USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ბაქო - გიუმრი - ყარსის რკინიგზის ამოქმედებით შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი ტვირთების დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება
Date:  187

15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი,  გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

როგორ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული – „გიუმრი – ყარსის რკინიგზის აღდგენისა და ამოქმედების მიზნით, ორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები ჩაატარებენ აუცილებელ ტექნიკურ –  ეკონომიკურ კვლევებს“.

 

სომხეთსა და თურქეთს  შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა გასული წლიდან აქტიურად განიხილებოდა.

ბუნებრივია გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენა შესაძლებელი გახდა ახლახანს აშშ ში ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ, რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ორ ქვეყანას შორის ახალი მარშრუტის ჩამოყალიბებას.

იმ პირობებში თუ გიუმრი – ყარსის მონაკვეთის პარალელურად,  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზა გაიხსნება  (ეს საკითხიც უკვე განიხილება), ბაქო – გიუმრი – ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც საქართველოზე გამავალი ბაქო – თბილისი – ყარსის ამჟამინდელ მარშრუტზე მოკლეა, სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რაც დამატებით დააქვეითებს შუა დერეფნის ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო განშტოების მიმზიდველობას.

იმ ვითარებაში, თუ  გიუმრი – ყარსის მონაკვეთის აღდგენით თურქეთ – სომხეთ – აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტი შეიკვრება, ასეთ შემთხვევაში ახალ მიმართულებას, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოების ალტერნატივად ჩამოყალიბების პერსპექტივა გაუჩნდება.

ფაქტიურად, სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების სრულად „დებლოკირების“ შედეგად, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თურქეთ – სომხეთ – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი დერეფნის ზანგეზურის და გიუმრი – ყარსის მიმართულებების კონკურენციის საფრთხის  ქვეშ აღმოჩნდებოდა.

რა მდგომარეობაშია გიუმრი – ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურა, რომელიც 1993 წლიდან დახურულია და უფუნქციო მდგომარეობაში იმყოფება.

2024 წლის ბოლოს სომხეთ – თურქეთის (ახურიკ – აკიაკი) სასაზღვრო პუნქტზე, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა, განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელის აღდგენის და საზღვრის გახსნის ტექნიკური დეტალები.

თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის პროექტი სომხეთის მთავრობის მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც პირველად 2023 წელს იყო წარმოდგენილი (იხ სქემა).

 

არსებული მონაცემებით, გიუმრიდან ახურიკამდე (თურქეთ – სომხეთის სასაზღვრო სარკინიგზო სადგური) სომხური მონაკვეთის აღდგენას, რომელიც 6 კმ სიგრძისაა, ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება, რაც დროის და ფინანსური სახსრების თვალსაზრისით უმნიშვნელო პრობლემას წარმოადგენს.

რაც შეეხება ყარსიდან სომხეთის საზღვრამდე, თურქულ მხარეს არსებულ სარკინიგზო მონაკვეთის მდგომარეობას, იგი არსებობდა და მხოლოდ კაპიტალურ შეკეთებას მოითხოვს.

ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნაა დაინტერესებული თურქეთთან დამატებითი სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სომხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.

თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. რისი დადასტურებაცაა, ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ სომხეთის საზღვრის გასწვრივ განაღმვითი სამუშაოების დაწყება.

ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში მკაფიოთაა ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების “ჩიხიდან” გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ.

თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლება დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.

მას შემდეგ, როდესაც პროექტის განხორციელებისათვის ხელისშემშლელი პოლიტიკური საკითხები გადაწყვეტილია, თურქეთსა და სომხეთს შორის ახლახანს გამართული  მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს მხარეების მზადყოფნაზე, მოქმედებები აქტიურ ფაზაში იქნეს გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ იანი სარკინიგზო მონაკვეთის ადღგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზეც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია.

სანაცვლოდ სომხეთ – თრქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება.

თურქეთ სომხეთის საზღვრის დახურვამდე სარკინიგზო სადგური მხოლოდ ერთი ლიანდიდან მეორე ლიანდზე გადატვირთვის მარტივ ოპერციებს ასრულებდა, მოგვიანებით სადგურზე დამონტაჟდა ურიკების შემცვლელი მექანიკური დანადგარები რომლებიც, საზღვის დახურვის გამო ფაქტიურად არ იქნა გამოყენებული. სომხეთის რკინიგზის ინჟინრების გადმოცემით ეს დამადგარები გაუძარცვავ და გამართულ მდგომარეობაში იმყოფება.  

საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, იმ გათვლით, რომ საზღვარი ხელახლა გაიხსნებოდა, სომხეთის რკინიგზამ კიდევ 7-8 წელი შეინარჩუნა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამართულ მდგომარეობაში.

სომხეთის რკინიგზელების განცხადებით, საზღვარზე მატარებლების მიღების/გაგზავნის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ასევე რელსებისა და შპალების შეცვლის შედეგად, შესაძლებელია მოკლე პერიოდში განახლდეს სასაზღვრო სადგურის ფუნქციონირება და აღდგეს მატარებლებლების მოძრაობა.

 

წარმოდგენილი ფოტოებით ნათლად ჩანს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმყოფება, ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში და მოკლე ვადაშია შესაძლებელია მისი ექსპლუატაციაში გაშვება.

სომხეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი – ყარსის რკინიგზის აღდგენაარ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებსამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს.   

https://transcor.ge

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way