USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
აუკრძალავს თუ არა თბილისი რუსულ „ბიბლიო გლობუსს“ საქართველოში მუშაობას?
Date:  1496

რუსეთის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია „ბიბლიო გლობუსმა“, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, კოტეჯური ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ტამიშში, 12,5 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ზღვის სანაპიროსაც მოიცავს, მრავალფუნქციურ სივრცეში, 150 თანამედროვე ტიპის კოტეჯი შენდება.

ჯამური ინვესტიცია კი 350 მილიონი რუსული რუბლი, დაახლოებით, 4,7 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობას ასევე რუსული კომპანია „მოდულ-ა“ აწარმოებს.

"ბიბლიო გლობუსის" მრავალფუქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობის ადგილი სოფელ ტამიშში
"ბიბლიო გლობუსის" მრავალფუქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობის ადგილი სოფელ ტამიშში

ტამიში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ასლან ბჟანიას მშობლიური სოფელია. აფხაზური წყაროების ცნობით, მიწა, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, “25 წლიანი არენდით”, ანკლავში „რეგისტრირებულ“ შპს „ოქროს სარწმისი 2020“-ს გადაეცა, რომლის უკან ბჟანიას ოჯახი და გარემოცვა დგას.

უკანონო მშენებლობაში ბჟანიას პარტნიორი „ბიბლიო გლობუსის“ მეპატრონე, მულტიმილიონერი ალექსანდრ ტუგოლუკოვია. ბჟანიაც და ტუგოლუკოვიც გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) უმაღლეს სკოლაში სწავლობდნენ. ტუგოლუკოვმა, რომელიც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია, ანალოგიური ტურისტული ობიექტი - Olenevka Village, 2019 წელს, ოკუპირებულ ყირიმში გახსნა.

აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ბჟანია და „ბიბლიო გლობუსის“ მეპატრონე ტუგოლუკოვი ტამიშში
აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ბჟანია და „ბიბლიო გლობუსის“ მეპატრონე ტუგოლუკოვი ტამიშში

იანვრის მეორე ნახევარში, ბჟანიამ და ტუგოლუკოვმა ოკუპირებულ სოფელ ტამიშში, მასშტაბურ მშენებლობას თავად ჩაუყარეს საფუძველი.

„ამერიკის ხმამ“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა ოფიციალურ თბილისის რეალური ბერკეტები, რეაგირება მოახდინოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის უხეშ დარღვევაზე?

„თუ ეს რუსული კომპანია, რომელმაც სოფელ ტამიშში, უკანონოდ, ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაიწყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც მუშაობს, ცალსახაა, რომ მას უნდა აეკრძალოს აქ საქმიანობა და დაუწესდეს სანქციები.

ჩვენი კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად „ბიბლიო გლობუსმა“ შეგნებულად დაარღვია ეს კანონი, შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ ამ შეზღუდვის შესახებ“ - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

რუსული ტურისტული კომპანია „ბიბლიო გლობუსი“ არა მხოლოდ მუშაობს საქართველოს ბაზარზე, როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, ანუ 2019 წლის ჩათვლით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის დაახლოებით, 50% სწორედ „ბიბლიო გლობუსზე“ მოდიოდა.

ტამიშში მშენებარე "ბიბლიო გლობუსის" კომპლექსის მაკეტი
ტამიშში მშენებარე "ბიბლიო გლობუსის" კომპლექსის მაკეტი

პამდემიის დაწყებამდე, „ბიბლიო გლობუსი“ არაერთ ქართულ ტურისტულ კომპანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ერთ-ერთი Voyage Tours Georgia იყო, ამ კომპანიის წარმოადგენელს მარიამ როჭიკაშვილს ვკითხეთ, ხომ არ იმოქმედებს მათ თანამშრომლობაზე „ბიბლიო გლობუსის“ შესვლა ოკუპირებულ აფხაზეთში?

„მე არ ვიცოდი ამის შესახებ, რომ "ბიბლიო გლობუსი" აფხაზეთში შევიდა. პანდემიამდე ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი. როცა ვთანამშრომლობდით მათ არ ჰქონდათ ე.წ „აფხაზეთის მიმართულება“. ნამდვილად გამიჭირდება ახლა კომენტარის გაკეთება, ერთის მხრივ, საქმე ეხება აფხაზეთს, მეორეს მხრივ, ბიზნესს, რომელიც არაერთ სამუშაო ადგილს ქმნის და პანდემიის გამო ისედაც რთულ სიტუაციაში.

ამასთან მხოლოდ ჩვენ არ ვართ საქართველოში „ბიბლიო გლობუსის“ პარტნიორები, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია თანამშრომლობს მათთან. დაველოდებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ,“ - გვითხრა მარიამ როჭიკაშვილმა.

„ამერიკის ხმის“ მცდელობა ამ თემაზე სახელმწიფო უწყებებიდან კომენტარი მიგვეღო უშედეგო აღმოჩნდა. „ბიბლიო გლობუსმა“ კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ტურების გაყიდვა უკვე დაიწყო. სხვადასხვა პაკეტების ფასი 200 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე აღწევს.

თებერვლის დასაწყისში სეპარატისტების წარმომადგენელი თემურ ხიშბა, რომელიც ანკლავში ტურიზმს კურირებს, მოსკოვში, რუსეთის ფედერალურ სააგენტო "როსტურიზმის" ხელმძღვანელს ზარინა დოგუზოვას შეხვდა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალშია დაბადებული.

„როსტურიზმმა“ ანკლავთან მემორანდუმი გააფორმა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „აფხაზეთი რუსი ტურისტების ნებისმიერი ნაკადის მისაღებად მზად არის და 7 თვეში, სოფელ ტამიშში მშენებარე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსიც გაიხსნება“. 2021 წელს ოკუპირებულ ანკლავში 1 მილიონზე მეტი რუსი ტურისტის მიღებას მოელიან.

ტამიშში "ბიბლიო გლობუსის" მშენებარე კომპლექსის მაკეტი ზღვის ხედით
ტამიშში "ბიბლიო გლობუსის" მშენებარე კომპლექსის მაკეტი ზღვის ხედით
ოკუპირებული ტამიში, მდინარე დღამიშისა და შავი ზღვის შესართავთან

ოკუპირებული ტამიში, მდინარე დღამიშისა და შავი ზღვის შესართავთან

წყარო:https://www.amerikiskhma.com/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way