„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, პარლამენტში მუშაობას შეუდგებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია რაც უფრო სწრაფად გამოვლენ, უფრო სწრაფად ჩაერთვებიან საპარლამენტო მუშაობაში.
"გიორგი რურუა და ნიკა მელია გათავისუფლდებიან, მაგრამ გვინდა, ეს სწრაფად მოხდეს. მელიას თანხმობის გარეშე ძალით გირაოს არავინ გადაიხდის. შესაბამისად, უნდა მოიძებნოს ამ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც არ შეიქმნება წინააღმდეგობა. ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამწუთას გარეთ, ამიტომ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა.
მაგრამ რაც უფრო სწრაფად გამოვლენ ეს ადამიანები და ჩვენ ეს ვუთხარით ბატონ მიშელს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, ჩავერთოთ საპარლამენტო მუშაობაში. მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს, იმ თვალსაზრისით, რომ ეს დეესკალაცია და კრიზისის განმუხტვა ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაღაც სიჯიუტის გამო, ნუ შექმნიან ისეთ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს შეუშლის ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში იმ სულისკვეთებით ვმონაწილეობდით და ვმონაწილეობთ, რომ ყველა პირობა შესრულდეს. ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.