USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 თებერვალი?
Date:  4482

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

რთული დღეა, მაგრამ თუ ძვირფას დროს უქმად არ დაკარგავთ და ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებთ, ჩანაფიქრის განხორციელება არ გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს მთავარია, ინფორმაცია გადაამოწმოთ და გადაწყვეტილება აუჩქარებლად მიიღოთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და მოსალოდნელი შედეგები შეაფასეთ. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს უსამართლოდ მიყენებული ტკივილი არასოდეს ავიწყდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. მუდმივად ცვლადი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. სამუშაოში ჩაფლობა და დამატებითი პასუხისმგებლობები სტრესისა და მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ. შეეცადეთ, არ ინერვიულოთ და მომხდარი მშვიდად მიიღოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოემზადეთ ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის. შესაძლოა, ყველა არ მოგეწონოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მათ, როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე შეხედოთ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მომავალ ბიზნესპარტნიორს გაიცნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, რათა თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ ოჯახის წევრების რჩევებს და კოლეგების საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აზრი ან საინტერესო იდეა გაიგოთ, რომელსაც მალე წარმატებით გამოიყენებთ. ამ დღეს უპირატესობა ფინანსურად მოგებიან საქმეს უნდა მიანიჭოთ და რუტინული საქმიანობა სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

უარს ნუ იტყვით ახლობელი ადამიანების დახმარებაზე. გარდა იმისა, რომ სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ, თვითშეფასებასაც აიმაღლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიტუაციის დრამატიზებას მოერიდოთ და მარტივი, პრაქტიკული გადაწყვეტილებები ეძიოთ. ორიგინალური აზროვნება და არასტანდარტული ხედვა დაგეხმარებათ, სასურველს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია გულდასმით და ყურადღებით უნდა შეამოწმოთ, რადგან შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა სცადოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ მიწვევას. საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული საღამო კი სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

კარგი იქნება, თუ საკუთარ მოვალეობებს კოლეგებს ან თანაშემწეებს გაუნაწილებთ და კარგად დაისვენებთ. დაძაბული კვირის შემდეგ ყველაზე მეტად ძალების აღდგენა გჭირდებათ. პირად ურთიერთობებში ჩხუბი ან დაძაბულობა არ დაუშვათ. ახლა ამან შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება გამოიწვიოს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ინფექციურ დაავადებებს ერიდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვიღაც თქვენ გარშემო ინტრიგებს ხლართავს, ამიტომ ურთიერთობებში უფრო ფრთხილი უნდა იყოთ და რასაც გეუბნებიან, ყველაფერს არ დაუჯეროთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება - არ გაბრაზდეთ და არ მოიწყინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

წვრილმანი დავალებები სამომავლოდ გადადეთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებულ საქმეებს მიხედეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, ხშირად დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში ხელს შეგიშლით. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად ვიღაც შეურაცხყოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ძველი მეგობრები ფინანსური საკითხების წარმატებით მოგვარებაში დაგეხმარებიან. თქვენ გარშემო მოჩვენებითი სიმშვიდე ნუ მოგატყუებთ. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მეტი უნდა იაქტიუროთ და ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედი გიგზავნით. დაეხმარეთ ყველას, ვინც დახმარებას გთხოვთ და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს დაგიბრუნებთ. ამ დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და შეძენილი ნივთები დიდხანს გაგახარებთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way