USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 აგვისტო?!
 632

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

რთული დღეა. თუ ახალ ბიზნესს ან პროექტს იწყებთ, პრობლემებისა და უსიამოვნებებისთვის უნდა მოემზადოთ. რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და კრიტიკა გაითვალისწინეთ - ასე ჩანაფიქრის განხორციელება გაგიადვილდებათ.

ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოუბოდიშოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარში ყურადღებით იყავით - შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით თქვენი გეგმების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად მოხიბლავთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წინააღმდეგობრივი დღეა, თუმცა სწორედ არახელსაყრელი გარემოებები მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.

თქვენ ირგვლივ - სამსახურში ან სახლში - მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა. თქვენი ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ვინმეზე უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - ეს თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მოსალოდნელია მცირე უთანხმოება კოლეგებთან. ამაზე სერიოზულად ნუ ინერვიულებთ, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ბევრმა კირჩხიბმა შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოს ან მონატრებულ ადამიანებს შეხვდეს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად და დაბრკოლებების დასაძლევად, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება.

შეგიძლიათ მეგობრებს დახმარება სთხოვოთ და აუცილებლად მიიღებთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს - თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ სამსახურთან დაკავშირებული გეგმები განახორციელოთ. საკუთარ წარმატებებზე საუბარი ნუ მოგერიდებათ - მოხერხებული თვითრეკლამა შეიძლება კარიერულ ზრდაში დაგეხმაროთ. დროა, ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ - მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.

შესანიშნავი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის - ახალი ნივთები დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის - თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. მალე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ.

მარტოხელა მორიელებისთვის გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დაძაბული დღეა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. პიროვნული თვისებების წყალობით წარმატებას მალე მიაღწევთ. ახლობელი ადამიანების გამოცდილებას თუ გაიზიარებთ, შეცდომებს თავიდან აიცილებთ. ამ დღეს განსაკუთრებით მშვიდი და თავშეკავებული ხართ, რაც ბევრ ადამიანს თქვენ კითხვებს გაუჩენს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებში მოსალოდნელია ცვლილებები. ეცადეთ, მომხდარი მშვიდად მიიღოთ - ნურაფრის შეგეშინდებათ და მოვლენების განვითარებასაც ნუ დააჩქარებთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგ თხის რქას ძველ წყენას გაახსენებენ, რაც მტკივნეული ინება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მშვიდი დღეა, რომელიც უფრო ხელსაყრელია ფიქრისთვის, ვიდრე კონკრეტული ქმედებებისთვის, მაგრამ არც მიმდინარე საქმეები უნდა დაივიწყოთ. გირჩევთ, ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ, რათა მოგვიანებით სხვების შეცდომები არ ასწოროთ.

დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ჯილდო მიიღოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ყველაფერს თავისი დრო აქვს - ახლა დასვენების დროა. შეჩერდით და ეცადეთ, ძალები აღიდგინოთ. მოქმედებისა და დაბრკოლებების გადალახვის პერიოდი მოგვიანებით დაიწყება.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way