USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 ნოემბერი?!
 787

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღის პრობლემების გადასაჭრელად ძველი ხერხების ნაცვლად, ახალი, განსხვავებული საშუალებები გამოიყენოთ. სასურველი შედეგის გარდა, ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამოს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნაყოფიერი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ოცნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგათ. მოერიდეთ რჩევების მიცემას მაშინ, როცა ამას არ გთხოვენ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს სურვილი აუსრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ უნდა გასცდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს უბრალოდ ვალდებული ხართ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ! თქვენი ნებისმიერი წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. სურვილის შემთხვევაში რთული საკითხების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც დიდი ხანია პრობლემებს გიქმნით. ეცადეთ, პიროვნული ხიბლი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არ გაწყვიტოთ კავშირი მეგობართან ან ოჯახის წევრთან, რომელიც თქვენგან შორს არის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ და საკუთარ კეთილდღეობაზე კონცენტრირდეთ. ამ დღეს მიღებული დადებითი ემოციები ძალიან დიდხანს გაგყვებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში. ნებისმიერი შესყიდვა უმჯობესია, სამომავლოდ გადადოთ და საერთოდ, ამ დღეს საფულეს გახსნას მოერიდოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია მშვიდი და კარგად ნაცნობი აქტივობებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მნიშვნელოვანი პროექტი ან რთული საქმე წამოიწყოთ. ქარიზმა პარტნიორებთან მოლაპარაკებებში და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სწრაფი რეაქცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენათა განვითარება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ. ხვალ ამ სიტუაციას სხვა თვალით შეხედავთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

წინააღმდეგობრივი დღეა. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ - თქვენ შეძლებთ, სამსახურში ან სახლში მოსალოდნელია უთანხმოება და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რთული პროექტების განხორციელებაზე დროს ნუ დაკარგავთ - ამ დღეს მხოლოდ ადვილად მისაღწევი მიზნები უნდა დაისახოთ. სამსახურებრივ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეთ და პროცესი მუდმივად აკონტროლოთ, რათა კონკურენტებმა ვერ დაგაზარალონ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების ჩივილების მოსმენა და მათთვის რჩევების მიცემა მოგიწევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ და საკუთარი გამოცდილების მიხედვით იმოქმედოთ. ხელსაყრელი დროა სიახლეებისთვის: შეგიძლიათ თეატრს, მუზეუმს ან უბრალოდ, სილამაზის სალონს ეწვიოთ, ინტერიერის ახალი ნივთები შეიძინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ძველი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომლის დასრულებასაც ვერ შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარების თხოვნა მოგიწევთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ურთიერთობები სარგებელს და დადებით ემოციებს მოგიტანთ. თანამოსაუბრის მოხიბვლა და დარწმუნება არ გიჭირთ ამიტომ ეცადეთ, ეს უპირატესობა თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. გაიცანით ახალი ადამიანები და მიიღეთ საინტერესო მოწვევები - ეს თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოერიდეთ აგრესიულ მოქმედებას და ეცადეთ ,კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სხვების რჩევებს ნაკლებად უსმინეთ და საკუთარ ინტუიციას ენდეთ. იდეები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, უნდა დაიმახსოვროთ - მალე მათ განხორციელება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати