USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“
дата:  212

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

аналитика
«TRT-Turkish Radio and Television Corporation» (თურქეთი): „დონალდ ტრამპის გამარჯვება და აშშ“

თურქეთის სახელმწიფო რადიოტელევიზიის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) საიტზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის გამარჯვება და აშშ“ (ავტორი - ჯან აჯუნი, ანალიტიკური ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მედია საარჩევნო პროცესის განმავლობაში დემოკრატიული პარტიის კანდიდატს კამალა ჰარისს მუდმივად გამარჯვებულად წარმოაჩენდა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 47-ე პრეზიდენტი გახდა. მან კანდიდატ კამალა ჰარისის წინააღმდეგ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებულ კონგრესის არჩევნებში, რესპუბლიკელებმა სენატში 51 ადგილით უმრავლესობა მიიღეს. ამრიგად, რესპუბლიკელებმა დიდი ძალაუფლება მოიპოვეს აშშ-ის პრეზიდენტობის, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მოპოვებით. 20 იანვრამდე გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება, ამასობაში კი ტრამპის მთავარი გუნდიც ყალიბდება. როგორც მოსალოდნელი იყო, წინა პლანზე რადიკალი ტრამპისტები და  სიონისტური ფიგურები გამოდიან.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა აშშ-ის საზოგადოების ღრმა გახლეჩა, უზარმაზარი დაპირისპირება და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგებმა დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ამერიკელები, რომელთა უმრავლესობას თეთრკანიანი საშუალო კლასის მამაკაცები შეადგენენ, მაგრამ ბევრ სხვა ჯგუფში ღრმა შეშფოთება გამოიწვია. მკაცრი პოლიტიკური კლიმატი დადონალდ  ტრამპის მომავალი ნაბიჯები ამ კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი პირველ რიგში ფოკუსირდება იმ ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომლებმაც მის წინააღმდეგ სასამართლო კონსპირაცია და სხვა დაბრკოლებები შექმნეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ათიათასობით ფედერალური მოხელის გათავისუფლებაა მოსალოდნელი. ასევე, ის გადადგამს საკამათო ნაბიჯებს თავისი სოციალური ბაზის ღირებულებების დასაცავად. აშშ-ში საზოგადოებრივი დაპირისპირება და სიძულვილი ტრამპის პერიოდში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. სისტემის მოთამაშეები არ დაელოდებიან გაწმენდას და საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ. უნდა გვახსოვდეს, რომ საარჩევნო პროცესში ტრამპზე ორჯერ განხორციელდა თავდასხმის მცდელობა.

საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი დიდ სამხედრო ავანტიურებში ჩაერთვება. ის უფრო მეტად ჩინეთის ეკონომიკურ დასუსტებაზე იქნება ფოკუსირებული. ის შეეცდება რუსეთ-უკრაინის ომის „გაყინვას“. ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად ისრაელის უფრო მკაფიო მხარდაჭერისა, ნაკლებად სავარაუდოა ირანის წინააღმდეგ დიდი სამხედრო ოპერაციის დაწყება. აქ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება სიონისტების გავლენა ტრამპზე. ტრამპის მთავარი გუნდი არ შედგება მხოლოდ ფანატიკოსი ქრისტიანი წევრებისგანს, როგორც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი; ჩანს, რომ ახალი პროფილები სერიოზულად რადიკალი სიონისტი ფიგურებისგან შედგება. სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მაიკლ უოლცი, და გაეროში მუდმივ წარმომადგენლად რესპუბლიკელი კონგრესის წევრი ელის სტეფანიკი არიან წამყვანი კანდიდატები. ამ პირების საერთო მახასიათებელია მათი რადიკალური წინააღმდეგობა ჩინეთისა და ირანის მიმართ, ასევე ისრაელის უკიდურესი მხარდაჭერა.

თურქეთთან მიმართებაში შედარებით დადებითი პროცესი შეიძლება დაიწყოს. განსაკუთრებით ერდოღან-ტრამპის პირადი ურთიერთობა შეიძლება პოლიტიკურ სარგებელში გადაიზარდოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის მიერ PKK/YPG-ის მხარდაჭერის შეწყვეტა სირიაში. თუმცა, ტრამპის კაბინეტში ამ დრომდე წამყვანი ფიგურები არ შეიძლება ჩაითვალონ თურქეთის მეგობრებად.

წყარო: https://www.trt.net.tr/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати