USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 აპრილი?
Date:  2268

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის:

ვერძი

გირჩევთ ეს დღე ძველი საქმეების დასრულების და ახლის დაწყებისთვის გამოიყენოთ. ნებისმიერ საქმეში იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ და მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ შეხედულებების ან ღირებულებების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ, დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.

კურო

ამ დღეს ყველაზე კარგად რთულ დავალებებს უმკლავდებით. თქვენს თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოეპარება. ცოდნა და გამოცდილება მიზნის მიღწევისთვის უმოკლესი გზის პოვნაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

საინტერესო დღე გელით. სირთულეები დაბრკოლებები მოსალოდნელი არაა, ამიტომ შეგიძლიათ ჩანაფიქრის განხორციელებას დილიდან შეუდგეთ. თამამი პროექტის დასრულებაში ერთგული მეგობრები დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელიც მომავალში დიდ შემოსავალს მოგიტანთ. იდეა რომ არ დაგავიწყდეთ, კალამი და ქაღალდი მუდმივად თან ატარეთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ. ხელსაყრელი დღეა შერიგებისთვის - თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, გირჩევთ პატარა ოჯახურ წვეულებაზე მიიწვიოთ და გაუგებრობას წერტილი დაუსვათ.

ლომი

ხელსყრელი დღეა უჩვეულო იდეების განხორციელებისთვის. დროა, მუშაობის ძველი სტილი დაივიწყოთ და პრობლემის გადაჭრის ინოვაციური ხერხი მოსინჯოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს წარმატებას და გამომგონებლობას შენიშნავს. უმჯობესია, საღამო ხალხმრავალი ადგილის ნაცვლად მყუდრო, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს სასურველია, მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დანიშნოთ - დღის ამ მონაკვეთში გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ძველი, თითქოს უიმედო საქმე შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. დილიდან სამუშაო განწყობაზე ხართ, ამიტომ ბევრი საქმის დაწყებას და დასრულებას შეძლებთ. პრობლემა, რომელიც ბოლოს დროს ძალიან გაღელვებთ თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შესაძლოა, რაღაც საქმის ან მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

მორიელი

რთული და დაძაბული დღეა. თქვენი დახმარება, რჩევა ან ყურადღება ერთდროულად უამრვ ადამიანს დასჭირდება. იძულებული ხართ სხვა ადამიანების პრობლემებს გაუმკლავდეთ და მოულოდნელად წამოჭრილი საკითხები მოაგვაროთ. შუადღის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. არსებობს ახალი ურთიერთობის დაწყების შანსი.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის. დროა გატკეპნილ ბილიკზე სიარული შეწყვიტოთ და ახლებურად ცხოვრება დაიწყოთ. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება.

თხის რქა

ეს დღე ნერვიულობისთვის უამრავ მიზეზს მოგცემთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემებს სხვა მხრიდან შეხედოთ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, რამდენიმე დადებით ასპექტს შენიშნავთ, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მერწყული

მოჭარბებული ენერგია მიმდინარე საქმეებში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ადამიანების დარწმუნება კარგად გეხერხებათ, ამიტომ მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნა არ გიჭირთ. მარტოხელა მერწყულებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით, დაოჯახებულებს კი ოჯახის წევრებთან ერთად მყუდრო და სასიამოვნო საღამო.

თევზები

ეცადეთ მშვიდი განწყობა შეინარჩუნოთ და დღის განმავლობაში თქვენთვის მოწყობილ პროვოკაციებს არ აჰყვეთ. მიმდინარე მოვლენებს გვერდიდან შეხედეთ - ეს დაგეხმარებათ იმედგაცრუება და ზედმეტი განცდები თავიდან აიცილოთ. საღამოს რთული საქმის დასრულებას შეძლებთ და შესაძლოა, მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way