USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 აპრილი?
Date:  833

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის:

ვერძი

ამ დღეს კარგიო იქნება დაწყებული სამუშაოს დასრულება, ვალების დაბრუნება და პირობის შესრულება. გირჩევთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და დიდი ცვლილებებისთვის მოემზადოთ, რომლებიც გელოდებათ. ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინოთ.

კურო

ყველა პროფესიული თუ საყოფაცხოვრებო საქმე და პირადი განცდა დაივიწყეთ და ეს დღე მთლიანად ემოციურ განტვირთვას დაუთმეთ. მით უფრო, რომ შესაძლოა, მალე რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ამისთვის კი აუცილებელია დასვენებული გონება - თქვენ ხომ ყოველთვის მხოლოდ საკუთარი ლოგიკის იმედად ხართ.

ტყუპები

დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრისთვის შესანიშნავი დღეა. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონიაა, თუმცა ეცადეთ პარტნიორთან მეტი დრო გაატაროთ და ყურადღება არ მოაკლოთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან - ხვალ თქვენი მდგომარეობა შეიცვლება.

კირჩხიბი

დაძაბული კვირის შემდეგ დროა, მოდუნდეთ და კარგად დაისვენოთ. გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგიურმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. თავი შეიკავეთ ურთიერთობის გარკვევისა და კამათისგან, რაც განწყობის გაფუჭების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ცხოვრებაში ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, თუმცა ნუ ეცდებით მოვლენები დააჩქაროთ.

ლომი

ამ დღეს გაიგებთ ამბავს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ, ამისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადოთ. გარშემომყოფები თქვენს რჩევებს ყურადღებით უსმენენ და ითვალისწინებენ. ბევრისთვის შეიძლება მისაბაძ ადამიანად იქცეთ.

ქალწული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ ფულის სესხებას მოერიდოთ. თუ ერთფეროვნებამ დაგღალათ, ეცადეთ საკუთარ ცხოვრებაში ან ჩვევებში ცვლილებები შეიტანოთ. დროა, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ და ყოველდღიური ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი

ურთიერთობები შეცვლას და განახლებას საჭიროებს - ზოგი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, ზოგი კი პირიქით, გააძლიეროთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოთ. მოერიდეთ ვინმესთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას და კამათს, განსაკუთრებით ოჯახურ წრეში.

მორიელი

დაწყებული საქმის დროულად დასრულება, ბინის დასუფთავება და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ეცადეთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ყურადღებით იყავით - არ გამოგეპაროთ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისა და საკუთარი საქმიანობის შეფასებისთვის. ძველი მეგობარი ახალი პროექტის დაწყებაში ან სასურველი სამსახურის მიღებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის თქვენი რომელიღაც უნარის, ახალი იდეის ან კავშირის წყალობით საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

თხის რქა

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ, რადგან საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას და დაპირისპირებას. დაუფიქრებელმა საქციელმა შეიძლება ერთგული მეგობარი დაგაკარგვინოთ.

მერწყული

მშვენიერი დღეა საკუთარი მომავლის დაგეგმვისთვის როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობასა თუ ბიზნესში. სირთულეების მიუხედავად, საკუთარ ოცნებაზე უარს ნუ იტყვით და მისი განხორციელების გზები დასახეთ. კარგი განწყობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სურვილის შემთხვევაში დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებას და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. უსიამოვნო საუბრების ან უხერხული სიტუაციების ნუ შეგეშინდებათ - ამ დღეს პრობლემების თავიდან აცილებას ადვილად ახერხებთ. დროა, ბიუჯეტის დაგეგმვაზე იზრუნოთ. მონიშნეთ საკითხები, რომლებზეც შეგიძლიათ ფული დაზოგოთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way