USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
National Geographic Traveller Food - „ბათუმი - არომატების სუფრა“
Date:  1575

National Geographic Traveller Food: ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით დაიწყეთ

„ბათუმი - არომატების სუფრა“- ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა National Geographic Traveller Food-ი აქვეყნებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს.

ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. სრული სიცხადით აღწერს გემოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულიდან, რასაც თან ურთავს ულამაზეს, მადის აღმძვრელ ფოტოებსა და რეცეპტებს. ქართულ სამზარეულოზე გამოცემა წერს, რომ ის პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა.

„საქართველოს კულინარიულ რუკაზე გაგნებისათვის, დაიწყეთ ბათუმით - სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ მეღვინეობების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები. აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური - ყველითა და ზედწამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად.......

ქართული სამზარეულო პოპულარობის ზენიტშია და მის აღმოსაჩენად არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე თვითონ ქვეყანაა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი, საქართველო ერთ დროს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ ნაირნაირი მადისაღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც თავის მხრივ წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში. ქართული სამზარეულოს კომპლექსურობა და მრავალფეროვნება დასახელდა "ერთ-ერთ საუკეთესო აღმოუჩენელ კვების კულტურად ევროპაში"დანიელი შეფის, ორი მიშელინის ვარსკვლავის მქონე „ნომა“ - ს თანამეპატრონის, რენე რედზეპის მიერ. ეს სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ყველიანი ცომეულით, ნაირფეროვანი წვნიანებით თუ სხვა კერძებით, რომლებიც ერთად ტრადიციულ სუფრას ქმნიან. მისი წამყვანი კი თამადაა. ღვინოს, სუფრაზე, ისევე, როგორც ეროვნულ სამზარეულოში, ცენტრალური ადგილი უჭირავს: საქართველოში 8000 წლის წინანდელი საღვინე თიხის ჭურჭლების აღმოჩენის შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის ერის ტიტული მიიღო. მეღვინეობის სცენა აღმავლობას განიცდის ბუნებრივი მეღვინეობის აღორძინების წყალობით“.- ნათქვამია სტატიაში.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way