USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბალაგანი ანუ არტისტულობის უსაზღვრობასაც აქვს საზღვარი - პაატა ნაცვლიშავილი
дата:  
არავის არა უფლება სხვისი წარმატება მიისაკუთროსო. ეტყობა, არის მართლა ატეხილი დიდი გაწევ-გამოწევა ქართველ ფეხბურთელთა ევროპირველობაზე ნაჩვენები წარმატების დასაუფლებლად.
მაგრამ რომელი წარმატების?
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხი მატჩი გამართა, საიდანაც ორი წააგეს – საერთო ანგარიშით 2:7, ერთი ფრედ ითამაშეს და ერთიც – უმოტივაციო პორტუგალიასთან 2:0 მოიგეს.
მერვედფინალში გასვლისა და იქ ესპანეთთან 4:1-ით სახელოვანი დამარცხების აღსანიშნავად, საქართველოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს ნამდვილი ტრიუმფი მოუწყვეს, რომლის მსგავსი – არ ვიცი ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი – ევროპის ჩემპიონსაც კი შეშურდებოდა!
ევროპირველობის მერვედფინალში დამარცხებული ფეხბურთელებით სავსე ღია ავტობუსმა ნახევარი თბილისი შემოიარა და ძლივს მოაღწია წმინდა გიორგის მონუმენტის ფერხთით საგანგებოდ მოწყობილ ღია სცენამდე, სადაც ქვეყნის უმაღლესმა ოფიციალურმა პირებმა და ათიათასობით გულშემატკივარმა იმისთანა შეხვედრა მოუწყვეს მათ, რომ არც ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს არ დასიზმრებია, ყოველ შემთხვევაში – ქართველს.
ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთი მაინც სხვაა, სხვანაირად უყვარს იგი გულშემატკივარს, ერთი სიმპათიური ფეხბურთელი ზოგჯერ მრავალგზის ოლიმპიურ ჩემპიონსაც ურჩევნია, ფეხბურთი ხანდახან ბევრად მეტია, ვიდრე სპორტი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის მაინც სპორტია, სადაც გამარჯვება გამარჯვებაა და დამარცხება – დამარცხება.
საქართველოსავით პირველად გადალახა ჯგუფური ეტაპი სლოვენიის ფეხბურთელთა გუნდმა, თან ისე, რომ თუ მერვედფინალში პენალტების სერიას არ ჩავთვლით, მას გერმანიაში თამაში არ წაუგია! მერვედფინალში სლოვენიელები ჩვენს მიერ მანამდე დამარცხებულ, მაგრამ ამჯერად უკვე მოტივირებულ პორტუგალიას შეხვდნენ და არც ძირითად დროში წაუგიათ და არც დამატებითში. მეტიც – თუ ჩვენთან შეხვედრაში გოლსმოწყურებულ კრიშტიანუ რონალდოს ერთხელ მართლა მშვენივრად გადაეღობა წინ გიორგი გველესიანი, სლოვენიელთა მეკარემ იან ობლაკმა სულაც პენალტი აუღო იმავე რონალდოს. არ ვიცი, იშოვეს თუ არა ლიუბლიანაში ღია ავტობუსი და აღნიშნეს თუ არა, მათი ქვეყნის პირველი გასვლა ევროპირველობის მერვედფინალში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ...
ერთი სიტყვით, აღზარდე ევროპა საკუთარ თავში!
მესმის, რომ არტისტული ერი ვართ!.. მესმის, რომ თეატრალურები ვართ!.. მესმის, რომ ემოციურები ვართ!.. მესმის, რომ დღესასწაულები გვენატრება!.. მაგრამ თუ სპორტული წაგება მოგებად გავასაღეთ, ვაითუ, მთელი ჩვენი წარმატებები ამის შემდეგ ამითღა შემოიფარგლოს და ნამდვილ გამარჯვებას ვეღარც ვეღირსოთ!
რაც გუშინ თბილისში ხდებოდა, გნებავთ იმ ღია ავტობუსსა თუ გნებავთ იმ ღია სცენაზე, უკვე ზღვარდაუდებელი არტისტულობა იყო, არც ყეენობა, არც ბუფონადა და არც ფესტივალი. ეს უფრო სიგიჟე იყო, გარდარეული ტელესიგიჟე და, დიდი ბოდიში, ვინც სხვაგვარად ფიქრობს – სისულელე! ეს უკვე არც თეატრია და არც დღესასწაული. ეს უკვე ბალაგანია!
თუნდაც ეს ყველაფერი წინასწარ გვქონოდა დაგეგმილი, მერვედფინალის შედეგის შემდეგ როგორღაც უნდა შეგვეკვეცა ჩვენი გეგმებისთვის ფრთები და სატელევიზიო რეალობიდან ნამდვილ რეალობას დავბრუნებოდით. და თუ, ყველაფრის მიუხედავად ეს ყველაფერი ამისთანა დღესასწაულად გვინდოდა გვექცია, რას ვერჩოდით აეროპორტში ღამენათევ ქომაგებსა და გულშემატკივრებს, რატომ არ გავატარეთ მათი გმირები მათ მიერ შექმნილ ცოცხალ დერეფანში? რა ვითომ ეს ბიჭები სხვები იყვნენ და თბილისის ქუჩებში ღია ავტობუსით ჩამოტარებულები – სხვები? აეროპორტიდან ასე საიდუმლოდ და მზეთუნახავით, ასეთი დაცვით თვით რომის პაპიც არ შემოუყვანიათ თბილისში – ან ერთი და ან მეორე, გინდაც იოანე-პავლე მეორე და გინდაც ფრანცისკე, არც კომუნისტების დროს არც აგერ – რამდენიმე წლის წინათ.
ევროპაში გვინდაო, რომ ვიძახით, საქართველო ვერასოდეს აღმოჩნდება სადმე საფრანგეთსა თუ გერმანიას შუა, ან ავსტრიას და იტალიას შორის და რაგინდ ის ყველა პირობა შევასრულოთ, ევროები არავის დაგვეყრება მუქთად თავზე.
ჰოდა, აღზარდე შენს თავში ევროპა!
ევროპელები, ჩვეულებრივ, მზეს ასწრებენ ადგომას და ყოველ შაბათ-კვირას როგორც ნამდვილ დღესასწაულებს, ისე ელოდებიან და ისე ეგებებიან. კი, ნამდვილი დღესასწაულებიც იციან, მათ შორის გამარჯვებული გუნდებისა თუ ეროვნული გუნდების გულშემატკივრებით სავსე ქუჩებში ავტობუსებით ჩამოტარებით – ჩვენ ყველას ლაივში თუ არა ტელევიზიით გვინახავს ასეთი დღესასწაული, მაგრამ იქ, იმ ევროპაში, თითოეული ფეხბურთელი ასეთი ტრიუმფის დროს მედლებით არის მკერდამშვენებული და წინ მათ მიერ მოპოვებული თასი მოუძღვით და არა ლევან კობიაშვილის კინოოპერატორივით მომარჯვებული მობილური ტელეფონი.
სხვათა შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდა იმ მატჩში, რომელიც ახლა მინდა გავიხსენო: 1996 წლის 9 ოქტომბერს პერუჯაში გაიმართა მსოფლიო პირველობის შესარჩევი მატჩი იტალიისა და საქართველოს გუნდებს შორის. ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო. მატჩის ბედი გადაწყვიტა 43-ე წუთზე ფაბრიციო რავანელის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა. ასეთი ლაკონიური ციფრებით არის ის მატჩი შეტანილი მსოფლიოს, ევროპის, იტალიისა თუ საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. არადა არავის ახსოვს, რომ პერუჯადან დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელებს გულშემატკივრები ყვავილებით დახვდნენ აეროპორტში. საქართველოდ ნაკრებმა მართლა არ ითამაშა ცუდად – არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს გიორგი ქინქლაძემ თუ გიორგი ნემსაძემ, თემურ ქეცბაიამ თუ იმავე ლევან კობიაშვილმა. არც გუნდის მწვრთნელი საშა ჩივაძე ჩამორჩა ტაქტიკური თუ სტრატეგიული აზროვნებით თავის იტალიელ ვიზავის – ჩეზარე მალდინის. მაგრამ ჩვენებმა, სამწუხაროდ, წააგეს – 0:1. მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟი კოტე მახარაძეს მიჰყავდა და მატჩის ბოლოს, იმით აღფრთოვანებულმა, რომ საქართველომ იტალიასთან, რომელიც მაშინ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იყო, მხოლოდ ერთი ბურთით წააგო, ტელემაყურებლებს მოგვიწოდა, აეროპორტში ყვავილებით დახვდით ჩვენს სასახელო ფეხბურთელებსო! და მართლაც, ღია ავტობუსი არა, მაშინ ასეთი რამ არ იყო მოდაში, მაგრამ აეროპორტში ჩვენ ფეხბურთელებს მართლა ღირსეული დახვედრა მოუწყვეს.
ამის მერე კოტე მახარაძეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გავახსენე ის რეპორტაჟი და ეს რა ჰქენით, ბატონო კოტე, იმის მერე ქართველებს ნულით ერთზე დამარცხება დამარცხება არ ჰგონიათ, ის კი არა, ზოგიერთი ასეთ მარცხს გამარჯვებადაც კი მიიჩნევს-მეთქი. გაიცინა და, მართალი ხარო, მითხრა, მაგრამ ისე ვიყავი თავად იმ ფაქტით მონუსხული, რომ საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს ხვდებოდა და რომ მე მალდინის, ნესტას, კონტეს, კაზირაგის, რავანელისა თუ სხვათა გვერდით ქართულ გვარებს ვასახელებდი და თანაც ქართულად, მაშინ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი და ის ერთით ნული მაშინ მეც მოგებასავით მეგონაო!
კოტე მახარაძეს თავისი საფეხბურთო თუ არტისტული ქარიზმით მაშინ უფრო მეტად შეეძლო არარსებული რეალობის შექმნა და სასურველის რეალობად წარმოსახვა, ვიდრე დღეს არსებულ ყველა ტელევიზიას ერთად.
მაგრამ მას მერე ხომ თითქმის 30 წელი გავიდა!
კიდევ ერთი ძველი ამბავი უნდა გავიხსენო: მრავალი წლის წინათ, 1992 წლის მარტში ლოზანაში გაიმართა მოლაპარაკება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკათა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის. მოლაპარაკების თემა ახალი ქვეყნების საერთაშორისო ოლიმპიური აღიარება და მათი სპორტსმენების ბარსელონის ოლიმპიადაზე გამოსვლის პირობები იყო. საქართველოს დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. მოლაპარაკების ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ, როცა ყველანი წამოვიშალეთ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტმა, შემდგომში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მკითხა, საქართველო ევროპა თუ აზიაო. ევროპა-მეთქი, დაუფიქრებლად ვუპასუხე. ამ დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მოვიდნენ და როგემ მათაც იგივე კითხვა დაუსვა. ისინი ერთმანეთს მიაჩერდნენ და ამან რა გითხრათო, – ჩემზე ჰკითხეს. რა თქმა უნდა, ევროპა ვუთხარი-მეთქი, – გაღიმებული როგეს პასუხს აღარ დავუცადე. ჰოდა, ჩვენც ევროპა ვართო, – სომეხმა და აზერბაიჯანელმა. დანარჩენი ყოფილი რესპუბლიკების საკითხი უკითხავადაც გარკვეული იყო. მაგრამ მთლად ჩემს სიტყვებზე როდი იყო ყველაფერი. სანამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს ჟაკ როგეს ჩააბარებდა და საბოლოოდ მოაქცევდა ევროპული ქოლგის ქვეშ, მათ დასკვნისათვის ავტორიტეტულ სამეცნიერო ცენტრებსაც მიმართეს, მათ შორის – დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას. ასე რომ, სპორტულ ევროპაში საქართველო უფრო ადრე შევიდა, ვიდრე ევროპის საბჭოში ის ცნობილი სიტყვები გაიჟღერებდა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“.
მას შემდეგ ევროპის სპორტული კარი, მთელი 32 წელიწადია, მუდამ ღიაა ქართველი სპორტსმენებისთვის ნებისმიერ სახეობაში და არავის ევროპის პირველობისთვის ბრძოლა და მის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა არ დაუშლია არც ფეხბურთელებისთვის, არც რაგბისტებისთვის, არც კალათბურთელებისთვის, არც ხელბურთელებისთვის, არც წყალბურთელებისთვის და არც არავისთვის. და ამისთვის არც ევროკავშირის 12 თუ რამდენიც გინდა პირობის შესრულება იყო საჭირო და არც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ შარლ მიშელისა თუ ურსულა ფონ დერ ლაიენის თანხმობა. თუმცა შესარჩევი ასპარეზობების დაძლევა კი ყველასთვის აუცილებელი იყო. და იმ ფონზე, როცა ფეხბურთელებზე ადრე ასეთი შესარჩევი ეტაპები და თანაც არაერთგზის საქართველოს სხვა გუნდური სახეობების წარმომადგენლებმა გადალახეს, მხოლოდ ჟურნალისტურ გადაჭარბებად უნდა ჩავთვალოთ, როცა წამდაუწუმ გვესმის, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში შეგვიძღვნენო. მადლობა ღმერთს, რომ მათ ეს ბოლოს და ბოლოს – სამი ათეული წლის შემდეგ მოახერხეს და ყველას ერთად, და მეც მათ შორის უდიდესი სიამოვნება და სიამაყე მომგვარეს. დიახ, აშკარაა, რომ გუნდმა, მისმა თითოეულმა წევრმა განსაკუთრებით მოინდომა და მათი ძალისხმევის წარმატებით დასრულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბოლო წლებში უეფამ ფინალური ეტაპის მონაწილეთა რიცხვი 16-დან 24-მდე გაზარდა და იქ მოხვედრის პირობები რამდენადმე გააადვილა ეროვნული ლიგის შემოღებით. ისე კი, ევროპაში შეგვიყვანა კი არა, სამწუხაროდ, თუ მართალი გვინდა, ქართული ფეხბურთი ევროპაში სპორტის სხვა სახეობებზე რამდენადმე გვიან შევიდა.
ვიყოთ მართლები! აღვზარდოთ ევროპა ჩვენში!
ჩვენს ფეხბურთელებს რაც შეეხება, ბარაქალა მათ! მაგრამ ეს მხოლოდ მათი დამსახურება არ არის. მერვედფინალში მათ ამასწინანდელ გასვლას ამზადებდა 60-იანი და 70-იანი წლების ქართველ ფეხბურთელთა ბრწყინვალე თაობა, რომელთაგან არავის მოუვიდოდა თავში, რომ თუ თავდამსხმელმა გოლი გაიტანა ან თუ მცველმა თავდამსხმელს ბურთის გატანაში ხელი შეუშალა ან თუ მეკარემ ბურთი მოიგერია, ღირსების ორდენებისთვის შეჩერებოდნენ ხელში ან პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს ან ღია ავტობუსით ჩატარება ეთხოვათ თბილისში ქუჩებში! არადა მათ შორის იყვნენ ევროპის ჩემპიონებიც, ოლიმპიური ჩემპიონიც და პრიზიორებიც, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულებიც, მსოფლიოს ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელებიც...
მაშინ მართლა დანატრული ვიყავით ნამდვილ დღესასწაულებს და იქნებ ხანდახან გამართლებულიც კი იყო გამოგონილი დღესასწაულების – შვიდი ნოემბრებისა და პირველი მაისების ფონზე – მათი რაღაც სხვა, თუნდაც გამოგონილი დღესასწაულებით ჩანაცვლება, თუნდაც იტალიაში 0:1-ზე წაგების შემდეგ აეროპორტში წაგებულთა ყვავილების თაიგულებით დახვედრა.
მაგრამ ახლა ხომ მართლა სხვა თაობაა. მათ აღარ უკვირთ ევროპის უძლიერეს გუნდებთან ევროპის ნებისმიერ სტადიონზე შეხვედრა და არცთუ იშვიათად წარმატებასაც აღწევენ. ეს მათთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია, არა მოულოდნელი და თავისთავად სასიხარულო, არამედ მათი ყოველდღიური საქმე და საზრუნავი. კარგად თქვა, ფეხბურთელთა ამ თაობის ერთ-ერთმა ღირსეულმა წარმომადგენელმა გიორგი მამარდაშვილმა – მე ჩემს საქმეს ვაკეთებო. დიახ, ისინი თავის საქმეს აკეთებენ და ძალიან კარგად იციან, რა არის მოგება და რა არის წაგება!
როგორც ყველა ჩვენგანი, ისინიც თავ-თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ თუ ამ ჩვენ-ჩვენი საქმის კეთებაში, ქართველი ფეხბურთელები ოდესმე მართლა მოიგებენ ევროპის ჩემპიონატს, ყველას ვერ გავწვდები, მაგრამ მათ შორის საუკეთესოებს, თუ რამ ორდენი და ჯილდო მაბადია, უშურველად დავუთმობ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა თუ მათი ნებართვის გარეშე.
მე აქ გამარჯვება-დამარცხების გარჩევასა და გამარჯვების იერარქიაზე ვლაპარაკობ, თორემ სხვაზე ნაკლებად არ გამხარებია ქართველი ფეხბურთელების ეს საევროპო დებიუტი. როგორც კი გაყიდვაში გამოჩნდა, მაშინვე წავედი „დინამოზე“, კვარაცხელიას მაისურიც ვიყიდე და მამარდაშვილისაც. შვილიშვილებსაც ვუყიდე. მალე ალბათ ოლიმპიური ნაკრების ფორმაც მექნება, მაგრამ პარიზის ოლიმპიადაზე ამ მაისურსაც აუცილებლად წავიღებ. საამაყოდ და თავის მოსაწონებლად. ის ოთხი ღამეც, მეც ყველა ქართველი გულშემატკივრის მსგავსად ნერვიულობასა და აღფრთოვანებაში, ჩვენი ფეხბურთელების წარმატების სიხარულსა და მათი წარუმატებლობის გულისტკენაში გავატარე, მეც დავკარგე ხმა იმდენ ყვირილში და მეც მგონია, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად დასაწყისია და არა დასასრული. ჰოდა, ჯერ გადავხტეთ და „ჰოპ“ მერე დავიძახოთ და ტრიუმფები და დღეასასწაულები, სჯობს, მერე, მართლა გამარჯვებულებმა გავმართოთ.
აღვზარდოთ ევროპა ჩვენში!
რა თქმა უნდა, არც ერთ ფეხბურთელს არ მოატყუებს ეგზალტირებულ ზურნალისტთა აღფრთოვანებული შეძახილები, რომ თითქოს მთელი მსოფლიო ქართველ ფეხბურთელთა წარმატებაზე ლაპარაკობს და რომ თითქოს მათ შეუძლებელი შეძლეს, ან რომ მართლა საოცრება ჩაიდინეს ან რომ გუშინდელი დღე ნამდვილი სასწაული იყო!
მგონია, რომ ტელეჟურნალისტობაზე მეოცნებე ჩემი სტუდენტები, რომლებიც არ მოსწრებიან და მხოლოდ გადმოცემით იციან ტელევიზიის როლი ეგრეთწოდებულ „ვარდების რევოლუციაში“, ამ დღეებში საკუთარი თვალითა და ყურით დარწმუნდნენ, რომ სატელევიზიო სინამდვილე ხშირად ანაცვლებს ნამდვილ სინამდვილეს და მერე ამ სატელევიზიო სინამდვილის შემქმნელები თავადვე იჯერებენ თავისივე შექმნილ სინამდვილის ნამდვილობას და ამ უკვე იქაური წარმოსახვითი სინამდვილის წესებით იწყებენ ცხოვრებას. და მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვრცელდება საზოგადოების სულ უფრო და უფრო ფართო ფენებში, ნელ-ნელა ტყუილი სიმართლედ საღდება, ნამდვილი სიმართლისა აღარავის სჯერა, რაკი ის გამოგონილი ტყუილი უფრო საამურია და ბოლოს ყველაფერი ღია ხომალდით მთავრდება ხალხის ტალღებად აბობოქრებული თბილისის ქუჩებში მობილური ტელეფონით შეიარაღებული ლევან კობიაშვილით, როგორც ამ საფეხბურთო ვირტუალური ხომალდის მასკარონით.
ვიმეორებ, აქ არც ლევან კობიაშვილი და არც ევროპირველობიდან შინ დაბრუნებული ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. თითოეულმა მათგანმა თავისი მაქსიმუმი გაიღო, უამრავი ბედნიერი და საამაყო წუთი გვაჩუქა, გააკეთა ის და იმაზე მეტიც ვიდრე შეეძლო. დიახ ეს მათი მომავალი წარმატებების დასაწყისია, და ძალიან კარგი დასაწყისი. ვიმეორებ თუ ვიმესამებ – მათ მართლა ბევრი გააკეთეს ევროპაში და მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებით. დიაც, მათ საქართველოში ფეხბურთის სიყვარული და პატივისცემა დააბრუნეს. ამავე დროს ბევრს, მათ შორის ქალებსაც, გააცნეს ფეხბურთი, როგორც სპორტი და არა მხოლოდ სპორტი. ეს ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგი დასაწყისია, მაგრამ არა საზოგადოდ, არამედ ამ თაობის ცხოვრებაში. მაგრამ ქვეყნის ცნობიერება და მახსოვრობა, მისი ღირსება და წარმატებები ხომ მხოლოდ ერთი ან ორი თაობით არ განისაზღვრება! ქართველებს დიდი საფეხბურთო გამარჯვებებიც გვქონია, ძალიან დიდი, მართლა სატრიუმფო და საამაყო! ჯერ კიდევ ცოცხალია ამ გამარჯვებების არაერთი შემოქმედი.
ნეტა ახლაც საქართველოს ესპანეთისთვისაც მოეგო, გამიხარდებოდა კი არა, ცას ვეწეოდი სიხარულით. მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა. არ იყო ესპანეთი ისეთივე უმოტივაციო, როგორიც რამდენიმე დღით ადრე პორტუგალია. ამჯერად არც ვიდეორეფერი მოგვხმარებია და იღბალმაც ზურგი შეგვაქცია.
ხოლო გუშინდელი საავტობუსო ბალაგანიდან ერთი ნაბიჯია იმ ცრუდღესასწაულამდე, როცა რუსეთთან 2008 წლის ომში გამარჯვება გვაზეიმეს რუსთაველზე, როცა დიდი ზარ-ზეიმი გავმართეთ, რუსეთის ჯარს კუდით ქვა ვასროლინეთო, თბილისში არ შემოვუშვითო – თითქოს უნდოდა და ჩვენ არ შემოვუშვით! რაც უნდოდა, დღესაც მისია და კიდევ უმატებს და უმატებს, ერთი მხრივ, ჩვენი ზეიმებით, და შიშველი ტრაკებით გაოცებული, მეორე მხრივ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ კარგ გუნებაზე მყოფმა სადმე ერთი-ორი სახლი დაგვიბრუნოს ან ერთი სოფელი საზეიმოდ გადმოგვცეს. ჩვენი არტისტული ბუნების ამბავი რომ ვიცი, თქვენ დღესასწაული მაშინ ნახეთ! წაგებულ ომზე რა ზეიმი ავტეხეთ და ასეთ შემთხვევაში რას ვიზამთ, ადვილი წარმოსადგენია!
მაგრამ თუ ნამდვილი და ჩვენი გამოგონილი სინამდვილე კვლავაც ერთმანეთში უნდა აგვერიოს, ჯობია ეს ფეხბურთში მოხდეს და არა ომში!
ვხედავ დიდი დრო წაგართვით, ფეისბუქურადაც შეიძლებოდა თქმა, მაგრამ ამბავმა და სიტყვამ თავის ნებაზე მატარა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა, დიდი მადლობა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაცაში შეიძლება იქნებ მართალიც ვიყო, დიდი ბოდიში მათთან, ვინც თვლის, რომ ამაოდ გავისარჯე.
ღმერთმა ავტორიც და წამკითხველიც, ამ ტექსტის მომწონებელიც და დამწუნებელიც მრავალ ნამდვილ დღესასწაულს მოგვასწროს, სპორტულსაც და არასპორტულსაც!
2024_07_03
წყარო:  პაატა ნაცვლიშვილი ფეისბუკ გვერდი.
პაატა ნაცვლიშვილი - ქართველი მხატვარი და ჟურნალისტი. „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის“ დირექტორი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати