USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 დეკემბერი?!
 841

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობა დღის მთავარი საზრუნავი გახდეს - სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთმა პირობა არ შეასრულა ან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებთ. მშვენიერი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების ან იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხათ, რათა თაღლითების მსხვერპლად არ იქცეთ. უცნაურია, მაგრამ თქვენს მოტყუებას საყვარელი ადამიანებიც კი ეცდებიან. ყურადღებით შეისწავლეთ შემომავალი ინფორმაცია და წინადადებები, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ. საღამოს მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგიწევთ, რომლებიც ოჯახს და ახლობლებს აწუხებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები, რომლებზეც ხელის მოწერას აპირებთ. დაპირებებს ნუ დაუჯერებთ და ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შეხედეთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოსალოდნელია ცხოვრებისეული შეხედულებებისა და პრინციპების ცვლილებები. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს ან შვილებს ეხება. ყურადღება მიქციეთ ჯანმრთელობას და თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ნუ გააჭიანურებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პლანეტების კეთილგანწყობა თავდაჯერებას და ქარიზმას შეგმატებთ და საშუალებას მოგცემთ, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე ყურადღება მიიქციოთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. სწორად შედგენილი გეგმა და მონდომება დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობისას ფხიზლად უნდა იყოთ - სავარაუდოდ, თქვენს მოტყუებას ეცდებიან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საქმე თავზე საყრელად გაქვთ, მაგრამ სწორად შედგენილი გეგმით ყველაფრის დასრულებას შეძლებთ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ, რეალისტური მიზნები დაისახოთ და ზედმეტი ვალდებულებები თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ და დაისვენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს როგორც პირადი, ისე პროფესიული ურთიერთობა ჰარმონიულია. არახელსაყრელი დღეა დიეტის, ჯანსაღი კვების ან ვარჯიშის დაწყებისთვის. სამსახურში მოსალოდნელია სხვადასხვა ცვლილება. გირჩევთ, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მოგცემენ, უფრო საზიანო იქნება, ვიდრე სასარგებლო.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ემოციებით სავსე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრობლემებს შეეჯახოთ, შინაგანი ძალა და მონდომება დაგეხმარებათ, სირთულეები გადალახოთ. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას, რადგან ის შეიძლება ღია მტრობაში გადაიზარდოს. პირად ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით, რომელსაც მალე დავიწყებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები ბიზნესში. მარტოხელა მშვილდოსნების ცხოვრებაში მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და დისციპლინას მოითხოვს, რაც დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეა გეწვევათ. შესაძლოა, შედგეს გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ინტელექტუალური შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს თვალსაწიერს მნიშვნელოვნად გააფართოებს. დღეს მეორე ნახევარში შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ფულს ყურადღება მიაქციეთ და ხურდა კარგად დაითვალეთ - ვიღაც თქვენს გაძარცვას ეცდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ მუშაობის განწყობაზე არ ხართ, გირჩევთ ამ დღეს დაისვენოთ, გაისეირნოთ, წიგნი წაიკითხოთ ან ტელევიზორს უყუროთ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ - იმედგაცრუებული დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way