USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 მაისი?
дата:  5575

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

 სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის ხელსაყრელი დღეა. ინფორმაციას ჩვეულზე გაცილებით სწრაფად ითვისებთ და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. გირჩევთ თქვენს პირად ურთიერთობებზე და პროფესიულ მიზნებზე დაფიქრდეთ. იქნებ რაღაცის შეცვლის ან განახლების დროა? ეცადეთ, საღამოს ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

 ეცადეთ გარშემომყოფების მიმართ მეგობრული განწყობა შეინარჩუნოთ, თუნდაც მათგან არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას და პროვოკაციას გრძნობდეთ. სამსახურში კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ. საღამოს დარდს და მოწყენილობას სიხარული ჩაანაცვლებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

 რთული და დაძაბული დღეა. თუ გსურთ, რომ ყველაფერს დროულად გაუმკლავდეთ, პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს უნდა გაუნაწილოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას სხვის რჩევებს არ მოუსმინოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიცია დაგეხმარებათ. ეცადეთ, საღამო იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც შთაგაგონებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

 გირჩევთ წარსულის შეცდომებსა და პრობლემებზე ფიქრი თავიდან ამოიგდოთ და ახალი საქმე დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი იდეების განხორციელებისთვის მოკავშირეებს და თანამოაზრეებს იპოვით. უარს ნუ იტყვით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

 დილა სერიოზული და საქმიანი განწყობით უნდა დაიწყოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ რთული ამოცანები ამოხსნათ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ. გირჩევთ საკუთარის გარდა, სხვების გამოცდილებაც გამოიყენოთ და საღამო სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

 მშვიდი და ყველა თვალსაზრისით დადებითი დღეა. შეგიძლიათ დაისვენოთ ან მხოლოდ მსუბუქი საქმეები აკეთოთ. უახლოესი დღეების გეგმის შედგენისას გაიხსენეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს შოპინგისა და ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

 ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ რთული ამოცანების ამოხსნას შეუდგეთ. შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვან საქმეში წინსვლას მიაღწიოთ და ისეთი შედეგი მიიღოთ, რომელზედაც ვერასოდეს იოცნებებდით. წინააღმდეგობამ არ უნდა შეგაშინოთ - თქვენი სიმტკიცე და მონდომება აუცილებლად დაფასდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

 ინდივიდუალური მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ დამხმარეები იპოვოთ ან დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. შესაძლოა, დღევანდელი თანამშრომლობა მალე მეგობრობაში ან სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდოს და ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ეცადეთ, მოსაწყენი საქმე დაასრულოთ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

 გრძელი და რთული დღეა. სავარაუდოდ, ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, მაგრამ ეცადეთ, სტრესული სიტუაცია არ შექმნათ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ბრაზი გარშემო მყოფებზე არ იყაროთ. სწრაფად, მაგრამ თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით უნდა იმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

 ამ დღეს რაც უფრო მეტად კომუნიკაბელური იქნებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ საჭირო ადამიანები გაიცნოთ და კარგი შეთავაზება მიიღოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი ნებისმიერ ჩაკეტილ კარს გააღებს. ეცადეთ მოსაწყენი და უინტერესო საქმეები დროულად დაასრულოთ, რომ განწყობა არ გაგიფუჭონ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მიზნის მიღწევისთვის მეტი სიმტკიცე და მოთმინება გჭირდებათ. სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ თუ სირთულეებს არ შეუშინდებით და დაბრკოლებების მიუხედავად რთულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ახლობლებს მიმართოთ. დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ. 

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის პირველი ნახევარი მუშაობისთვის განსაკუთრებით რთულია. დაღლილობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ დაგროვილ საქმეს გაუმკლავდეთ. ახლობლებს დახმარებას ნუ სთხოვთ, თორემ შედეგით იმედგაცრუებული დარჩებით. პიროვნული მომხიბვლელობა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ - თქვენი არგუმენტები სკეპტიკოსებს ყოველგვარ ეჭვს გაუფანტავს.

 

 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати