USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების - „მთაწმინდისა“ და „გენის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა
дата:  
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების - „მთაწმინდისა“ და „გენის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია და ცნობილი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.
 
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანსამბლებმა „მთაწმინდამ“ და „გენმა“ ცოცხალი მუსიკალური თანხლების ფონზე ქორეოგრაფიული სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც ეხებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას. სპექტაკლში 300-ამდე ბავშვი მონაწილეობდა.
წარმოდგენაში გამოყენებული იყო მუსიკა კინოფილმიდან „ფესვები“ (კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილის), ასევე, მუსიკალური კომპოზიციები „ავფრინდები და ფრი“ (მუსიკის ავტორი ზვიად ბოლქვაძე, ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილი) და „აჭარული ბალადა“( მუსიკის ავტორი გიორგი მოისწრაფიშვილი). ღონისძიების ბოლოს შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
 
საღამოს რეჟისორი იყო ზაზა სიხარულიძე, მთავარი ქორეოგრაფები - გიორგი ფარსენაძე (,,მთაწმინდა") და გიორგი ონიანი (,,გენი"), მუსიკალური ხელმძღვანელი - იასონ ხომერიკი, სადადგმო ჯგუფის ხელმძღვანელი - ზვიად მურვანიძე, მხატვარი - ბესო ბესელია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფები: ნინო სურგულაძე, ზურაბ სვანაძე, ლელა სანაძე, ბაჩი დუმბაძე, სერგო ბაბაიანი, თეონა გორგოძე, კახა კუხალაშვილი, მუსიკოსები: ლაშა ქათამაძე, ამირან ჭაღალიძე, ელგუჯა ჯინჭველეიშვილი, გიორგი მალაყმაძე, რუსლან მახარაძე, გურამ აბულაძე, გიორგი ღოღობერიძე, თემო ბაკურიძე, თენგო ოქრუაშვილი, ანდრო შანიძე, მამულო ზაქარაძე, მარიკა წერეთელი, ლაშა კვერნაძე, ლევან შარვაშიძე, ვიტალი ჩხაიძე, ირაკლი ახალაია.
 
აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლების „მთაწმინდისა“ და „გენის“ მონაწილეობით 26 მაისის აღსანიშნავადაც გაიმართა.
Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати