USD 2.6005
EUR 2.9154
RUB 3.0545
თბილისი
აზა მანთაშაშვილი-ამერიკაში მცხოვრები ექიმი
თარიღი:  1831
დავიბადე და გავიზარდე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ, თბილ და უნიკალურ ქვეყანაში. საშუალო განათლება ნგრევისპირას მისულ საბჭოთა საქართველოში მივიღე, უმაღლესი სამედიცინო განათლება კი დამოუკიდებლობის გზაზე ახალშემდგარ საქართველოში. ამ გარდამავალი პერიოდით გამოწვეული მორღვეული განათლების სისტემის პირობებში პროფესიული ცოდნის მიღების დეფიციტი ბუნებრივიც იყო. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების და საექიმო ლიცენზირების შემდგომ პრაქტიკოს ექიმად დავიწყე მუშაობა. მეც, ისევე როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდების უმეტესობას, პროფესიული სიახლეების გასაცნობად უცხოეთისკენ მეჭირა თვალი. უცხოური სამედიცინო ლიტერატურის და კონფერენციების გზით ვეცნობოდი ნეირომეცნიერების, მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიის სიახლეებს. ასეთ რევოლუციურ სიახლეებს შორის იყო QEEG., TMS, NF, BF, TDCS, MS. მეცნიერების სიახლეების ფეხდაფეხ მიყოლამ საგრძნობლად შეცვალა ჩემი ხედვები მენტალური ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ. ახალი ცოდნის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებში ბიოფიდბექისა და ფსიქოთერაპიის სინქრონულ გამოყენებას. მეთოდს წარმატებით ვიყენებდი ჩემს საექიმო პრაქტიკაში და მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევდი. ჩემი მეთოდი ეყრდნობოდა სხეულისა და გონების მჭიდრო და ჰარმონიული ერთიანობისა და მთლიანობის პრინციპს.
 
მოვიპოვე და შევისწავლე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების და უნივერსიტეტების უახლეს კვლევებზე დაყრდნობილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორია ტვინის ფიზიოლოგიასა და ფსიქიკას შორის ურთიერთკავშირი, როგორია ტვინის აქტივობა ამა თუ იმ ქცევის ან ემოციის დროს და როგორ შეიძლება შევცვალოთ პაციენტის ემოციური და მენტალური მდგომარეობა ტვინის აქტივობის შეცვლის გზით. ასევე როგორ შეიძლება სხეულის სახვადახვა პარამეტრის, მაგალითად სუნთქვის პატერნის ან კანის წინაღობის შეცვლით შევცვალოთ ტვინის აქტივობა და აქედან გამომდინარე პაციენტის მენტალური მდგომარეობა. მოპოვებულ ინფორმაციეზე დაყრდნობით შევქმენი მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინოვაციური თეორიული მოდელი და საკუთარი კლინიკის დაფუძნების გეგმა დავსახე.
 
ზუსტად არ ვიცი რამ, ამ გეგმის პრაქტიკულად განხორციელების სურვილით გამოწვეულმა მოტივაციამ, ჯანსაღმა ამბიციამ, ბედმა თუ ამ ყველაფერმა ერთად, 2014 წელს ოკეანე გადმოლახა და აღმოვჩნდი ნიუ იორკის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში -BRAIN WELLNESS CENTER- ში, რომლის სპეციალური მოწვევით ჩამოვედი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აპარატურული მეთოდების შესასწავლად სამი თვით. მიზანი ძალიან ნათელი იყო: ცოდნის დაგროვება, საქართველოში დაბრუნება და საკუთარი კლინიკის დაარსება. BWC - ში სრულად ჩავერთე სამედიცინო-პრაქტიკულ და კვლევით პროცესში, რაც უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა. ექიმ ასიფისგან უზომოდ ფასეული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ასევე მომეცა საშუალება მანამდე დაგროვილი ცოდნის და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა. ეს იყო პროცესი, სადაც ერთმანეთის მეთოდების გაერთიანებით დღითი დღე ვქმნიდით ერთობლივ მეთოდოლოგიას და ვაღწევდით წარმატებას ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენი კლინიკისა და მეთოდის შესახებ დაწერეს ვაშინგტონ პოსტში. ეს დიდი და მნიშვნელოვანი საერთო აღიარება იყო. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო როდესაც მივიღე შემოთავაზება დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა მუშაობა BWC- ში. დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა არასოდეს შემიწყვეტია ფიქრი ჩემს მთავარ გეგმაზე, რომელიც მოგვიანებით წარმატებით განვახორციელე. 2016 წელს თბილისში გავხსენით BWC NY - ის ფილიალი BWC-GEORGIA, სადაც BRAINWELLNESS მეთოდოლოგია დავამკვიდრეთ. ეს იყო დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. სამომავლოდ ვაპირებთ ამ მეთოდის უფრო ფართოდ გავრცელებას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
 
უზომოდ საინტერესო სამედიცინო პროცესის მიუხედავად თანდათან აშკარა ხდებოდა რომ მხოლოდ ცოდნით და ქართული საექიმო ლიცენზიით აშშ-ში ლიმიტირებული ვიქნებოდი და მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩამებარებინა უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე მენტალური ჯანმრთელობის კანცლერის სპეციალობაზე-MMHC. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, სირთულეებით სავსე მაგრამ ფუნდამენტური ცოდნის მიღების და ამერიკულ სიტემაზე ლეგალურად მორგების არაჩვეულებრივი გზა.
 
ადამიანის ცნობიერება, ფსიქიკა და მენტალური ჯანმრთელობა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მოგვიანებით გავაანალიზე რომ თითოეული ადამიანის ცნობიერება ნაწილია საზოგადოების და სამყაროს ფართო ცნობიერებისა. მეტიც, ქმნის მას და უცვლის მიმართულებას და ხასიათს. მენტალურად ჯანსაღი ადამიანი ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას და ჯანსაღ სამყაროს. ასე რომ ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო მეტად გლობალური თემაა, ვიდრე კონკრეტული პაციენტის მკურნალობა. ეს ზოგად ცნობიერებაზე და სამყაროზე ზრუნვაა.
მოგეხსენებათ, მედიცინა მტკიცებითი მეცნიერებაა. ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომ მკურნალობა ხდება ორგანოებისა და ორგანოთა სისტემის ფიზიოლოგიური მონაცემების შესწავლითა და გაანალიზებით. ვიცით რომ ტვინის აქტივობა დიდწილად პასუხისმგებელია ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ მენტალური და ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისათვის საფუძვლიანად არ შეისწავლებოდა ტვინის ფიზიოლოგია და აქტივობა. დღეს ნეირომეცნიერების უახლესი ცოდნა და უთანამედროვესი მეთოდები უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა. BWC- ში ჩვენ ვიყენებთ ჩვენს საკუთარ BRAINWELLNESS მეთოდოლოგიას, რომელსაც დავარქვით ,,HAZA’’ და რომელიც ნეირომეცნიერების უახლეს ცოდნაზეა დაყრდნობილი. იგი აერთიანებს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა უახლეს მეთოდს : (ჩამოვთვლი) მეთოდოლოგია შედგება ორი ნაწილისაგან: დიაგნოსტიკა და მკურნალობა. QEEG, ტვინის სკანირება და ტვინის რუკირება, დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. ვიღებთ საფუძვლიან ინფორმაციას პაციენტის ტვინის აქტივობის შესახებ და ვაანალიზებთ ამ აქტივობით გამოწვეულ ემოციას და ქცევის თავისებურებებს. მხოლოდ დიაგნოსტიკა არაფერი იქნებოდა მას რომ არ მოსდევდეს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მკურნალობა ისეთი ინივაციური მეთოდებით როგორიცაა: TMS, NEUROFEEDBACK, BIOFEEDBACK, TDCS, MIKROTESLA, ნეიროფსიქოთერაპია. ეს უახლესი არაინვაზიური აპარატურული მეთოდები საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ტვინის კონკრეტული უბნის აქტივაცია ან დეაქტივაცია, ანუ შევცვალოთ ტვინის ფიზიოლოგია. ნეირიფიდბექი (NF) შემდეგი პრინციპით მუშაობს: ტვინს უნარი აქვს ისწავლოს ახალი ჩვევები და ახალი ნეირონული ქსელების წარმოქმნის შედეგად ჩამოიყალიბოს ახალი ელექრტოფიზიოლოგია. ამ პროცესის განმეორებითობას მივყავართ ტვინის ახალი ნეირონული კავშირებისა და ნეირონული ქსელების კიდევ უფრო გამყარებამდე. შედეგად უმჯობესდება პაციენტის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა. ჩვენს ცენტრში კლასიკური მედიკამენტოზური მკურნალობაც აპარატურული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებზე დაყრდნობით ხდება, რაც ნამდვიად უნიკალურია ამ სფეროში. BWC -ში მოგვმართავენ პაციენტები სხვადასხვა მენტალური პრობლემით, როგორიცაა: დეპრესია, შიშები, შფოთვითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა, პანიკური შეტევები, ადიქცია და სხვა.
 
BWC- ში ვხელმძღვანელობ ნეიროფსიქოთერაპიის და ნეიროფითბექის დეპარტამენტს. პაციენტებთან მუშაობის პროცესი, რომელსაც დღეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უჭირავს არის უზომოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე. ეს არის სფერო, რომელიც დღითიდღე ვითარდება. ფეხდაფეხ მივყვები ყოველდღიურ ინფორმაციას და კვლევებს და ვიყენებ მათ პრაქტიკულ საქმიანობაში. ყოველდღიურად ვგრძნობ რომ ახალი მეცნიერების შენებაში ვმონაწილეობ, ვსწავლობ და სიამოვნებით ვუნაწილებ ცოდნას კოლეგებს კონფერენციებზე მოხსენებების და ტრენინგების მეშვეობით.
 
მენტალურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღითიდღე აქტუალური ხდება მთელს მსოფლიოში. გავაანალიზე რა უკიდურესად დიდი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, 2021 წელს დავაფუძნე საკუთარი მენტალური ველნესს ცენტრი ,, NEW MIND- NEW YOUK ‘’, სადაც დავნერგე ,,HAZA’’ მეთოდოლოგიის ველნეს მიმართულება. ცენტრი უზრუნველყოფს იმ კატეგორიის პაციენტებზე ზრუნვას, რომლებსაც შედარებით მსუბუქი ფსიქოლოგიური სიმპტომები აწუხებთ და მედიკამენტოზური ჩარევა არ ესაჭიროებათ. ჩვენს ველნეს ცენტრში ნეიროფსიქოთერაპიითა და ინოვაციური აპარატურული ჩარევით ისინი მცირე დროში წარმატებით დაამარცხებენ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
 
2022 წელს ჩამოვაყალიბე ფონდი ,,MENTAL WELLNESS FOUNDATION ‘’. ფონდი უზრუნველყოფს იმ პაციენტების მკურნალობას, რომლებსაც ფინანსურად ხელი არ მიუწვდებათ ჩვენს ცენტრებში მკურნალობა ჩაიტარონ. ფონდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მზარდი და უდიდესი კეთილი ამბიციის მატარებელი.
 
ყველა ადამიანს მისი ფუნქცია აქვს სამყაროში და ყველას გზა უნიკალურია, ამ ფუნქციის მისაგნებად და საკუთარი თავის საპოვნელად. მახსოვს ყველა ადამიანი ვინც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ნებსით თუ უნებლიედ ჩემი ცხოვრება და ჩემი პიროვნება შექმნა. ყველაზე მთავარი კი ის სიყვარულით სავსე გარემო იყო, რომელიც ჩემმა უძვირფასესმა მშობლებმა და ოჯახმა მაჩუქა. დიდი მადლობა მათ ამისთვის. სიყვარულით გარემოცული ადამიანი ცხოვრებისეულ გამოწვევებს უფრო მარტივად ართმევს თავს. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერებით სავსე თვალებია. ვფიქრობ, რომ ეს თვალები იმგვარ ენერგიას აფრქვევენ, რომ მთელი ცხოვრების გზის განათება შეუძლიათ. ესაც ჩემი გამოცდილების ნაწილია.
 
ემიგრაციას, ისევე როგორც ყველა მოვლენას და პროცესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. განსხვავებული საზოგადოება, განსხვავებული კულტურა და სისტემა, საყვარელ ადამიანებთან დაშორება და ახალ გარემოში გადარჩენის აუცილებლობა საკმაოდ დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. აშშ -ში ცხოვრებამ და მოღვაწეობამ სირთულეებთან ერთად უზომოდ დიდი პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები მომიტანა, მაზიარა სრულიად განსხვავებულ, გლობალურ ხედვებსა და აზროვნებას. დღემდე საკუთარი თავის აღმოჩენაში ვარ..
 
9 წელია რააც ნიუ იორკში ვცხოვრობ. თავს ემიგრანტს არ ვუწოდებ. არ მსიამოვნებს ეს სტატუსი. გულწრფელად მჯერა, რომ ეს დროებითია და რომ ერთ დღეს ჩემს ოჯახთან ერთად შინ დავბრუნდები და მთელ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს მოვახმარ. მე მაქვს ერთი დიდი ოცნება რომლისაც მჯერა: წარმოიდგინეთ დრო, როცა ყველა გაძლიერებული, გამდიდრებული და პროფესიულად შემდგარი ქართველი მთელი მსოფლიოდან საქართველოში დაბრუნდება. წარმოიდგინეთ ამ უზარმაზარი ენერგიით და რესურსით გაძლიერებული და გახარებული საქართველო. მოდით ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ მოვახერხოთ ეს. მთავარია დავიჯეროთ და ეს ოცნება რეალობად იქცევა.
მიყევი ბმულს - Speech • სფიჩი
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის