USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას წელს 3.5%-ით ვარაუდობს
თარიღი:  970

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-თ არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, - ამის შესახებ ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. აზიის განვითარების პროგნოზით, ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს, რადგან ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს.

“როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს. ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი 7 პროცენტამდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს.

მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს.

მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით.

ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა საფერმო მეურნეობის ცოდნის, კავშირების, ფინანსებთან წვდომისა და ტექნიკური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბაზარზე წვდომის გამარტივება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.

მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს ინვესტიციების წახალისება საირიგაციო სისტემებში, პროდუქტიულობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის საექსპორტო ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

https://www.adb.org/

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის