USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 სექტემბერი?!
 579

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, რთული დღეა - საყვარელ ადამიანთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. შესაძლებელია უსაფუძვლო ეჭვები და ამის გამო, ჩხუბი. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ახლობლებს დღეს თქვენი დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ.

ამ დღეს შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საკუთარ ინტერესებსა და საყვარელი ადამიანების სურვილებს შორის რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ გეგმების დამოუკიდებლად განხორციელებას ვერ ახერხებთ, დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს უნდა მიმართოთ.

შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები და ფინანსური დანაკარგები, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, იმედი არ დაკარგოთ. ამ დღეს კარგი განწყობა და ოპტიმიზმი წარმატების აუცილებელი პირობაა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა. დროა, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი რამაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სიტუაციის ობიექტური შეფასება, ამიტომ გირჩევთ „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ.

დღის მეორე ნახევარში ხმაურიანი დაპირისპირება გელით. სურვილის მიუხედავად, პრობლემის მშვიდად და დელიკატურად მოგვარებას ვერ შეძლებთ. გამოწვევებით სავსე დღეა, მაგრამ შანსი გაქვთ, რომ ღირსეულად დაძლიოთ და ღირებული გამოცდილება მიიღოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს უსიამოვნო სიურპრიზები გელით. ძველ პარტნიორებთან ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, ამიტომ ახალი კავშირები უნდა დაამყაროთ. არ არის გამორიცხული პრობლემები სამთავრობო უწყებებთან და მაკონტროლებელ ორგანოებთან.

ფრთხილად იყავით - შეიძლება ძვირფასი ნივთი დაკარგოთ ან ძარცვის მსხვერპლი გახდეთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სიარულისგან, რადგან შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ და უფულოდ დარჩეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. გავლენიანი ადამიანების დახმარებით თამამ იდეებს განახორციელებთ და გარშემო მყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ.

ზოგიერთი ლომი დაუგეგმავ შემოსავალს მიიღებს ან დავიწყებულ ვალს დაუბრუნებენ. მშვენიერი დღეა ხალხმრავალ წვეულებებზე გართობისა და საჯარო გამოსვლებისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობობა გაგახარებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეჭვებით სავსე ხართ და ყველგან ინტრიგები და შეთქმულებები გელანდებათ, რაც საქმიან ურთიერთობებზეც აისახება და პირადზეც.

ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ - ეს უკეთესია, ვიდრე რეალურ თუ წარმოსახვით მტრებთან ბრძოლა. ამ დღეს ფიზიკური აქტივობები აუცილებელია, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს წარმატებით გაუმკლავდებით პრობლემებს, რომლებსაც სხვები ვერ უმკლავდებიან. საქმიანი მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის. კონფერენციებზე, სემინარებსა და მსგავს ღონისძიებებზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით.

ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში ცოტაოდენი მრავალფეროვნება შეიტანოთ - მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი, გაახარეთ მოულოდნელი საჩუქრით და ეს თქვენც განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგებისთვის. სავარაუდოდ, მოგებიანი გარიგებების დადებას და მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. ასევე შეიძლება ძველ პარტნიორებთან ურთიერთობა აღადგინოთ.

ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის, თუმცა ურთიერთობა ისე არ განვითარდება, როგორც ელით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეებისა და ინიციატივების წარდგენას, რათა თავზე საყოველთაო რისხვა არ დაიტეხოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, პრიორიტეტები დასახოთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ. ამ დღეს დაწყებული თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და მოგების გარდა, ღირებულ გამოცდილებასაც მოგიტანთ.

ოჯახში ურთიერთგაგება სუფევს, ამიტომ უთანხმოება და კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. შეყვარებულ თხის რქებს ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და განტვირთვა სჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის - საქმიანი მოლაპარაკებების, მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი, უბრალოდ ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. მარტოხელა მერწყულს საინტერესო ნაცნობობა ელის.

თუ სახლში დარჩით, ეცადეთ არ მოიწყინოთ, მით უმეტეს, რომ ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გაქვთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. მთავარია, საკუთარ სურვილებში გაერკვეთ და მოლოდინებსა და შიშებს მოერიოთ. ეცადეთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ - ეს პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ ურთიერთობის დამყარებას, რომელსაც დიდი ხანი ვერ ახერხებდით. ბევრი თევზი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაძაბულობის პერიოდის დასრულებას შეძლებს

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати