USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 ნოემბერი?!
 882

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. შესაძლოა თქვენი პატარა ოცნებები ახდეს. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ მსხვილი შესყიდვები დაგეგმოთ ან საინტერესო პროექტში ინვესტიცია ჩადოთ. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან - გამორიცხული არ არის, რომ თაღლითის ან მანიპულატორის მსხვერპლი გახდეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ შესაძლებელია, იპოვეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. უმჯობესია, რომ რთული საქმეების კეთება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ამ მიმართულებით შედეგს ვერ მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ხშირად დაისვენოთ ხოლმე. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში უნდა იტრიალოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები იღბლიან დღეს გპირდებიან. მოგებიანი შეთავაზება ან მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ, მესამედ და იმდენჯერ უნდა სცადოთ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. მთავარია, არ დანებდეთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შვილებს და ოჯახის დანარჩენ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საოჯახო საქმეების კეთება მოდუნებასა და სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ურთიერთობაში კონფლიქტები და დაპირისპირებები თავიდან აიცილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს უაზრო და არაფრისმომცემ გარჩევებში გაატარებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გარშემო მყოფებთან აქტიური ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო ინფორმაციები მოისმინოთ. მშვენიერი დღეა საშოპინგოდ. გირჩევთ, საკუთარი თავი სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ ახალ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და დაასრულოთ რთული პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები და რისკები საგულდაგულოდ უნდა შეაფასოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოთხ კედელში არ იჯდეთ, ხალხში გაერიოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვიდადაა - სრული თანხმობა და ჰარმონია სუფევს. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც თავიდან აიცილოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. ეცადეთ, გამოფხიზლდეთ და სამუშაო განწყობა დაიბრუნოთ - ივარჯიშეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და შემდეგ მუშაობას შეუდექით. ამ დღეს მხოლოდ ერთი და ყველაზე ადვილი საქმე უნდა აირჩიოთ - რამდენიმე საქმისთვის არც ძალა გეყოფათ და არც მონდომება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გირჩევთ, საყვარელი ადამიანის პრობლემებით დაინტერესდეთ და გამოსავალი ერთად იპოვოთ. მთავარია სიტუაცია არ გაართულოთ - თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და კომპრომისშია. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური შეთავაზება მიიღოთ, რომელსაც აუცილებლად უნდა დათანხმდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ, რომელი საქმე მოგიტანთ შემოსავალს და რომელი იმედგაცრუებას. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, კითხვაზე დაუფიქრებელ პასუხებს ნუ გასცემთ, რათა გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ. მიზნის მისაღწევად გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ ასე წარმატების მეტი შანსი გექნებათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, ფინანსური ხარჯები გამუდმებით აკონტროლოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ ფულის დაგროვება ახლავე უნდა დაიწყოთ. ეცადეთ, ოჯახს და მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დაპირება აუცილებლად შეასრულოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати