USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 მაისი?
 1122

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სამსახურში კოლეგების დახმარება და მათი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ და შესაძლოა, საკუთარი მოვალეობა ვერ შეასრულოთ. მზად იყავით მენეჯმენტისგან კრიტიკისთვის და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მომავალზე და მიზნის მიღწევის გზებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, მაგრამ ზოგჯერ მიმდინარე პრობლემები გავიწყდებათ. თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების განხილვის, დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და ახალი ვალდებულების აღებისგან.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები და უსიამოვნებები, თუმცა სიტუაცია თანდათან უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ იპოვით რთული პრობლემის მოგვარების გზას, რომელსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. ასევე საბოლოოდ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა გარიგებებისთვის. ამ დღეს ფინანსურ საქმეებში არ ცდებით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი მიზნების შესახებ ხმამაღლა განაცხადოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებთ, ძალიან დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობისგან და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მას ახლა თქვენი მზრუნველობა და გაგება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

წარმატების მისაღწევად მეტი სერიოზულობა გჭირდებათ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისთავად, თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ფრთხილად იყავით - წარუმატებელი შესყიდვები და ტრანზაქციები ფინანსურად დაგაზარალებთ. შრომითი ხელშეკრულება ყურადღებით წაიკითხეთ და ნუ ენდობით მათ, ვინც ძალიან ბევრს გპირდებათ. შესაძლოა, ძველ პარტნიორთან თანამშრომლობა განაახლოთ. საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით, ამიტომ ბევრი დაუგეგმავი ხარჯი გელით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ბევრ საქმეში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიოთ. სირთულეების და სიახლეების არ გეშინიათ. სწორედ ასეთი განწყობა დაგეხმარებათ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. იცით, ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და რაზეც ნერვიულობთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. დღის პირველ ნახევარში მცირე სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. შესაძლოა, ბიზნესპარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ, მაგრამ ეს მიზნების მიღწევაში ხელს არ შეგიშლით - უკვე მიეჩვიეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები - ვიღაცას თქვენი ხუმრობა ან უწყინარი შენიშვნაც კი აღიზიანებს, თუმცა ხვალ ეს მცირე ინციდენტი არავის ემახსოვრება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დაძაბული დღეა. საკუთარი თვალსაზრისის დაცვა და გეგმების განხორციელება სრულიად მარტოს მოგიწევთ. ნუ იქნებით გულწრფელი ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. უმჯობესია, საკუთარი და სხვისი საიდუმლოებები თქვენთვის შეინახოთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების განხილვისთვის. მოერიდეთ გადაღლას. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას, თავს მით უფრო უკეთესად იგრძნობთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან საუბარი და მათი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ და საკუთარი საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით. არახელსაყრელი დღეა საჯარო გამოსვლებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. როგორი გეგმებიც არ უნდა გქონდეთ ამ დღისთვის, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საქმე სერიოზულობას მოითხოვს

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, თანამოაზრეები იპოვოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. ეცადეთ, ინიციატივა უფრო ხშირად გამოიჩინოთ – თქვენი იდეები საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. ფინანსური და კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დანიშნოთ, რაც პარტნიორის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს წარმატების მისაღწევად მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ - შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი შენიშნოთ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი მაქსიმალური სიმშვიდით უნდა განიხილოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეთქებადი ხასიათი ურთიერთობებში ხელს გიშლით. გარიგებების დადებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სრული იდილია და ურთიერთგაგება სუფევს. ახლობელ ადამიანებს თქვენი უთქმელადაც ესმით, რაც საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელი გარიგება დადოთ ან თანამშრომლობაზე შეთანხმდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ფინანსურ საქმეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. წარუმატებელი შესყიდვები და გარიგებები სერიოზულად დაგაზარალებთ. სანამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელს მოაწერთ, ეცადეთ, ყველა საკითხი გულმოდგინედ შეისწავლოთ და თუ საჭიროა, სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ მცირე კონფლიქტები გარდაუვალია.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way