ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბალხის პროვინციის დედაქალაქი მაზარ-ი-შარიფი რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, აბას ებრაჰიმზადას განცხადებით, ბალხის პროვინციის სამთავრობო ჯარები მოწინააღმდეგეს პირველები ჩაბარდნენ, რის შემდეგაც პროსამთავრობო მოხალისეობრივ დაჯგუფებებს წარმატების მიღწევის შანსი აღარ ჰქონდათ. მისივე თქმით, ახლა პროვინციის ყველა სამთავრობო უწყება, მათ შორის გუბერნატორის ოფისი თალიბების განკარგულებაშია.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდთან ერთად ავღანეთში შექმნილი სიტუაცია განიხილა. ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართულ თათბირს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც ესწრებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადეს.
„დღეს დილით პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გამართეს ვიდეოკონფერენცია ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო ავღანეთიდან ამერიკელი სამოქალაქო პირების გამოყვანის პროცესი, სპეციალური იმიგრაციული ვიზების მთხოვნელთა ევაკუაცია და სიტუაციის განვითარების მონიტორინგი“, - აცხადებენ თეთრ სახლში.
ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან ერთად თათბირს ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალუ მარკ მილი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის თანაშემწე ჯეიკ სალივანი და შიდა უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ელიზაბეტ შერვუდ-რენდალი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/