USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 თებერვალი?
 738

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

დღეს შეიძლება, ბევრი გეგმა შეიცვალოს, მაგრამ ეს აუცილებლად ცუდი არ იქნება. მოულოდნელი შესაძლებლობები გაჩნდება, თუ მოქნილობას გამოიჩენთ.
კომუნიკაცია უმჯობესდება, მაგრამ თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციურობისგან.
თქვენი იდეები საჭიროებს დახვეწას, მაგრამ სწორ გზაზე ხართ.
ენერგია სტაბილურია, მაგრამ არ გადატვირთოთ ორგანიზმი.

♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

დღეს გაძლიერებულ კონცენტრაციას მოითხოვს ყველაფერი, რასაც აკეთებთ. კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ იჩქარებთ.
სიჯიუტე კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ მშვიდი მიდგომა საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ფინანსური საკითხები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა.
დაძაბულობისგან თავის დასაღწევად სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგ შედეგს მოგცემთ.

♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

შეიძლება, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. იყავით დაკვირვებული და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
ზედმეტმა ემოციურობამ შესაძლოა, მცირე გაუგებრობები შექმნას.
კარგი დროა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად.
ენერგიის დონის შენარჩუნება აუცილებელია, ამიტომ კარგად იკვებეთ.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

დღეს გონიერება და მოთმინება გადამწყვეტი იქნება. შესაძლოა, რაღაცები ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ საბოლოოდ უკეთეს შედეგს მიიღებთ.
პარტნიორთან ღია საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.
შესაძლოა, დახმარება დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ მისი თხოვნა.
ემოციური დაძაბულობა იმუნურ სისტემაზე იმოქმედებს, ამიტომ იპოვეთ დრო დასვენებისთვის.

♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

დღეს შეიძლება, პატარა დაბრკოლებები შეგხვდეთ, მაგრამ თქვენი თავდაჯერებულობა ყველაფერს გამოასწორებს.
სასიყვარულო სფეროში კარგი სიახლეები გელოდებათ.
თქვენი ლიდერული თვისებები დაფასდება, მაგრამ ზედმეტ სიჯიუტეს ერიდეთ.
ენერგიის დონე საშუალოა – სწორი კვება და აქტიურობა დაგეხმარებათ.

♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს გაძლევთ შანსს, უკეთეს ალტერნატივას მიაგნოთ.
დღეს ურთიერთობებში მეტი გაგება დაგჭირდებათ.
ყურადღებით გაეცანით ახალ ინფორმაციას, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
ემოციური სტაბილურობა მნიშვნელოვანია, რადგან სტრესი მოქმედებს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე.

♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ ყველა ვარიანტი.
საინტერესო საუბარი ან მოულოდნელი შეხვედრა შესაძლებელია.
გუნდის წევრებთან ურთიერთობა გადამწყვეტი იქნება – ნუ ჩაიკეტებით საკუთარ აზრებში.
სასურველია, მეტი ფიზიკური აქტივობა, რომ დაღლილობა თავიდან აიცილოთ.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

დღეს შეიძლება, რაღაცებმა წყობიდან გამოგიყვანოთ, მაგრამ მოთმინება საუკეთესო იარაღია.
პარტნიორისგან მხარდაჭერას მიიღებთ, თუ გულწრფელად ესაუბრებით.
შეიძლება, გეგმების გადახედვა მოგიწიოთ, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში სასარგებლო იქნება.
დასვენებისთვის დრო გამოყავით – გადაღლილობამ არ შეგაწუხოთ.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

საინტერესო დღეა, თუმცა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეიძლება, შეცდომების მიზეზი გახდეს.
პარტნიორთან უფრო ღია კომუნიკაცია დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში.
თქვენი იდეები კარგ პერსპექტივას აჩენს, მაგრამ ჯერ ადრეა მათი სრულად განხორციელება.
გაწონასწორებული კვება და ძილი თქვენს ენერგიას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

დღეს შეიძლება, დაგეგმილი საქმეების ნაწილი ვერ მოასწროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატება არ გელოდებათ.
მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორს – შეიძლება, თქვენი მხარდაჭერა სჭირდებოდეს.
შეიძლება, ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ, მაგრამ ეს თქვენს ზრდას შეუწყობს ხელს.
მოდუნებისთვის დრო გამონახეთ, თუნდაც მოკლე გასეირნება.

♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

დღეს შესაძლოა, მოულოდნელმა ინფორმაციამ იმოქმედოს თქვენს გეგმებზე.
ახალი ნაცნობობა შეიძლება, საინტერესო მიმართულებით განვითარდეს.
კარგი დროა სამუშაოს ან პროფესიული კურსების გადახედვისთვის.
ორგანიზმის გამაგრება საჭირო იქნება, რათა სტრესს უკეთ გაუმკლავდეთ.

♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ინტუიცია დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეა – მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს.
ძველი ურთიერთობების გადახედვა შეიძლება, თუმცა კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა.
თქვენი შრომა დაფასდება, მაგრამ მეტი მოთმინება დაგჭირდებათ.
ემოციური ბალანსი მნიშვნელოვანია – კარგი იქნება, თუ დღის ბოლოს მოდუნდებით.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way