USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 მაისი?
 1279

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

საქმეზე ყურადღების კონცენტრირება და დაწყებულის დასრულება გიჭირთ, რაც ძალიან გაღელვებთ და გაღიზიანებთ. მზად იყავით კრიტიკის მოსასმენად და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, რომ წვრილმანებს ყურადღება უნდა მიაქციოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც თქვენი ნდობის მოპოვებას ძალიან დაჟინებით ცდილობს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

წარმატების მიღწევა ყოველთვის ადვილი არ არის. შესაძლოა, გარისკვა და რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, რადგან დახმარება ძალიან დააგვიანებს. მოერიდეთ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - ამ დღეს გრძნობებში გარკვევა გიჭირთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს თქვენი იდეებით შეიძლება გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. შედეგად, ისეთ მხარდაჭერას მიიღებთ, როგორზეც ვერც იოცნებებდით. ახლობელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს განიხილავთ და ყველასთვის მისაღებ გამოსავალს იპოვით. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მოგებიანი გარიგებების დადებას კომერციისგან შორს მდგარი ტყუპებიც კი შეძლებენ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

წინააღმდეგობრივი დღეა. იმაზე მეტი საქმე გექნებათ, ვიდრე ელოდით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი დასრულება შეძლოთ. ადამიანებმა, რომლებიც დახმარებას დაგპირდნენ, შეიძლება რთულ დროს პრობლემებთან მარტო დაგტოვონ. თუმცა, მათ არ ადანაშაულებთ, რადგან ხვდებით, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო. ფინანსურ საკითხებში ეცადეთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები აუცილებლად დანაკარგებს გამოიწვევს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ კონფლიქტები მოაგვაროთ და თავი დააღწიოთ იმას, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - თუ ამას გააკეთებთ, უმნიშვნელო საკითხებზე ნერვიულობა და უსარგებლო საუბრებზე დროის დაკარგვა აღარ მოგიწევთ. შეიძლება მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნაკლებად ნაყოფიერი, მაგრამ სასიამოვნო დღეა. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას და შეთანხმებას ადვილად ახერხებთ. შეიძლება ახალი თანამოაზრეები აღმოაჩინოთ და გრძელვადიან თანამშრომლობაზეც შეთანხმდეთ, მაგრამ მზად იყავით, რომ მოგვიანებით მისი პირობები გადაიხედება. ამ დღეს თუ არ იზარმაცებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ სხვების აზრს ანგარიშს არ გაუწევთ, ამას შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. შეეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და ახალი ვალდებულებების აღებას. განსაკუთრებით თუ ეს ფულს ეხება. გახსოვდეთ, ამ დღეს ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნივთის შეძენამდე ან გარიგების დადებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონეთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, ეცადეთ, გეგმები სწრაფად შეცვალოთ, რათა გარემოებები თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან და უფროსებთან. მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციის დაცვა რთული იქნება. მოგვიანებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალი წყაროს პოვნის შანსი გაჩნდება. საღამოს სასიამოვნო ამბებს უნდა ელოდოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. პოზიტიური ემოციების წყურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მშვიდი და სასიამოვნო დღეა. მიმდინარე საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით და საშუალება გექნებათ, ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. ამით საინტერესო ურთიერთობა დაიწყება. შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას, რომელთა მოგვარებაში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

სირთულეებით სავსე, დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ არ დანებდეთ, თუნდაც მოვლენები თქვენთვის წამგებიანი სცენარით განვითარდეს. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც გსურთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობენ. ამ ადამიანებმა შეიძლება გამოიყენონ და გიღალატონ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, გამძლეობა და თავდაჯერება გამოიჩინოთ. აკეთეთ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლით და გარშემო მყოფთა აზრს ყურადღებას ნუ აქცევთ. ეცადეთ კრიტიკას მშვიდად მოეკიდოთ და შენიშვნებმა არ გაგანაწყენოთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ამ სფეროში ინტუიცია არ გიღალატებთ - ყველაზე სარისკო გადაწყვეტილებებიც კი წარმატებული იქნება.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way