გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ვერსია ეფუძნება ამა თუ იმ პიროვნების, ან ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის ზეგავლენას საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, დადებითი იყო ეს გავლენა, თუ უარყოფითი.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ წლის ადამიანების ვერსიას 1999 წლიდან აქვეყნებს. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და გაზეთის ტრადიციული რესპონდენტების თვალსაზრისი. წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) გამოცემის მიერ მთავარ კრიტერიუმად განსაზღვრულია, რომ დასახელებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული როლი, შესაძლოა, იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად დასახელდა მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
მეორე პოზიცია წილად ხვდა ჩვენს უბერებელ და ღვაწლმოსილ სპორტსმენს, გამორჩეულ მოღვაწეს, საყოველთაო სიყვარულით გარემოსილ ნონა გაფრინდაშვილს.
მესამეა შარშანდელი ჩვენი გამოკითხვის ლაურეატი და წლის ადამიანი, „ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია.
გამოკითხვის თითოეული მონაწილე ასახელებდა, მისი აზრით, წლის სამ ყველაზე გავლენიან პიროვნებას. ქულების შეჯამების შემდეგ დადგინდა გამოკითხვის სამი ლაურეატი და მომდევნო საუკეთესო ათეული.
ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში.
გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები. ლაურეატები, წლის პირველი სამი ადამიანი დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. მომდევნო საუკეთესო ათეულის სიას გთავაზობთ გვარის ანბანის რიგის მიხედვით.
თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპონდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის 10 ქულა, მეორე ადგილისთვის - 7, ხოლო მესამე ადგილისთვის - 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს, ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასახელება.
1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად „ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვის შედეგად, აღიარებულ იქნენ:
გთავაზობთ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ წლევანდელი გამოკითხვის პირველ სამეულსა და მომდევნო ათეულს:
ბიძინა ივანიშვილი
წლის მოვლენა უდავოდ იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ერის და ქვეყნის დიდ მიღწევად არის აღიარებული. ამ მიღწევაში ყველას წვლილია - ქალდეა-კოლხეთიდან მოყოლებული ჩვენი ყველა წინაპრის და დღევანდელი საქართველოს თითოეული მოქალაქის. დამოუკიდებლობის ბოლო 3 ათეული წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფლება აქეთ მიისწრაფოდა, თუმცა 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და მისი დამფუძნებლის როლი განსაკუთრებულია. ამ ხელისუფლების სახე და უპირობო ლიდერია ბიძინა ივანიშვილი.
საოცარი ქვეყანაა საქართველო - ქვეყანას მართავს პოლიტიკიდან კარგა ხნის წინ წასული კაცი, რომელიც ქვეყნის მართვასთან რაიმე კავშირის ქონას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა ჩვენ ვიცით და მომავალ თაობებსაც ეცოდინებათ, ვისი მმართველობის პერიოდში მოვიდა ეს სერიოზული წარმატება და შედეგი. და მერე რა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად არ არის, ხოლო ოპოზიციას ციხის საკნიდან (რეალურად კი „ვივამედის“ პალატიდან) ხელმძღვანელობს საქართველოს მოქალაქეობიდან გასული ყოფილი პრეზიდენტი. ეს ხომ ჩვენი საქართველოა. და იმას მართლაც რაღა მნიშვნელობა აქვს, რომ სველია სველი იასამანი...
გარდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისა, ივანიშვილი მიმდინარე წელსაც ეწეოდა მასშტაბურ ქველმოქმედებას, გახსნა დიდებული „პარაგრაფი“ უკვე თბილისში, დენდროლოგიურ პარკს ამშვენებს ეგზოტიკური ბაობაბები, ანუ კენიიდან კოლხიდამდე მათი არაჩვეულებრივი თავგადასავალიც დასრულდა და ობივატელური აჟიოტაჟიც ჩაცხრა. ეს კაცი თავდაჯერებული აკეთებს საქმეს, ქართულ საქმეს, აკეთებს ისე, როგორც თავად სწორად მიაჩნია.
ამ გადასახედიდან უდავოდ წლის ადამიანიც არის და ათწლეულისაც. მაგრამ მთავარია, როგორ აღინიშნება მისი წვლილი და ღვაწლი საქართველოს ისტორიაში, რა მოჰყვება მისი და მისი გუნდის მმართველობას. ხომ არ დავიქცევით და გავჩანაგდებით ევროპა-ევროპის ძახილში, ხომა რ დაიცლება ქართველობისგან საქართველო, ან ხომ არ მივებმებით ისევ რუსულ ორბიტას და კრემლს, რაიც სულაც არაა გამორიცხული მიმდინარე პროცესების კონტექსტში, ან სულაც დიდი ჩინეთის დიდი კედლის იქეთ ხომ არ აღმოვჩნდებით, "აბრეშუმის გზის" მოიმედეობით და მილიონი ეთნიკური ჩინელის საქართველოში ჩამოსახლებით, როგორც ეს ერთხელაც კინაღამ დაიწყო და მოხდა, როცა ჩინელებს ქალაქი ავაშენებინეთ დაახლოებით 30 000-მდე მცხოვრებისთვის ვარკეთილის გადაღმა...
ეს და სხვაც ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა და ამგვარ პერსპექტივას, თუ ის რეალური გახდა, ვერც მისი სასიკეთო საქმეები და ვერც დიდი ქველმოქმედება ვერ გადაწონის...
ნონა გაფრინდაშვილი
ჭადრაკის უბერებელი დედოფალი, ვეტერან მოჭადრაკეთა შორისაც კი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, 2023 წელს თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა. იყო არის და სულ იქნება ქართველი ქალის სიბრძნისა და გონიერების, მიზანსწრაფულობის, სიდარბაისლისა და მომხიბვლელობის განსახიერება.
ხვიჩა კვარაცხელია
გასული სეზონის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი, წლის ბოლომდეც ჩვეულებისამებრ ბრწყინავდა. გარკვეული პაუზის მიუხედავად, როცა ის იმ უმაღლეს კლასს აღარ აჩვენებდა, რომლითაც ყოვლისმნახველი ევროპა და მსოფლიო განაცვიფრა, თანდათან იბრუნებს თავის ფორმას. იგი უმაღლესი რანგის სპორტსმენთა ფორუმებზე დაფიქსირდა ისეთი მეგავარსკვლავების გვერდით, როგორებიც მესი, მბაპე, ლევანდოვსკი, ჰალანდი, ბელინგემი და სხვები არიან, რასაც 10 და 20 წლის წინ ჩვენ, ქართველები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები სიზმრადაც ვერ წარმოვიდგენდით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰყოლია მართლაც ჭეშმარიტად დიდი ვარსკვლავები: ბორის პაიჭაძე, ბასა ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, დათ ყიფიანი, ვოვა გუცაევი, შოთა არველაძე და სხვანი, - მართლაც დიდი აღიარების ღირსნი.
ახლა, მცირედი პაუზა, ხვიჩას უნდა ეპატიოს, რამეთუ დიდებული ქართული ოჯახი შექმნა მშვენიერ ქართველ ქალბატონთან, ნიცა თავაძესთან ერთად...
ილხამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეძლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სცილასა და ქარიბდას შორის გავლა. დააპაუზა რა აზერბაიჯანის ევროინტეგრაციული კურსი, დაასტბილურა ეკონომიკური განვითარება, ეფექტიანად გამოიყენა ენერგორესურსების გაყიდვიდან ამონაგები, თურქეთთან და რუსეთთან წარმართა არცთუ იოლი დიალოგი, თავისი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღადგინა.
ჩვენთვის ალიევის პიროვნება უახლოეს მეზობელთან კეთილი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მყარი გარანტიაა. რაც მთავარია, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების ნიშნით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მავანთა ღია და ფარული მისწრაფებები ამ რეალობას ვერ დააზიანებს, მათ შორის ისეთი მგრძნობიარე და ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა „დავით გარეჯის“ პრობლემა.
ინალ არძინბა
ადრე თუ გვიან, ქართველები და აფხაზები უნდა შევრიგდეთ. ადრე თუ გვიან, ჩვენ ერთ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ, თან ისე, რომ არც ქართველი ხალხის საუკუნოვანი ინტერესები შეილახოს და არც აფხაზების თავისუფლებისაკენ მისწრაფებები დაითრგუნოს. არ უნდა შეგვაშინოს პერიოდულად აბობოქრებულმა ისეთმა ისტერიებმაც კი, როგორიც ამ ბოლო დროს აფხაზეთში გალის ქართველობასთან დაკავშირებით.
დიალოგიც აფხაზებთან დასაწყებია. რა თქმა უნდა, არა რუსულ ხიშტებს ამოფარებულ აფხაზებთან, მაგრამ თუნდაც რუსული ფაქტორის გათვალისწინებით, იგი უნდა დაიწყოს. ოკუპირებული აფხაზეთის დღევანდელი მარიონოტელი ხელისუფლების წარმომადგენლები საამისო იმპულსებს არ იძლევიან და პრაქტიკულად წარმოუდგენელიც კია, ერთი შეხედვით, ასეთი დიალოგი. იყვნენ და არიან აფხაზეთში ჩვენთან სალაპარაკოდ განწყობილი ადამიანები - ბაღაფში, ანქვაბი და სხვები, მაგრამ რეალურ დიალოგამდე საქმე არ მისულა. გასაგებია, რატომაც.
ინალ არძინბა ბოლო წლებში გამოჩნდა აფხაზეთის ეგრეთწოდებულ ხელისუფლებაში. მოსკოვში აღზრდილი და ნაწრთობი, მათ შორის, რუსული სპეც-სამსახურების მეთვალყურეობით და ცალსახად ანტიქართული განწყობების გათვალისწინებით. მას დღევანდელ აფხაზურ საზოგადოებაში რამდენადმე მყარი დასაყრდენი არ აქვს, ამიტომაც ის უკან, მოსკოვში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ სავარაუდოდ, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, აფხაზეთში დარჩა. გასათვალისწინებელია, რომ მისი კოზირი მყარი რუსული ზურგია და არაა გამორიცხული, რომ სწორედ არძინბასთან და ამ ტიპის ადამიანებთან მოგვიხდეს მომავალში საუბარი. ეს ფაქტორები არძინბას პიროვნების მნიშვნელობას სადღეისოდ და სამომავლოდ, ზრდის...
ლევან ბერძენიშვილი
გამორჩეული ინტელექტუალი ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების განსაკუთრებულ რისხვას იმსახურებს. მართლაც ძნელია დაეთანხმო ლევან ბერძენიშვილის ისტორიულ რემინესცენციებს. განსაკუთრებით ცალკეული ისტორიული პირების და მოღვაწეების მისეულ შეფასებას, რაიც ზოგჯერ ზღვარგადასული და შეურაცხმყოფელიც კია. მაგრამ მეორეს მხრივ, საოცარი ფაქტია, რომ XXI საუკუნის 20-იან წლებში, დამოუკიდებელ საქართველოში, საზოგადოების ნაწილი მოითხოვს მისთვის ლექციების წაკითხვის აკრძალვას და სტუდენტებთან მის არდაშვებას...
თუ ისეთს ამბობს რასმე, რაც კანონსაწინააღმდეგოა, მაშინ ეს სასამართლოს განსჯის საგანი უნდა გახდეს. თუ თუნდაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისი შეხედელულებები მიუღებელია, სხვამ ამხილოს და გააცამტვეროს მისი მოსაზრებები, თუნდაც დებატებში, საზოგადოების მონაწილეობით... მართლაც ძნელია დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. გაცილებით იოლია რომელიმე იმპერიის ნაწილად ყოფნა და მისი კანონებით ცხოვრება...
ნიკა გვარამია
ჩვენი ოპოზიციის სრული ფრუსტრაციის ფონზე, იმ გამონაკლის პოლიტიკოსთა რიგს ეკუთვნის, ვინც რენომე და ავტორიტეტი შეინარჩუნა. თუ ოპოზიციამ მოახერხა თვითორგანიზება, იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორის, ვინც ასეთი გაერთიანების სათავეში მოაიზრება, ნიკა გვარამიაცაა. თუ არ გავითვალისწინებთ მის ზოგიერთ უხამს გამონათქვამსა და სკაბრეზისკენ მიდრეკილებას, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით, ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარით გამორჩეული უდაოდ არის. „ჟურნალისტური ოსკარიც“ მის აქტივშია.
ვლადიმერ გუცაევი
დიდი ფეხბურთელი იყო. დიდებული ადამიანია. ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისა და საქართველოსთვის. შესაბამისად, მთელი ქვეყნის საამაყო კაცია. თანაბრად უყვართ როგორც ეთნიკურ ქართველებს, ისე ეთნიკურ ოსებს. იყო დრო, ამ ორი მოძმე ერის შესარიგებლადაც იღვაწა, როგორც შუამავალმა. ყველა ქართველისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ის სანდო, საიმედო და საამაყო პიროვნებაა.
გიორგი კალანდია
„ცუდას რად უნდა მტერობა“... დახვეწილი ინტელექტუალი და საზოგადო მოღვაწე. ტელეწამყვანი. წელს დაუმსახურებელი თავდასხმების ობიექტი გახდა. თუმცა იმდენ სასახელო და სასარგებლო საქმეს აკეთებს, რომ სხვაგვარად, ჩვენი ეთნოფსიკიდან გამომდინარე, შეუძლებელიც კი იქნებოდა. კარგი ოჯახიშვილი და კარგი მეცნიერია. რთული გზა გამოიარა პოლიტიკური დევნილობიდან საზოგადოების მიერ აღიარებამდე. წარმატებით უძღვება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს.
ზურა მახარაძე
საკმაოდ გავლენიანი კონსერვატიული მიმართულების („ალტ-ინფო“) ერთ-ერთი ლიდერი. ავტორიტეტული, შემართული და პრინციპული. საქართველოში ამ მიმართულებას უდაოდ აქვს მომავალი, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ მის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები პოლიტიკური ექსტრემიზმისთვის თავის არიდებას და გავლენიან პოლიტიკურ ორგანიზაციად პოზიციონირებას, რომელიც ლეგალური გზით დაიცავს ქართველი ერის ინტერესებს, მის ტრადიციულ ღირებულებებს. ახალი წლის წინა პერიოდში ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დააკავეს. დროშის დაწვის აქციით მან თანამოაზრე მარტინენკოსთან ერთად იმავე საქციელისთვის (ევროკავშირის დროშის დაწვა) დაკავებული შარუხიას საქციელი გაიმეორა. ხელისუფლებამ ის და მისი თანამოაზრე გაათავისუფლა...
ნიკოლ ფაშინიანი
სომეხი ერის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ისრაელ ორის შემდეგ, რომელმაც სომეხ ერს რუსეთი დაუსახა ერთადერთ და უპირველეს მოკავშირედ და ინტერესების დამცველად (XVIII საუკუნის დასაწყისიდან), ასეთი, განვითარების ვექტორის შემცვლელი მოღვაწე სომხებს არ ჰყოლიათ. ფაშინიანმა კურსი დასავლეთზე აიღო, რითაც განარისხა პუტინი დარუსეთი და შედეგმაც არ დააყოვნა - 120 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა ყარაბაღი... ფაშინიანი გამორჩეულია სომეხ ლიდერებს შორის თავისი გულწრფელობით საქართველოსთან ძმური თანამშრომლობის სურვილში, რაც რეგიონში მშვიდობას და რეგიონის უკეთეს მომავალს, მათ შორის თვით სომეხი ხალხის და სომხური სახელმწიფოს მომავალსაც უკეთ ესადაგება. თუმცა, იქამდე, ვიდრე სომეხი ლიდერები დაგმობენ აფხაზეთში, 90-იანების დასაწყისში, ბაგრამიანის დივიზიის ქმედებებს, მაინც შორია.
ირაკლი ღარიბაშვილი
მისი „მეორედ მოსვლა“ გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. საკმაოდ სოლიდური რეიტინგი აქვს. ადამიანებს მოსწონთ მისი პატრიოტიზმი, დამოკიდებულება ტრადიციული ღირებულებებისა და ოჯახის ინსტიტუტისადმი. იყო პრინციპული და თანმიმდევრული ევროპელ ლიდერებთან და მაღალჩინოსნებთან ურთიერთობის პროცესში.
ჩერგოლეიშვილი თამარ
ძნელია, ჩვენს ქვეყანაში, იყო პრინციპული, საკუთარი შეხედულებების ერთგული, თანმიმდევრული. ის წლების მანძილზე ახერხებს ამას. თავისი მეუღლის, გიგა ბოკერიას უპირობო თანამებრძოლია, თუმცა ყოველთვის აქვს საკუთარი განსაკუთრებული აზრი, რომელსაც თავისავე სტილში, ექსპანსიურად გამოხატავს, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, იქნება ეს დღევანდელი ხელისუფლება თუ ყოფილი თანამოაზრეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით.
წყარო:https://bfm.ge/