უფრო ლამაზად თამაშობდნენ და შეიძლება გვარების გამოც... ისით და უსკასით დამთავრებულები.
 
საიდანღაც მეორე სუნთქვა, საოცარი ჩაგდებები და ჟალგირისი დაეწია. ჟალგირისის ხუთეული იყო: რიმას კურტინაიტისი, ვალდემარას ხომიჩუსი, სერგიუს იოვაიშა, გინტარას კრაპიკასი, არვიდას საბონისი... ყველა მაგარი იყო, მაგრამ ცენტრი საბონისი - სხვა მოვლენა. წაუვიდა და წაუვიდა თამაში ლიტველ გიგანტს. ვეღარ გააჩერეს.
 
ცსკა-ს ჰყავდა ვალერი ტიხონენკო, სერგეი ტარაკანოვი, ვიქტორ პანკრაშკინი, საშა ვოლკოვი და უზარმაზარი ვლადიმირ ტკაჩენკო.
აი ის, ნუგზარ ჯუღელის "გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა"
 
მოკლედ, ჟალგირისი დაეწია და მახსოვს, პირველად გავიდა წინ წუთნახევრით ადრე! ბოლო შეტევა, ოთხი-ხუთი წამია დარჩენილი და ჟალგირისი 3 ქულით იგებს. და ამ დროს ვოლკოვმა ჩააგდო ურთულესი პოზიციიდან. უფარებდნენ და მაინც ჩააგდო - 83:83. ერთ-ერთი გიჟური სამიანი, რაც დამამახსოვრდა.
 
დაიწყო დამატებითი დრო და როგორ დასრულდა? 10:0 ჟალგირისმა მოიგო. ბურთი არ ჩააგდებინეს მოსკოველებს, გააქრეს ტკაჩენკო... საბონისის ცეკვაც მაგარი იყო. ჟალგირისი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი.
 
და რადგან ჟალგირისზე ვწერ, ერთსაც დავამატებ. მეორე წელს, 1988-ში, სპორტის სასახლეში იყო სიგიჟე თამაში. თბილისის დინამო ამ სუპერგუნდს პირველი ნახევრის მერე 8 ქულას უგებდა.
მახსოვს, რა დღეში იყვნენ ქომაგები დარბაზში. განახლდა თამაში და... მახსოვს, მინიმუმ ათი ქულით წავაგეთ.
 
(ფოტოზე: 11 ნომრები საბონისი და ტკაჩენკო, ბურთით 13 ნომერი ხომიჩუსი და წინ ტიხონენკო)
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის