USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 დეკემბერი?!
 774

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ პირად ან საქმიან ურთიერთობებში რაღაც არ მოგწონთ, ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი მოახვიოთ, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, კრიტიკულ მომენტში განყენებულ თემაზე გადაიტანოთ საუბარი. უფროს ნათესავებთან ურთიერთობამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ახალი, საინტერესო ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი დღეა, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით და ხალხმრავალ ადგილებს ეწვიეთ. თქვენი ქარიზმატული ბუნება ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. სხვა ადამიანების პრობლემებში შესანიშნავად ერკვევით და მათი დახმარებაც მშვენივრად გამოგდით. ამ თვისებების წყალობით, რომელიღაც მეგობარს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შეგიძლიათ, ეს დღე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუთმოთ. სავარაუდოდ, თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავ გამოყენებას მოუძებნით. საქმეს ჩვეულზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები მარტივი და ეფექტიანია. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ნებისმიერ კამათში ძლიერი არგუმენტები გაქვთ, რაც მოწინააღმდეგეს ფარ-ხმალს დააყრევინებს. ლოგიკური მსჯელობით გარშემო მყოფებს გააოცებთ. შესაძლოა, მენეჯმენტის ქებაც კი დაიმსახუროთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საუბარში დაუფიქრებელ სიტყვებს მოერიდოთ. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გაგიხდეთ. არახელსაყრელი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ამიტომ ეცადეთ, საღამო მშვიდად გაატაროთ და ორშაბათისთვის ძალები მოიკრიბოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დილიდან დადებითი ემოციებითა და შესანიშნავი იდეებით ხარ სავსე. მიმზიდველი გარეგნობისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევთ. ხელსაყრელი დროა თვითგანათლებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კურსებზე დარეგისტრირდეთ. მთავარია სიტუაცია არ გაართულოთ - თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ყურადღება, ძირითადად, საკუთარ თავსა და საჭიროებებზე გაქვთ გადატანილი. ეს დღე ხელსაყრელია ძველი პრობლემების მოგვარებისთვის. თუ შესაძლებლობა გაქვთ, სასურველია, რომ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ. ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს, სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტი და ხანმოკლე მკურნალობა სჭირდება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას და მათ შეფარულ პროვოკაციებს სიმშვიდით უპასუხეთ. არახელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. უმჯობესია, საოჯახო საქმეებზე კონცენტრირდეთ. დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ხალხმრავალი ადგილები მოინახულოთ - ეს განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მეგობრების მესაიდუმლე და დამხმარე ხართ, ამიტომ თქვენთან ურთიერთობას ბევრი ცდილობს. ადამიანები თქვენს მხარდაჭერას გრძნობენ და მადლიერებით გპასუხობენ. თქვენი გაწონასწორებული ხასიათი სამსახურშიც გეხმარებათ და პირად ცხოვრებაშიც. ვარსკვლავები ენერგიას მოგცემენ, რაც ამ ეტაპზე ძალიან გჭირდებათ და თქვენს მოტივაციას აამაღლებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მოახლოვებული დღესასწაულის წინ სახლის განახლების დაუძლეველ სურვილს გრძნობთ. სულ ერთია, მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახთან ერთად, ახალ წლამდე ახალი იდეების განხორციელება გსურთ. მათგან ზოგი საინტერესოა, მაგრამ ზოგადად, ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საუბარი ან საქმიანი მივლინება წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღეს მიეცით თავს დასვენების უფლება. გაერთეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ან გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, უყურეთ ფილმს, წაიკითხეთ წიგნი... მარტოხელა მერწყულებს ექნებათ შანსი, რომ სიახლე შეიტანონ პირად ცხოვრებაში. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ითხოვთ. ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ აჩქარება და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არაფერში გჭირდებათ. გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს და ყურადღება ყველაზე მთავარ საკითხებზე გაამახვილეთ, მეორეხარისხოვანი პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ სამომავლოდ შემოინახოთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати