USD 2.7181
EUR 3.1875
RUB 3.4792
თბილისი
«National Security Journal» (აშშ): „უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი“
თარიღი:  293

„როგორი იმედებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს, რასაც არ უნდა პირდებოდეს მას ვაშინგტონი და ბრიუსელი, ნატოს სტრუქტურული ბარიერები უკრაინისათვის გადაულახავ დაბრკოლებებს წარმოადგენს. უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება“, - ნათქვამია ამერიკულ National Security Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი“ (ავტორი - ენდრიუ ლეტემი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი მაკლესტერის ცნობილ კოლეჯში, მინესოტას შტატში). „სანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგანან, მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღება ილუზიაა, რომელიც რუსეთთან მუდმივად იქნება რუსეთთან კონფლიქტის წყარო“, -  აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თავაზიანი და მიკიბულ-მოკიბული უარის თქმა შეუძლებელია, ამიტომაც მოდით პოლიტკორექტულობა გვერდზე გადავდოთ და პირდაპირ ვთქვათ: უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება - ვერც ამჟამად, ვერც მომავალ წელს, ვერც მომავალ სამიტზე და საერთოდ, ვერასოდეს.

უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება იმის მიუხედავად, რამდენჯერაც არ უნდა განაცხადონ დასავლელმა ლიდერებმა „ნატოს ღია კარის“ შესახებ და რომ „წევრობის უფლება ყველას აქვს“. იმის მიუხედავადაც, რამდენმა უკრაინელმა არ უნდა შესწიროს თავი სამშობლოს დაცვას.

ვერც ის ვერ გახდება ალიანსში უკრაინის მიღების მიზეზი, რამდენიც არ უნდა აცხადოს კიევმა, რომ ის „თავისუფლების სიმბოლოს“ და „ევროპის მთრთოლვარე გულს“ წარმოადგენს.

სტრუქტურული, სამართლებრივი და სტრატეგიული ბარიერები ნატოს წევრად მიღებისთვის არასოდეს არ გაქრებიან, მათ ვერ წაშლის ვერავითარი მორალური მიდგომები, ცრემლის ღვრები და ხვეწნა-მუდარები.

ნატოს აქვს ერთი მკაცრი წესი: ისეთი ქვეყნები, რომლებსაც მოუგვარებელი სასაზღვრო-ტერიტორიული დავები აქვთ მეზობლებთან ან მათ ტერიტორიაზე უცხოური ჯარები დგანან, ალიანსში შესვლას ვერ შეძლებენ. ეს რაიმე „წვრილი შრიფტით დაბეჭდილი“ დებულება და რაიმე უმნიშვნელო ფრაზა კი არ არის, რომელშიც ვინმე თაღლითი ღრიჩოს პოვნას და გაძვრომას მოახერხებს, არამედ ეს არის ერთგვარი დამცავი ეკრანი, რომელიც ალიანსს თავიდან აცილებს ისეთ ომებში ჩართვას, რომლებიც მას არ დაუწყია და რომლებშიც მონაწილეობა არ სურს. თუ ნატო თავის რიგებში უკრაინის მიიღებს მანამ, სანამ მის ტერიტორიაზე რუსეთის არმია დგას, რომელსაც დაკავებული აქვს ყირიმი, დონბასი და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირიდან უეცრად გადაიქცევა კონფლიქტის მონაწილედ, ანუ ბირთვულ სახელმწიფოს მეომარ მხარედ. ეს უკვე კოლექტიური თავდაცვა კი არ არის, არამედ კოლექტიური თვითმკვლელობა.

რა ტქმა უნდა, ეს ჭეშმარიტება ბრიუსელშიც კარგად უწყიან და ვაშინგტონ-ბერლინშიც. უბრალოდ, მასზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ამის ნაცვლად სამიტებზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები რაღაც რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ და იღებენ მიკიბულ-მოკიბულ კომუნიკე-დადგენილებებს, რომელთა თანახმად, „უკრაინის მომავალი ნატოს რიგებშია“, „თუმცა რაღაც გარკვეული პირობებია შესასრულებელი“. თავის მხრივ, უკრაინა აყენებს საკითხს, რომ მისი წევრობა „სათუო“ კი არ უნდა იყოს, არამედ „როდის უნდა მიიღონ“. კონკრეტული პირობების გაჟღერებას არავინ აპირებს. ასევე არავინ არ აღიარებს იმას, რომ უკრაინის კითხვაზე „როდის“ პასუხი გაურკვეველი ვადით არის გადადებული და დროში გაჭიანურებული. ყველა თბილად იღიმება და ამ გულთბილი გარემოს ფონზე საკითხი სკივრში იდება ხანგრძლივი შენახვისთვის.

რა თქმა უნდა, ასეთი მოქმედება არამარტო უღირს საქციელს, არამედ კლასიკურ აბუჩად აგდებას წარმოადგენს. უკრაინას აუსრულებელ იმედებს უნერგავენ. დასავლეთს სტრატეგიული ფანტაზიები აქვს, რომლებიც ნებისმიერ შეკავების თეორიას ეწინააღმდეგებიან. ამით დასავლეთი კიდევ ერთხელ უდასტურებს რუსეთს, რომ მას - ალიანსს - კრემლი არ უნდა ენდოს: ნატო ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამგვარი მოქმედება ხელს უშლის მშვიდობის მიღწევას. ამჟამად კიევისათვის ნატოს წევრობა წარმოდგენილია როგორც ჯილდოდ, ტროფეის სახით, ერთგვარ ნადავლად, რომელსაც უკრაინა თითქოსდა ომის დასრულებისას მიიღებს. ამით კიევს კომპრომისების სურვილი უქრება, მოსკოვს კი ომის ესკალაციის შესაძლებლობა ეძლევა.

ასე არ უნდა იყოს. ნატოს შეეძლო უკრაინელებისათვის მწარე სიმართლის თქმა ჯერ კიდევ წლების წინ: „თქვენ, რასაკვირველია, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უფლება გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ნატოს წევრობის უფლებას. ალიანსში თქვენ ვერ შემოგიშვებთ, სანამ რუსეთან კონფლიქტი და სასაზღვრო პრობლემები გაქვთ“.

ნატოს შეეძლო ეს ღიად ეთქვა, მკაფიოდ და აბდაუბდის გარეშე. ამით კიევი იძულებული გახდებოდა გადაეხედა თავისი სტრატეგიისათვის და შესაძლებელია, გაჩნდებოდა სივრცე სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ალიანსმა ორაზროვანი და გაურკვეველი პოლიტიკის გატარება აირჩია. ნატომ თავის მოქმედებაში, გონივრულობის ნაცვლად, უპირატესობა პოზიორობას მიანიჭა, ხოლო ღრმა სტრატეგიის ნაცვლად უკრაინელებს ილუზიები შესთავაზა.

ზოგიერთები იტყვიან, რომ „უკრაინისათვის ნატოს კარის დახურვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს წააქეზებს და ვლადიმერ პუტინს ნატოს სისუსტეში დაარწმუნებს, იგი მიხვდება, რომ სამართალი ძლიერის მხარესააო“. მაგრამ ასეთი ლოგიკა თვითონ შეკავების იდეის ამახინჯებს. ნდობა ეფუძნება არა ცარიელ დაპირებებს, არამედ მკაფიო წესებს, რომლებიც განუხრელად უნდა შესრულდეს. უკრაინის მიმართ უარი იმას არ ნიშნავს, რომ ამით რუსეთის დამშვიდება ხდება, არამედ იმას, რომ ნატოს აქვს თავისი შეზღუდვები და მას არ სურს მე-5 პუნქტის (კოლექტიური თავდაცვის) მნიშვნელობის გაფერმკრთალება.

ალბათ, არიან ისეთი ექსპერტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრებით რუსული ავანტიურიზმის წინაშე ბარიერი აღიმარტება, რითაც დასავლეთი მტკიცედ აჩვენებს თავისი ქმედების შეუვალობას - ბრიუსელი მტკიცედ და ურყევად დგას უკრაინის გვერდით. ამგვარ ექსპერტებს ჰგონიათ, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება და უკან დაიხევს. რეალობა კი ასეთია: ყოველთვის, როცა კი დასავლეთი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს გზით მიდისო, ამით მხოლოდ მოსკოვის პარანოიას ადასტურებს და ესკალაციის ლოგიკას ამწვავებს. ბოლოსდავოლოს, თუ ჩვენ კიევის დაცვა ისე არ შეგვიძლია, როგორც ვარშავას,, რიგას ან პრაღას დავიცავთ, მაშინ არ უნდა ვითვალთმაქცოთ და კიევი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ისიც იმავე კატეგორიის - ნატოს წევრი ქვეყნის - მქონე დედაქალაქს წარმოადგენს.

ზიგიერთები ისტორიულ ანალოგებს იშველიებენ: აი, ნატოში ხომ გაწევრიანდა გერმანია, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა არმიას ჰქონდა ოკუპირებულიო. მაგრამ ეს შედარება ძალზე ზედაპირულია. ნატოში არცერთი ქვეყანა არ მიღებულა ომის მდგომარეობაში ყოფნის დროს, ოკუპაციის ან კონფლიქტის პირობებში, რომელიც დაუყონებლივ გახდებოდა პროვოკაციის მიზეზი ბირთვულ სახელმწიფოსთან. უკრაინა არ არის 1955 წლის დროინდელი დასავლეთი გერმანია (გფრ) და აღმოსავლეთი გერმანია (გდრ), რომელთა ტერიტორიაზე კონფლიქტი არ მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ორივე გერმანია, გფრ-ც და გდრ-ც 1973 წელს გაეროს წევრები გახდნენ. უკრაინა კი არის 2025 წლის დროინდელი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. დასავლეთში ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც ცბიერულად იქცევიან.

ასე რომ, მოდით, თავი დავანებოთ ტყუილების გავრცელებას და საკუთარ სინდისს გავუფრთხილდეთ. ნუ მოვაჩვენებთ უკრაინას ისე, რომ ერთი-ორი რეფორმის გატარება საკმარისი იქნება და კიევი ნატოს წევრობის ბილეთს უკვე ჯიბეში ჩაიდებს. უარი უნდა ვთქვათ სამიტებზე ხმამაღალი და იმავდროულად ცარიელი განცხადებების გაკეთებაზე. გულწრფელად და ღიად უნდა ვთქვათ: უკრაინას ნატოში არ მივიღებთ. უბრალოდ, ამის გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ, რომ ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარღვევს თავის ფუნდამენტურ მიზანს, თავის შემჭიდროებულობას და საკუთარ თავზე კატასტროფას გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინა ბედის ანაბარად უნდა მივატოვოთ. პირიქით - ეს სწორედ ქმედითი მხარდაჭერის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მას დავეხმაროთ იარაღით, წრთვნებით, გრძელვადიანი ჰუმანიტარული პაკეტებით, დავდოთ მასთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები. ეს იქნება მართლაც რეალური დახმარება და არა ფიქტიური ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი. უკრაინას შეუძლია გახდეს კარგად შეიარაღებული და ძლიერი ბუფერულ სახელმწიფო, დასავლეთის საიმედო პარტნიორი. მას შეუძლია გადაიქცეს აღმოსავლეთ ევროპის ისრაელად - მრისხანე ქვეყნად სამხედრო თვალსაზრისით და დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ ნატოს ოფიციალური სტრუქტურების მიღმა. ვფიქრობ, უკრაინის სწორედ ასეთი მოდელისათვის უნდა ვისწრაფვოდეთ, რომელიც რეალობას ასახავს.

 ნატოს საქმიანობა არ უნდა გამოიხატოს უტოპიების გამოდევნებასა და ზნეობრივი  პიესების გათამაშებაში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი ამოცანაა თავისი წევრების დაცვა, მშვიდობის დაცვა ბირთვულ სახელმწიფოებს შორის  და ბლოკის დაშლის დაუშვებლობა საკუთარი წინააღმდეგობების სიმძიმის გამო. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რაც ისედაც კარგად იცის ყოველმა სტრატეგმა: უკრაინას ნატოსაკენ მიმავალი გზა არ აქვს. უკრაინისთვის ნატოს კარი დახურულია. რაც უფრო მალე შევწყვეტთ ფარისევლობას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.

მოკლედ, უკრაინელებს სიმართლე უნდა ვუთხრათ. უკრაინელებს პატივი უნდა ვცეთ. უკრაინა იმსახურებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაგრამ ნატოს გარეშე.

ანალიტიკა
„ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“ - ინტერვიუ ზატულინთან

სომხეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გთავაზობთ «Московский комсомолец» (რუსეთი)-ის ინტერვიუს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინთან.

– სომხეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეპრესიებისა და შპიონომანიის ბნელ ეპოქაში შედის.
სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ გამოვლენილია ფართომასშტაბიანი შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამ შეთქმულებაში, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი პრეზიდენტების გარდა, თითქოს მონაწილეობდნენ ეკლესიის მაღალი იერარქები და მსხვილი ბიზნესმენები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაშინიანის მმართველობამ შეეცადა აიკრა ეტჩმიაძინის კათოლიკოსის რეზიდენცია, რათა დაეპატიმრებინათ არქიეპისკოპოსი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ფიგურირებდა ამ საქმეში. – რატომ სჭირდება ფაშინიანს ეს ყველაფერი?

– ფაშინიანმა იგრძნო, რომ იმ ჩიხში, რომელშიც ის მიაქანებს სომხეთსა და სომეხ ხალხს, უკვე საჭიროა ახალი მსხვერპლი.
სომეხი ერის ცნობიერების გადატრიალება, თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რუსეთის უარყოფა და სომხეთის დასავლეთზე ორიენტაცია – ამ ყველაფერს ძალიან მაღალი ფასი აქვს და ის თანდათან იზრდება. ამისთვის საჭიროა დათმო ტრადიციული ურთიერთობები რუსეთთან – როგორც სომეხთა ისტორიულ მფარველთან, დათმო სომხეთის გმირული წარსული და არმენული გენოციდის მეხსიერება. ფაშინიანის გეგმით, საჭიროა უარი ტრადიციულ სარწმუნოებაზეც, პატივისცემაზე სომხური სამოციქულო ეკლესიისადმი.

მისი აზრით, ასე უნდა „გადავარჩინოთ“ სომხები ძველი წარმოდგენებისგან სიკეთესა და ბოროტებაზე და გადავიყვანოთ სომხეთი იმ ბანაკში, რომელიც რუსეთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. თუმცა, მაგალითად, საბერძნეთი წარმატებით თანაარსებობს დასავლეთთან თავისი მართლმადიდებლური იდენტობის დაკარგვის გარეშე.

ჩემი აზრით, ფაშინიანს თან სდევს დევნის მანია – რაც არ არის გასაკვირი, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მას ჩაუდენია. ადამიანი, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა საკუთარ ერს, ბუნებრივია, ღელავს საკუთარ მომავალზე. სწორედ ამიტომ ის ცდილობს პრევენციული დარტყმებით გაანეიტრალოს ყველა, ვისაც საფრთხედ აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ. მისთვის რუსეთი ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავეა.

ამავე ლოგიკით, ის ყველა თავის მოწინააღმდეგეს „მარიონეტად“ აცხადებს. ადრე ასე მოიხსენიებდა კოჩარიანსა და სარგსიანს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ეკლესიაზე თავდასხმები გააკრიტიკა მისმა ყოფილმა მენტორმა – პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა და შეხვდა კათოლიკოსს, ფაშინიანმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ტერ-პეტროსიანიც მარიონეტია. ვის მარიონეტებზეა საუბარი – აშკარად რუსების, თუმცა იმის მტკიცება, რომ ტერ-პეტროსიანი კრემლის აგენტია, ცოტა არ იყოს, ფანტაზიის სფეროდანაა.

მთელი ეს პროცესები, სინამდვილეში, დაკავშირებულია მომავალი წლის (2026) ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.

– აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფაშინიანს მისი ოპონენტების შესახებ კომპრომატებით ამარაგებენ უცხოური სპეცსამსახურები – დასავლური ან თურქული. რამდენად რეალურია ეს?

– დასავლეთმა და თურქეთმა ფაშინიანი დიდი ხანია საკუთარ კლიენტად აღიქვეს. ის არასდროს მალავდა თავის შეხედულებებს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დავივიწყოთ გმირული“, რომელშიც ითხოვდა სომხეთის გამოყოფას რუსეთისგან, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმებას და ჰეროიზმის იდეის მოცილებას სომხური პოლიტიკიდან.

მას მიაჩნდა, რომ არმენული გენიალური წარსული – მეხსიერება დიდი სომხეთის, სპარსული, რომაული და ბიზანტიური ეპოქების შესახებ – სომხეთს მხოლოდ ჩიხში აქცევს. ის კი არ სჯერდებოდა გენოციდის მეხსიერებას – მას ხელს უშლის „დღევანდელობაში“.

უნდა ვაღიაროთ: ფაშინიანი თავისი ღალატის გზაზე მტკიცედ დგას. ბუნებრივია, ასეთმა პერსონამ უკვე მაშინ მიიპყრო მათ ყურადღება, ვისაც სჭირდებოდა იდეოლოგიური ინსტრუმენტი რეგიონში.

საინტერესოა, რომ დღეს ფაშინიანის კავშირებზე უცხოურ სპეცსამსახურებთან ხმამაღლა სწორედ აზერბაიჯანული მედია საუბრობს. თითქოს ასე ურჩევნიათ: „თუ მას ამარაგებენ MI6, CIA ან თურქული მიტი – ე.ი. რაღაცას იციან, აბა, ტყუილად ხომ არ ილაპარაკებდნენ!“

– ფაშინიანი წმენდს ოპოზიციას მომავალ არჩევნებამდე?

– აბსოლუტურად. ის კარგად იცის, რომ „მოტოციკლი დგება მხოლოდ მაშინ, როცა მიდის“. როგორც კი გაჩერდება – დაეცემა. ფაშინიანს გამარჯვება სჭირდება, სხვა შემთხვევაში მას სხვადასხვა ბედი ელის – ან გაქცევა, ან რეპრესიების გაგრძელება და კრიზისების დამყარება.

მაგრამ დაპატიმრებულების ნაცვლად ახალი ოპონენტები მოდიან. ეს პროცესი არ დასრულდება. აქ კითხვები ფაშინიანს კი არა, სომხეთის ამომრჩეველს და დიასპორას უნდა დაესვას.

– მართლაც გაჩნდა იმედგაცრუება რუსეთში, როგორც მოკავშირეში, თუ ეს მხოლოდ ფაშინიანის პროპაგანდის შედეგია?

– 2020 წლის ომის დროს და შემდეგ რუსეთმა ხშირად ამბობდა: „არ შეგვიძლია ვიყოთ უფრო სომხები, ვიდრე თავად სომხები“. ფაშინიანის მთავრობა არჩეულია იმავე პარლამენტის მიერ, რომელიც სომხურმა ხალხმა აირჩია. შესაბამისად, რაც ხდება – სომხეთის არჩევანია.

აქტიური ჩარევა იმ პერიოდში ნიშნავდა რუსეთის ჩათრევას ახალ, კავკასიურ კონფლიქტში, რაც აბსოლუტურად არ გვეხერხებოდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე.

მთელი ეს ისტორია მეტია, ვიდრე რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა – ეს არის რუს და სომეხ ხალხებს შორის კავშირი. მანამდე ყველა სომეხს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობდა, ჰქონდა განცდა, რომ რუსეთი – ეს არის ის ძალა, რომელმაც მათი ერი გენოციდისგან იხსნა.

შეახსენეთ, რამ გამოიწვია გენოციდი 1915 წელს? ოსმალებმა შიშით, რომ სომხები რუსეთის მხარეს აღმოჩნდებოდნენ, ჯერ სამხედროები გაწყვიტეს, შემდეგ – ინტელიგენცია და ბოლოს – უბრალო გლეხები. ეს ისტორია სომხებისთვის ტკივილია, მაგრამ ვალდებულებაა რუსეთისთვისაც – გვსურს ეს თუ არა.

ფაშინიანი ცდილობს ეს ყველაფერი მოსპოს და რუსეთის პასუხისმგებლობად წარმოადგინოს როგორც 2020, ასევე 2023 წლების წარუმატებლობები. 120 ათასი სომეხი გააძევეს ყარაბაღიდან, მაგრამ ფაშინიანისთვის ისინი არასასურველი ხალხია – ვერ იტანენ მის რეჟიმს. ის კი ცდილობს მათი მარგინალიზებას. მაგრამ დასმული კითხვაა: თქვენ რატომ არ დაიცავით თქვენი თანამემამულეები?

– რატომ არ გაუმჯობესდა რუსეთის ურთიერთობა აზერბაიჯანთან, თუ ის აღარ უჭერს მხარს სომხეთს?

– იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ჩვენ აღარ ვჭირდებით. მას სჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობა თურქეთთან, ისრაელთან, ბრიტანეთთან. ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან კარგია, მაგრამ უკვე მეორე პლანზეა. ამიტომ ბაქო ეძებს მიზეზებს, რატომ არ ეთანხმება რუსეთს – ხან ზელენსკის ეხუტება, ხან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები აქვს. ჩვენ კი ეს თითქოს არც გვესმის.

ამ დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას დასავლურ არენაზე – ყველაზე უკეთ აშშ-ში, რომ ტრამპი კვლავ იქცეს „მშვიდობისმყოფელად“ და აიღოს ნობელი.

სუბიექტური მიზეზი თავად ილჰამ ალიევია – გამარჯვებული, რომელიც დღეს ქედმაღლობით სუნთქავს. მისი დამოკიდებულება რუსეთთან დაძაბულობაში შედის, თუმცა ამას თავიდან აიცილებდა.

მისი ქმედებები ეჭვს იწვევს. ილჰამი – ეს არის პოლიტიკოსი ევროპულ კოსტიუმში და აზიური ქცევებით. რომელი ასპარეზით არ ჰგავს ფაშინიანს? ორივენი არბევენ ეკლესიებს, ამტკიცებენ, რომ არ ყოფილა სომხური ეკლესია ყარაბაღში – თითქოს იქ მხოლოდ „ალბანური მონასტრები“ იყო.

ცნობისათვის:
ამარასი – IV საუკუნეში დაფუძნებული სომხური მონასტერი.
დადივანკი – XII–XIII საუკუნეების სომხური მონასტერი.
განძასარი – X–XIII საუკუნეების სომხური მონასტერი.

წარმოიდგინეთ, ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ კრემლი – იტალიური კულტურის ძეგლია. ასე შეიძლება ღირსეული მშვიდობა ააშენო? – არა. ეს იქნება მშვიდობა სომხეთის სრული დამცირების ფასად.

დღეს ფაშინიანი ამ გზით მიდის. კარაპეტიანის საქმე ეკლესიასთან ერთად გაჩნდა იმ ფონზე, როცა ფაშინიანი პირველად ათწლეულებში ჩავიდა თურქეთში და იქ განაცხადა: „მშვენიერია, რომ სომხეთი გახდება მსოფლიო გზაჯვარედინი“.

ადრე ის ამტკიცებდა, თითქოს ზანგეზურის კორიდორი რუსეთს სურდა. სინამდვილეში, ამას ყოველთვის თურქეთი და აზერბაიჯანი მოითხოვდნენ – „დიდი თურქული სამყაროს“ იდეისთვის. და ახლა ფაშინიანმა აღიარა, რომ ის მათ ხელს უწყობს.

თუ ის დიდხანს დარჩება, სომხეთი გახდება მორიგი ახლოაღმოსავლური ქვეყანა – საკუთარი ისტორიისა და იდენტობის გარეშე.
და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც პირველმა მიიღო ქრისტიანობა – 301 წელს, ვერც ბიზანტიამ და ვერც საქართველომ ვერ დაასწრეს. ფაშინიანი კი ამბობს, რომ სომხური ეკლესია „ვიზანტიის დროიდან უცხო აგენტია“. ის ეკლესია, რომელმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა სომეხი ერის იდენტობა სახელმწიფოს გარეშე.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.