USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 ოქტომბერი?!
 1377

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ინფორმაციის ნაკადში რომ არ დაიბნეთ, მხოლოდ იმას უნდა უსმინოთ, რაც თქვენს საქმიანობას ან ინტერესის სფეროს ეხება. ვარსკვლავების აზრით, ამ დღეს მნიშვნელოვანი სიახლეები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ. საღამოს უწყინარ ხუმრობას შეიძლება ახლობელთან კონფლიქტი მოჰყვეს, ამიტომ ყურადღებით იყავით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი დაგროვილი საქმეების დასრულებას დაუთმოთ, რადგან სადილის შემდეგ ემოციური ფონი გაიზრდება, რაც კოლეგებთან ურთიერთობაზე აისახება. მოლაპარაკებები და დისკუსიები, თუ შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადეთ, რადგან შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება ვითარება დაძაბოს. ამ დღეს წამოჭრილი პრობლემები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დღის მერე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ - მოსალოდნელია კონფლიქტი როგორც კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანებთან. სავარაუდოდ, დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ამ დღეს ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი კომუნიკაციის სიმარტივით და კარგი განწყობით გაგახარებთ. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და ყველა მნიშვნელოვანი დავალება სადილამდე დაასრულოთ. საღამოს სიტუაცია შეიცვლება - შესაძლოა, ახლობელთან ურთიერთობის გარკვევა ან მოულოდნელად მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

არ დაგეზაროთ და ყველა საინტერესო იდეა და აზრი, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, უბის წიგნაკში ჩაიწერეთ. მნიშვნელოვანი და რთული საქმეები უმჯობესია დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. საღამოსთვის თქვენი ოპტიმისტური განწყობა შემცირდება. არ არის გამორიცხული სტრესული სიტუაცია, საიდანაც თავის დაღწევა მოგიწევთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოები დილისთვის უნდა დაგეგმოთ. საღამოს მოსალოდნელია ტექნიკური პრობლემები ან რთული საუბარი, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ხვალ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მაღალი ემოციური ფონია. სავარაუდოდ, დილიდან უამრავი პრობლემის გადაჭრა და ცხარე დებატებში მონაწილეობა მოგიწევთ. ამ დღეს სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ ეს საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. სადილის შემდეგ გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა და შეთახმების მიღწევა გაგიჭირდებათ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან კამათში ძველი პრობლემები არ გაიხსენოთ

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. ეს კარიერულ წინსვლასა და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. ეცადეთ, მეტი დიპლომატია გამოიჩინოთ და ემოციებს თქვენი ქმედებების გაკონტროლების უფლება არ მისცეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს სასარგებლო იქნება ინტელექტუალური საქმიანობა, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ. დილა ხელსაყრელია ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. საღამოს რთული ან უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ, თუმცა შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ ის, რასაც ის გიკარნახებთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way