USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 ოქტომბერი?!
 789

ვერძი

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი მოქმედებები აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გააფუჭოს შთაბეჭდილება, რომლის მოხდენასაც ცდილობთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. გირჩევთ, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ. გუნდურად მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

კურო

ეს დღე რომ წარმატებული იყოს, სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და ემოციური სტრესი გაზარდოს. გირჩევთ საკუთარი ქმედებები და შესრულებული სამუშაო საგულდაგულოდ აკონტროლოთ - ამ დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ. გარშემომყოფების ჩარევამ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.

ტყუპები

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სანამ ძველი არ დაგისრულებიათ. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. გირჩევთ, საკუთარ პროექტში კოლეგები ან ის ადამიანები ჩართოთ, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობით – ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. სასურველია, რომ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და საკუთარ ინტუიციას უსმინოთ.

კირჩხიბი

თქვენს წამოწყებას თავიდანვე უამრავი სირთულე და დაბრკოლება ელის. თუ სირთულეების მიუხედავად არ დანებდებით, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და თაროზე შემოდებული, გაჭიანურებული საქმეები დაასრულოთ. წარუმატებლობის შემთხვევაში, ეცადეთ, ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.

ლომი

თუ მოინდომებთ, ამ დღეს შეიძლება ძალიან საჭირო და სასარგებლო ადამიანების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა მოიპოვოთ. სევდიანი მოგონებები და წარსულის შეცდომებზე ფიქრი მუშაობაში ხელს გიშლით. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის - ეს ახლა ორივეს გჭირდებათ. გირჩევთ, წვრილმან უსიამოვნებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, მით უმეტეს, რომ ხვალ მათ სხვა თვალით შეხედავთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ – იარეთ ფეხით და სწორად იკვებეთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი დაძაბული და ემოციურად რთული იქნება. ნათესავებთან დაპირისპირება და სამსახურში მოულოდნელი უსიამოვნებები გელით. ეცადეთ, რომ მარტივ და ნაცნობ აქტივობებს მეტი დრო დაუთმოთ. ამ დღეს ნებისმიერი ახალი საქმე ჩვეულებრივზე რთული იქნება. მარტოობა არ გემუქრებათ! პირიქით, თქვენ გვერდით ყოფნისთვის ნამდვილი კონკურსია გამოცხადებული. ეცადეთ ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ.

სასწორი

ამ დღეს საკუთარ პრობლემებზე საუბრისა და გულწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ნებისყოფა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. ამ დღეს თქვენი ამოცანა ახლობელი ადამიანის დახმარებაა. ეცადეთ, მოთმინებით მოუსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. დასკვნების გამოტანამდე მეტი ინფორმაცია უნდა მოაგროვოთ. როდესაც მომხდარის ნამდვილ მიზეზებს გაიგებთ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ.

მორიელი

ამ დღეს რთული და მოსაწყენი საქმეების კეთება მოგიწევთ. დავალების სწრაფად შესრულებაში კოლეგები ან მეგობრები დაგეხმარებიან. მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. გირჩევთ, საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, სტუმრად წახვიდეთ და მხიარულ ადამიანებთან ერთად გაერთოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის პრინციპულობა და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა სასიამოვნოა და სავსეა სიურპრიზებით. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების ან ურთიერთობების გარკვევისთვის. საკუთარი აზრების გამოხატვას და თანამოსაუბრის მოხიბვლას ადვილად ახერხებთ. ნებისმიერი საქმე, სადაც ურთიერთობების ცოდნაა საჭირო, თქვენი სრული გამარჯვებით დასრულდება.

თხის რქა

ემოციური თვალსაზრისით რთული დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. კარგი განწყობა ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს ოპტიმისტურად შეხედოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად დრო გამონახოთ – გულწრფელი საუბარი ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს.

მერწყული

ამ დღეს განწყობა მარტის ამინდივით სწრაფად გეცვლებათ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. შესაძლოა, პარტნიორმა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან.

თევზები

წვილმანებს იმაზე მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე საჭიროა და ამასობაში შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენები ვერ შენიშნოთ. კარგი დღეა ძველი და უსიამოვნო საკითხის მოსაგვარებლად, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ. თქვენი სიტყვა ან საქციელი შეიძლება თქვენს კარიერასა და ფინანსურ შემოსავალზე აისახოს, ამიტომ ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way