ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან თბილისის გრანდ სლემზე გააცილეს.
გაცილების საზეიმო ღონისძიება წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის გაიმართა. ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. 2014 წელს ის მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს.
"დღეს აქტიური სპორტიდან ავთანდილ ჭრიკიშვილი გავაცილეთ.
ძიუდოს ლეგენდამ დარბაზამდე გზა მომავალი ძიუდოისტების მიერ მისთვის მოწყობილ საპატიო დერეფანში გამოიარა. როგორც ახალი თაობისთვის, რომელიც მის ნაკვალევზე იზრდება, ისე დიდი ჩემპიონისთვის, რომელიც დაემშვიდობა აქტიურ სპორტს და მიზნად მომავალი ძიუდოისტების გაზრდა დაისახა, ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია და ბედნიერება. მანამდე ჩვენ ყველამ ერთად თვალი მივადევნეთ ავთოს კარიერის საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟს და მისმა საოცარმა და სანახაობრივმა სტილმა კიდევ ერთხელ ყველა აღგვაფრთოვანა.
ავთანდილ ჭრიკიშვილს სპორტიდან გაცილების ცერემონიალზე გადაეცა სპეციალური პრიზები: IJf-ისგან ჯიგორო კანოს ტატუეტი, ხოლო საქართველოს ძიუდოს ფედერაციისგან - დიდების მედალი და სპეციალურად მისთვის დამზადებული ჭადრაკი. ლეგენდარულ ძიუდოისტს სამახსოვრო სიმბოლური საჩუქარი გულშემატკივრის სახელით ძიუდოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბისგანაც გადაეცა.
ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილის ბრწყინვალე კარიერის შესახებ ისაუბრა:
”ის არის ქართული ძიუდოს და მთლიანად ქართული სპორტის გმირი და ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი მაგალითი. მისი ტიტულები - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ჩვენში უდიდეს სიამაყეს იწვევს. სამწუხაროდ, ოლიმპიურ თამაშებზე პატარა შეცდომის გამო ვერ შეძლო ამ ტიტულის მოპოვება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ის გაზრდის მომავალ თაობაში ასეთს არაერთს. მისი ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება მომავალ თაობას გახდნენ მისნაირნი და თუნდაც მასზე უკეთესნიც"
ავთანდილ ჭრიკიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერა უკვე დაწყებული აქვს და ბავშვებთან მასტერკლასებს ატარებს.
”მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მომცა საშუალება ჩემი მიზნები და ოცნებები ამესრულებინა. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს მწვრთნელებს, ჩემს ექიმებს, ფედერაციის მთელ პერსონალს - მათ გარეშე ვერასდროს შევძლებდი ამ ყველაფრის მიღწევას. ბევრს მივაღწიე როგორც სპორტსმენმა და ახლა მსურს, იგივე გავიმეორო როგორც მწვრთნელმა"
ცერემონიის დასრულებისას ავთანდილ ჭრიკიშვილი პატივისცემის ნიშნად გურამ თუშიშვილმა და გიორგი ბერიაშილმა მხრებზე აიწიეს და ისე გააცილეს დარბაზიდან, ხოლო მათ უკან მომავალი თაობა მიაცილებდა. ფეხზე იდგა მთელი დარბაზი და ავთოს ოვაციებითა და შეძახილებით უხდიდა მადლობას.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ავთანდილ ჭრიკიშვილს ყველაფრისთვის და წარმატებულ სამწვრთნელო საქმიანობას უსურვებს"