USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
აზერბაიჯანული მედია: განჯა ცეცხლის ქვეშ მოექცა, არის მსხვერპლი
Date:  704

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

თურქული ტელეარხის, TV 100-ის კადრებში ჩანს, რომ ამჟამად [05:00] სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

აზერბაიჯანული გამოცემა Apa წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი შენობები, დაზიანებულია მაღაზიები და ავტომობილები.


ამას წინ უძღოდა სომხური მხარის მიერ სხვადასხვა ქალაქის დაბომბვაზე განცხადება: „იმის მიუხედავად, რომ არცახის თავდაცვის არმია მიჰყვება ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც მოსკოვში დაიდო, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სტეფანაკერტის, ჰადრუთის, მარტუნის და სხვა დასახლებების დაბომბვას“, – დაწერა ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ.

დე ფაქტო სამინისტრომ ასევე უარყო განჯის „მიზანში ამოღება“, თუმცა ეს განცხადება აზერბაიჯანული მხარის მიერ რამდენიმე საათით ადრე გაკეთებულ განცხადებაზე პასუხი იყო. ჯერჯერობით განჯაში ბოლო მოვლენებზე საპასუხო განცხადებები ერევნის/სტეფანაკერტის მხარეს არ გაუკეთებია.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ყარაბაღის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფმა 10 ოქტომბრის დილას ქალაქ ჰადრუთში შეაღწია და ორი მშვიდობიანი მოქალაქე — დედა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი — საკუთარ სახლში მოკლა.

ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ „სომხური მხარე ვერ ახერხებს შეეგუოს ჰადრუთის დაკარგვას“. უწყების თანახმად, სომხეთი ამ ადამიანების სახელებს არ ასახელებს, რადგან ისინი „არ არსებობენ და გამოგონილები არიან“.

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესპიკერმა კი განაცხადა, რომ მარტუნი, შუში (შუშა) და სხვადასხვა სოფლები ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.


მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ.

ამასთან, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობების დამატებით შეთანხმებაზე მორიგდნენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დამატებით მოლაპარაკებებზე გამოხატეს მზაობა.

თუმცა, 12:00 საათი უკვე შესრულდა, რის შემდეგაც მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმს.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way