USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 იანვარი?
 1014

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 იანვრისთვის:

ვერძი

ამ დღისთვის არაფერი დაგეგმოთ, რადგან, დიდი ალბათობით, მოვლენების მოულოდნელი განვითარება გეგმების შეცვლას გაიძულებთ. უმჯობესია, რომ ეს დღე მთლიანად გართობას და სასიამოვნო საქმეებს დაუთმოთ. გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი ვალდებულებების აღებამდე ძველი დაასრულოთ და ამისთვის ეს ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. ძველი კონტაქტები არ დაკარგოთ, რომ საჭირო დროს მათთან დაკავშირება შეძლოთ.

ტყუპები

ძველ მეგობრებთან და დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. წვეულებაზე შესაძლოა, ვიღაც ისეთის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. არსებობს მოულოდნელი შემოსავლის მიღების შანსი, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - სასურველია, რომ ალკოჰოლის და ცხიმიანი კერძების მიღება შეზღუდოთ.

კირჩხიბი

დროა ჩატარებული სამუშაოს შედეგები შეაჯამოთ და პროფესიულ სფეროში ახალი მიზნები დაისახოთ. ეცადეთ საკუთარი თავს „გარედან“ შეხედოთ და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასოთ. ყველაზე მეტად, ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ და კარგად შედგენილ გეგმას უნდა მიჰყვეთ.

ლომი

მეგობრებისა თუ ნაცნობების დახმარებით მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებთ. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას მიჰყვეთ და არაფერი შეცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ დროს უშედეგოდ დაკარგავთ. ამ დღეს ყველაზე მეტად სხვის საქმეებში ჩარევას და რჩევების მიცემას უნდა მოერიდოთ - მით უფრო, თუკი ამის შესახებ არ გთხოვენ. არსებობს მოულოდნელი შემოსავლის მიღების შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალწული

ამ დღისთვის მკაფიოდ შედგენილი გეგმა გჭირდებათ, რადგან ნაჩქარევი და იმპულსური მოქმედება სავალალო შედეგს მოგიტანთ. გირჩევთ, სიტყვები და ემოციები აკონტროლოთ, რათა უნებურად, თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ. ამ დღეს დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე უნდა იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში შესაძლოა, დაძაბულობამ თავი იჩინოს. გირჩევთ, პაუზა აიღოთ და გარკვეული დრო განმარტოებით გაატაროთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ.

მორიელი

ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობამ თავი იჩინოს, ამიტომ ეცადეთ ურთიერთობები შეზღუდოთ და ემოციები აკონტროლოთ. მალე პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ახალი მოკავშირეების პოვნას და ოპონენტების დარწმუნებას შეძლებთ. ეცადეთ, თქვენი პირადი ურთიერთობები გააანალიზოთ და კომუნიკაციის სტილი შეცვალოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. ახლობლებმა ადამიანებმა შეიძლება რაღაც სიურპრიზით გაგახარონ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც მალე მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

თხის რქა

გავლენიანმა ადამიანებმა, რომლებსაც დღეს შეხვდებით, შესაძლოა დახმარება ან მფარველობა შემოგთავაზონ, ამიტომ მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და ყველა იმ შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელიც ამ დღეს გექნებათ. ნუ ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ – ეს აუცილებლად დანაკარგებს გამოიწვევს.

მერწყული

მოერიდეთ კამათს, საკუთარი სიმართლის მტკიცებას და დაპირისპირებას. გირჩევთ, ახალ გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და შეძლებისდაგვარად, მოერგოთ. დაგეგმილი მოგზაურობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება – შეიძლება თქვენი მომავალი პროექტისთვის მშვენიერი იდეა იპოვოთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 3 იანვარს დაწყებული საოჯახო საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ. დაგეგმილი მოგზაურობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება - თქვენ შეძლებთ, იპოვოთ იდეები მომავალი პროექტისთვის. უმჯობესია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way