USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
ბაჩანა ჩაბრაძე-საფრანგეთში მოღვაწე მთარგმნელი, პოეტი და ფილოსოფოსი
Date:  1911
საფრანგეთში პირველად 1998 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი მულტიმედიის შემსწავლელი კურსების გასავლელად, რასაც მოჰყვა ნანტის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. შემდეგ პარიზში გადავედი, სადაც ვმუშაობდი დეკარტის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ბიბლიოთეკაში, ვადგენდი ციფრულ კატალოგებს და ვმონაწილეობდი ახალი წიგნების შერჩევაში. პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაციულ ცენტრში სპეციალური კურსები გავიარე “სუდოკის" ციფრული კატალოგების შედგენასა და ბიბლიოგრაფიული "უნიმარკის" ფორმატში დასახელოვნებლად. ყველა სამსახურის პარალელურად, რომლებსაც ხშირად ვიცვლიდი, არასდროს შემიცვლია ერთი საქმე, ერთი გატაცება – თარგმნა. ვთარგმნიდი ყველგან და ყოველთვის, როცა და სადაც ამის საშუალება მქონდა. პროფესიის არჩევაც თარგმნის უპირობო სიყვარულმა განაპირობა.
 
ვცდილობ, ისეთ ტექსტებს მოვკიდო ხელი, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს. სამოცდაათზე მეტი ავტორიდან, რომელთა ნაწარმოებებიც მაქვს ნათარგმნი, ჩემთვის ყველა გამორჩეულია, თუმცა მათგან გამოვყოფდი 2015 წელს გამოცემულ კრებულს “ფრანგული შანსონი”, გიიომ აპოლინერის პიესას “ტირესიასის ჯიქნები” და ალფრედ ჟარის პიესას “იუბიუ მეფე”. ასევე გამოვარჩევდი თანამედროვე ავტორების, აპოლინერის პრემიის ლაურეატ ლინდა მარია ბაროსის, პოლინ პიკოსა და ჰაიკე ფიდლერის ლექსებს.
 
სულ ახლახან, პარიზში, გამომცემლობა ლ’ენვანტერმა (éditions l'Inventaire) გამოსცა ჩემ მიერ თარგმნილი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების კრებული « Je suis nombreuses » ("მე ბევრი ვარ"), რომელიც თხუთმეტი ავტორის ბიოგრაფიებსა და ლექსებს აერთიანებს. კრებული 8 მარტიდან გაიყიდება საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და კანადაში. ეს არის ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემა, რომელიც ფრანგ მკითხველს ექსკლუზიურად თანამედროვე ქართველ პოეტ ქალებს გააცნობს. წიგნის გარეკანს ამშვენებს საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი მოქანდაკის, ჯოტი ჯემალ ბჟალავას ქანდაკების "ქართული მითოლოგიური პერსონაჟი - ნადირობის ქალღმერთი დალი" რეპროდუქცია. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს წიგნი წვლილს შეიტანს პარიზის წიგნის სალონზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის, წარმოჩენაში.
 
ამჟამად, ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ. მალე, პარიზში, გამომცემლობა ლა ტრადუკტიერი (La Traductière) გამოსცემს ჩემ მიერ ფრანგულად თარგმნილ, პაატა შამუგიას პოეტურ კრებულს « Schizo-poèmes » (“შიზო ლექსები”). ასევე ვმუშაობ ქართული პოეზიის სხვა თარგმანების კრებულებზეც. ფრანგულიდან ქართულად თარგმნასაც არ ვაკლებ ხელს. თბილისში ვგეგმავ აბსურდის თეატრის ტრილოგიის ქართული თარგმანის გამოცემას, რომელიც სამ დრამატურგს გააერთიანებს: ალფრედ ჟარის, გიიომ აპოლინერსა და მიშელ დე გელდეროდს. ასევე ვაპირებ ანტონენ არტოს თეორიული ნაშრომის, “თეატრისა და მისი ორეულის” თარგმანის კრებულად გამოცემას.
 
თარგმნა, ჩემთვის, გარდა იმისა, რომ საყვარელი საქმეა, წარმოადგენს განსხვავებულ კულუტურათა ერთმანეთთან დაკავშირების უნიკალურ საშუალებას. ეს ნიშნავს კულტურათა გაცვლას, მეტ დიალოგს, მეტ საერთო პროექტს და მეტ გახსნილობას. ეს გაცვლა კი ორივე ქვეყანას უნდა წაადგეს, რადგან პროგრესის გზა განსხვავებულ სამყაროთა ურთიერთგახსნილობაზე გადის.
 
კარგ მთარგმნელს სჭირდება ინტენსიური რეფლექსიის, კომბინაციების ძიების, და რაც მთავარია, ამ კომბინაციებიდან საუკეთესოთა ამორჩევის და ნაკლებად კარგების გაფილტვრის უნარი. თარგმანში ყოველი აქტი უნიკალურია. თუ მთარგმნელმა მოცემულ მომენტში გამოსავალი თავად ვერ იპოვა, თარგმნის სახელოსნოები მას ვერანაირად დაეხმარება. აქ იგი საკუთარი ინტუიციის ამარა რჩება და არ ითვალისწინებს მხოლოდ ლინგვისტურ წესებს, არამედ კულტურულ ელემენტებს, ტერმინის ფართო გაგებით, რადგან ყველა ენა თავისებურად ანაწევრებს, აღიქვამს და გამოხატავს სამყაროს. არ არსებობს ზოგადი წესი. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ცალკეულ შემთხვევებში, ენის შესაძლებლობებისა და განსაკუთრებით იმის მიხედვით, თუ რა ინტერპრეტაციას უკეთებს პასაჟს კონკრეტული მთარგმნელი. ვინ მოიხელთებს იმ კოგნიტურ პროცესებს, რაც ერთი ენიდან მეორეზე ნებისმიერ რეპროდუქციას ახლავს და რომლებიც ლინგვისტიკას, ლიტერატურას, ფილოსოფიასა და კიდევ ვინ იცის, რას შორის ბარბაცებს?! მთარგმნელს ასევე სჭირდება კრიტიკისადმი გამძლეობის უნარი, ერთგვარი იმუნიტეტი, რომლითაც იგი ამ კრიტიკას დადებითი ენერგიით აისხლეტს და ყოველ ჯერზე უკეთ თარგმნის. მკითხველი და ლიტერატურული საზოგადოება მთარგმნელის მიმართ ზედმიწევნით მომთხოვნია, რამდენადაც შეუძლია, მისი დიდი შრომა არ შეიმჩნიოს, მაგრამ მიკროსკოპული უზუსტობა არ აპატიოს მას, რომ არაფერი ვთქვათ თარგმანში "სიზუსტის" ცნების ბუნდოვანებაზე. თარგმნის ხელოვნებაში ძალიან ცოტა რამ არის ცხადი. აქ უფრო ეჭვებია, გაურკვევლობები. მთარგმნელები ყოველ ნაბიჯზე "ვაჭრობენ". ვაჭრობა აქ ნიშნავს მომგებიანი არჩევნის გაკეთებას - დანაკარგების და კომპენსაციების ევალუაციას. ზოგჯერ, გამოხატვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსის სუბსტანცია. ამიტომ მთარგმნელს შეუძლია, განსაკუთრებით პოეზიაში, უარი თქვას სიტყვასიტყვით თარგმნაზე და გადაარჩინოს ბგერითი ეფექტი, ტემპი თუ რითმა. სიტყვები ქმნიან სამყაროებს. მთარგმნელმაც უნდა შექმნას იგივე სამყარო, რაც დედნის ავტორმა, თუნდაც სხვა სიტყვებით. მთარგმნელებს, როგორც წესი, უწევთ იმაზე მეტის კეთება, ვიდრე თარგმნაა. აქ იგულისხმება მოსამზადებელი პერიოდი, სათარგმნი ტექსტის საფუძვლიანად შესწავლა, ავტორის სხვა ტექსტების გაცნობა, სხვა ენებზე არსებულ თარგმანებთან შედარება და ზოგჯერ, დემარშებიც რეპროდუქციის უფლებისთვის. მსგავს მომენტებს, ხშირად, მეტი დრო მიაქვს, ვიდრე წმინდად თარგმნას.
 
ჩვენს პირობებში, ამ კარგ და საჭირო საქმეს მთარგმნელებს კიდევ უფრო ურთულებს ის ფაქტი, რომ მათ მუშაობა უხდებათ მოუმზადებელ ველზე, სადაც ხშირად, ლექსიკურ უდაბნოში უწევთ მთელი რიგი ტერმინოლოგიური ოაზისების აღმოჩენა. და ეს ხდება მთავარი გამოწვევის, ზოგადად თავად თარგმნის ბუნდოვანი და მოუხელთებელი სპეციფიკის ფონზე.
მთარგმნელობით საქმიანობაში, წარმატება, გაყიდული წიგნებისა და მიღებული ლიტერატურული პრემიების რაოდენობაზე მეტად, კრიტიკული გამოხმაურებების სიმრავლითა და ხარისხით იზომება. ცხადია, წმინდად პროფესიულ წარმატებას ვგულისხმობ, თორემ ანაზღაურებული პროექტებისა და სათარგმნის მუდმივად ქონაც უკვე წარმატებაა. ჩვენი ტექსტების უცხოეთში გასატანად, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ თარგმნა არ კმარა, საჭიროა უცხოელ გამომცემლებთან აქტიური ურთიერთობა და გამოცემებზე მათი დათანხმება. ჩემი პროექტების ფარგლებში, მე ვთანამშრომლობ ფრანკოფონურ თუ ქართულ დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, რომელთა გარეშეც ამ პროექტების უმრავლესობა ვერ განხორციელდებოდა. საგამომცემლო პროექტის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა სხვადასხვა მხარეთა აქტიური პარტნიორობა. სხვანაირად, მთარგმნელი მარტო აღმოჩნდება მრავალი ტექნიკური გამოწვევის წინაშე, რაც ამ საქმიანობას ახლავს, და ნაკლები დრო დარჩება ტექსტებზე კონცენტრირებისთვის.
 
დამწყებ მთარგმნელებს მინდა ვუთხრა, რომ შრომას აუცილებლად მოაქვს წარმატება. თარგმნონ, რაც შეიძლება ბევრი და რაც შეიძლება განსხვავებული სტილის ტექსტი. ეს მრავალფეროვნება მათ უთუოდ აპოვნინებთ საყვარელ ჟანრს და დაუხვეწთ გემოვნებას. ნუ შეუშინდებიან ერთი და იმავე ტექსტის ზღვა შესაძლო ვერსიის არსებობას. პირიქით, ეს მათ საკუთარი ხედვის, საკუთარი გემოვნების გამოხატვის ამოუწურავ საშუალებას მისცემს. ეს კი საქმიანობას უაღრესად საინტერესოს გახდის. და რა არის იმაზე სასურველი, ვიდრე საინტერესო საქმის კეთებაა!
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way