USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 მარტი?
Date:  669

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის:

ვერძი

ამ დღეს სახლში საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. გეგმები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა დაგეგმოთ. დაბრკოლებების მიუხედავად, ვითარებაში გარკვევას შეძლებთ და სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით.

კურო

დაგროვილი სტრესი მალე აუცილებლად თავს იჩენს, ამიტომ გირჩევთ პაუზა აიღოთ და შეისვენოთ. ნაცნობებმა თუ მეგობრებმა შეიძლება საინტერესო მოგზაურობა შემოგთავაზონ. უარს ნუ იტყვით - ამ დღეს საინტერესო ნაცნობობა და დადებითი ემოციები გელით.

ტყუპები

ეცადეთ რეალობას თვალი გაუსწოროთ და რაციონალურად იაზროვნოთ. ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თუ ადამიანს კარგად არ იცნობთ, მის შეთავაზებას, როგორ მაცდურადაც არ უნდა ჟღერდეს, არ უნდა ენდოთ - სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს გამოყენებას ცდილობს. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომა დაგაშვებინოთ. სანამ რამეს გააკეთებთ, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ და კარგად დაფიქრდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ხანმოკლე მოგზაურობა სასარგებლო და საინტერესო იქნება.

ლომი

ყოველმხრივ ხელსაყრელი და საინტერესო დღეა. ეცადეთ სამუშაო დრო სწორად გაანაწილოთ და ქვეშევრდომების სწორად მართვა ისწავლოთ. პირად ურთიერთობებში შეგიძლიათ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე თავისუფლად ისაუბროთ - პარტნიორი აუცილებლად გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ. ეცადეთ წუთიერ ცდუნებას არ დაემორჩილოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი მოხიბლავთ, რომლებიც თქვენ მიმართ ინტერესს არასოდეს იჩენდნენ. სავარაუდოდ, მეგობარს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა, სანერვიულო არაფერი გელით.

სასწორი

მცირე ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ნუ ნერვიულობთ - ეს დროებითი პრობლემებია და მალე ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებით. საყოფაცხოვრებო საქმე თქვენს დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.

მორიელი

საშუალება გექნებათ, რომ დაგეგმილზე ბევრად მეტის გაკეთება შეძლოთ. შრომისმოყვარეობა და საქმიანი განწყობა საშუალებას მოგცემთ, ყველაზე რთული და საქმეები სწრაფად და წარმატებით დაასრულოთ. შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც საკუთარი პოზიციის აქტიურად დაცვა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

ემოციურად არასტაბილური დღეა - შეიძლება ნებისმიერმა უმნიშვნელო წვრილმანმა გაგაღიზიანოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ. ახალი ნაცნობი იმედს გაგიცრუებთ. ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.

თხის რქა

ამ დღეს კოლეგების დახმარებას შეძლებთ. კარგად განვითარებული ინტუიცია დაგეხმარებათ საუკეთესო გამოსავალი მოძებნოთ და მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. ადამიანი, რომელსაც დიდი ხნის წინ ხელი გაუმართეთ, მადლობის ნიშნად მოგებიან შეთავაზებას გაგიკეთებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

მერწყული

ეცადეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან მეტი ზრუნვა და თავაზიანობა გამოიჩინოთ - თქვენმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ვიღაც შეურაცხყოს. ხელსაყრელი დღეა ფინანსური ან ქონებრივი საკითხების მოსაგვარებლად. ასევე სასურველია ფიზიკური მუშაობის ან სპორტული ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ცოდნა, რომელსაც ამ დღეს შეიძენთ, მომავალში საინტერესო სამსახურს და შემოსავალს მოგიტანთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way