USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ცათამბჯენების მშენებლობის იდეა დაუშვებელია - სამოქალაქო საზოგადოება მერიასა და საკრებულოს მიმართავს
Date:  256

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, კახი კალაძეს
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს

 

მიმართვა

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასა და “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლოდ, გეგმარებითი დავალების მოთხოვნას. მოთხოვნის ტექსტიდან და წარდგენილი მასალიდან ირკვევა, რომ კერძო პირს, თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, ორი, 48 და 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა სურს.

ქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა პროექტის იდეა, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად აუცილებელ ღონისძიებად შეაფასა და მისი მშენებლობის განხორციელების გარანტიები შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად განხილული, მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები. ასევე, წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯერვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების, მორიგი პრეცედენტის განტკიცების საფრთხეს ქმნის.

მივიჩნევთ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და მისი განხილვა დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

  1. პროექტის იდეა შეუთავებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან

საპროექტო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაშია მოქცეული. “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი” ითხოვს, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფას, რაც წარმოუდგენელია ცათამბჯენების ტიპის მასშტაბური მშენებლობის შემთხვევაში. თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, რომელიც, მათ შორის, გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია, მიუღებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიაზე აქტიურ ვერტიკალურ განვითარებას. შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზეა შესაძლებელი ამ განაცხადის განხილვის გაგრძელება.

კერძო პირის შემოთავაზება, “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ საფრთხეებს, არამედ გამოკვეთს ფაქტს, რომ მესაკუთრის მხრიდან ქონების მიტოვების შედეგად განადგურებული საჯარო სივრცის აღდგენა, კვლავ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების გამო აუზზე დასაქმებული ადამიანი, სრულიად უსამართლოდ, მედიასთან ინტერვიუს შემდეგ, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

  1. პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის

დაგეგმილი პროექტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის შეუთავსებელია ამ ტერიტორიაზე ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით განსაზღვრულ რეგულაციებთან. სწორედ ამიტომ, კერძო პირი, მშენებლობის განსახორციელებლად ითხოვს, როგორც ზონალური შეთანხმების გაფორმებას, ისე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა 2-ის ცვლილებას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონით. ასევე ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი და არ არის ნათელი, დამატებით, გაიზრდება თუ არა სამშენებლო კოეფიციენტები. კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი გამონაკლისის დაშვება, არა თუ კერძო პირის ინტერესზე მოსარგებად, არამედ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, დასაბუთებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში არ არის დასაბუთებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, არამედ დაუფარავადაა გაცხადებული, რომ ამ გამონაკლისების დაშვების გარეშე, მიზნობრივი მშენებლობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს. განაცხადში, რისკად არის შეფასებული მშენებლობის პროცესში სამშენებლო მანქანების მიერ სატრანსპორტო გადატვირთულობის გამოწვევა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, გათვალისწინებული 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ ტოვებს ტერიტორიაზე ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობას.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:

 

უარი უთხრას კერძო პირს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვასა და გეგმარებითი დავალების გაცემაზე;

 

ქ.თბილისის საკრებულოს:

 

არ დაუშვას განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება და ზონალური ცვლილებების განხორციელელება

ხელმოწერები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. მოძრაობა”ტალღა”
  3. საქართველოს ეროვნული ფონდი
  4. “ეკო ცენტრი”
  5. ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი
  6. საზოგადოება “ბათომი”
  7. ნინი ფალავანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  9. მწვანე ალტერნატივა
  10. ურბანული განვითარების ინსტიტუტი
  11. ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი
  12. ნანა ზაზანაშვლი, არქიტექტორი
  13. თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე
  14. ICOMOS საქართველო
  15. სამოქალაქო მოძრაობა “მე ვარ ქალაქი”
  16. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  18. მანანა თევზაძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი
  19. მწვანეები
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way