USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 დეკემბერი?!
 856

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზიარებთ და დავალების შესრულებაში ეხმარებით. ზოგი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელიც მოგვიანებით ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი გახდება. თვითკრიტიკაში ცუდი არაფერია. პირიქით, ამ დროს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებთან ბრძოლის დასაწყებად.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ წვრილმანი პრობლემები ისე გაწუხებთ, რომ თავს ბედნიერად არ გრძნობთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ მხიარული და ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ და საკუთარ პოზიტივს გაგიზიარებთ. შესაძლოა, კოლეგებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ და უარი არ უნდა უთხრათ. ერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და ეცადეთ, ერთად ყოფნისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ ჯერ არ გესმით, სიტუაცია რამდენად სერიოზულია, მაშინ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. მიმდინარე საქმეებს რაღაც აფერხებს და საბოლოო შედეგამდე იმაზე გრძელი გზა უნდა გაიაროთ, ვიდრე გგონიათ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ შესაძლებელია, ყველაფერი მომდევნო დღისთვის გადადეთ და სახლში ცოტა ადრე წადით. ოჯახთან ერთად გატარებული დრო გაცილებით მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც თქვენზე ძლიერ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ცვლილებებისკენ გიბიძგებენ, რომლებისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგამ საღამოს კაფეში დასაჯდომად და სასაუბროდ მიგიწვიოთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით – შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და გაგინაწყენდეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღე შესაფერისია მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ეს უფრო დაგაახლოებთ და თქვენი გუნდური მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი გახდება. ზოგი ლომი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება, ზოგს კი ძველი სიყვარული დაუბრუნდება და ურთიერთობის განახლებას მოინდომებს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ამ შეთავაზებას მიიღებთ თუ არა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნაკლები იოცნებეთ, თორემ რეალობას მოწყდებით და სამუშაო შეუსრულებელი დაგრჩებათ. ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით - ქანცგაწყვეტამდე, შეუსვენებლად მუშაობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრების გამო საყვარელ ადამიანთან იკამათოთ

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე გელით. გირჩევთ, სიტუაციის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ, თორემ მოვლენების განვითარების ლოდინი დიდხანს მოგიწევთ. სამსახურში საქმე უინტერესოდ მიდის, ამიტომ აჯობებს, რომ ამ დღეს მეტი დრო ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პროექტი, რომელზეც ამ ბოლო დროს მუშაობდით, თითქმის დასრულებულია. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, გირჩევთ, თქვენი გეგმა მცირე ნაწილებად დაყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, პირად ურთიერთობებში საყვარელ ადამიანს მეტად ენდოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საშიში არაფერია თუ კოლეგის მიმართ გრძნობები გაგიჩნდათ. ნუ ნერვიულობთ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი - როგორც არ უნდა მოიქცეთ, ისინი ყოველთვის რაღაცას ამბობენ. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნუ აჩქარდებით და ტანსაცმელი გულმოდგინედ შეარჩიეთ – ამ დღეს ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ნუ ცდილობთ ათი საქმის ერთდროულად კეთებას, რადგან შუა გზაზე ძალა გამოგელევათ და ათივე საქმე დაუსრულებელი დაგრჩებათ. ნუ შეგეშინდებათ გარშემო მყოფებთან გულწრფელად საუბრის. მშვენიერი დღეა მოკავშირეებთან ერთად საერთო გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ, წადით სადმე ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. საღამოს შეიძლება, ძველ ნაცნობებს შეხვდით, რომლებთანაც ბევრი განსახილველი თემა დაგიგროვდათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ნუ გგონიათ, რომ იმის გაკეთება, რაზეც ოცნებობთ, ასაკის, სტატუსის, წონის ან სხვა ფაქტორის გამო დაგვიანებულია. თუ რამის გაკეთება ნამდვილად გსურთ, მოქმედების დროა. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები და ცვლილებები. თუ რაღაც ვერ გაიგეთ, ვარაუდებით მოქმედებას სჯობს, ახლობელ ადამიანებს რჩევისთვის მიმართოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ამ დღეს რაღაც სასარგებლო გააკეთოთ. საქმეში რაც უფრო მეტ შრომას ჩადებთ, მით უფრო მეტ ფულს, კეთილგანწყობას და სხვა სიკეთეებს მიიღებთ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. გირჩევთ, შეცდომები დაუყოვნებლივ გამოასწოროთ, სანამ მათ შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდება. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვიდადაა. ასე რომ, შეგიძლიათ, სტაბილურობით ისიამოვნოთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way