USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 ივლისი?
Date:  721

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ამიტომ ხშირად უფრო ენერგიული და ხალისიანი ადამიანები გიზიდავთ. ეცადეთ წარსული გამოცდილებიდან ისწავლოთ, შეცდომები გამოასწოროთ და აღარასოდეს გაიმეოროთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გიღალატეს, რადგან მათ ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლიათ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ. მოერიდეთ დასკვნების გამოტანას, სანამ მიღებულ ინფორმაციას არ შეისწავლით. ხალხმრავლობას ერიდეთ. უმჯობესია, ეს დღე საკუთარ თავთან განმარტოებით გაატაროთ. ნუ ეცდებით იმის შენარჩუნებას, რამაც თქვენს თვალში ფასი დაკარგა. დაიცავით წესები, ფრთხილად, რისკის გარეშე იმოქმედეთ და წარმატებას მიაღწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ეცადეთ არ გადაიღალოთ და ძილი არ დაიკლოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებიც შესაძლოა, ვერ შეასრულოთ. ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. უზარმაზარი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ იმისთვის, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ, დაგროვილი პრობლემები განიხილოთ და ოჯახის ბიუჯეტი დაგეგმოთ. არ ინერვიულოთ მეგობრებთან, ოჯახთან ან ბავშვებთან შესაძლო კონფლიქტის გამო, თქვენი შეხვედრები მაინც გულწრფელ ატმოსფეროში წარიმართება. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ პრობლემას მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან არ უყუროთ და პასუხისმგებლობა აიღოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ ზედმეტ პრაქტიკულობას და რაციონალიზმს მოერიდოთ - შეიძლება ეს გარშემომყოფებმა არასწორად გაიგონ. ეცადეთ მოდუნდეთ და გამოსავალს უფრო ადვილად იპოვით. არის დღეები, როცა სურვილების დათრგუნვა გვიწევს და დღეს სწორედ ასეთი დღეა. შეეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ფხიზლად იყავით, თქვენი მტრები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და თქვენს დაზიანებას ცდილობენ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვენიერი დღეა ხანმოკლე რომანების, პაემნებისა და ფლირტისთვის. პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით ამ დღეს ნებისმიერს მოხიბლავთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს - შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან არასასურველ ადამიანებს შეხვდეთ. იმისთვის, რომ ამ დღემ მეტი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საკუთარი შრომის ნაყოფს მოიწევთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი დაიწყება, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება ივარაუდოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ პარტნიორს უფრო ხშირად და ყურადღებით მოუსმინოთ

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შეიძლება ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი შესაძლებლობები და ნიჭი გამოავლინოს. იმედს ნუ დაკარგავთ, თუნდაც პრობლემებს თავს ვერ აღწევდეთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის ან გატაცებისთვის. წარმატების მისაღწევად თქვენი ყოველი ნაბიჯი ლოგიკურად უნდა გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო გაუგებრობებს თავიდან ვერ აიცილებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ნუ გამოიჩენთ ინიციატივას სამსახურში და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე დაძლევა შეგიძლიათ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება არაერთი სირთულე და დაბრკოლება შეგხვდეთ. სამსახურში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება, მაგრამ ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ უნდა გაამხილოთ და, ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი უნდა იყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ხმაურიან წვეულებებს უნდა ერიდოთ და უპირატესობა წყნარ და მყუდრო ადგილებს მიანიჭოთ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი თქვენს ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვინც კარგად არ გიცნობთ, ამ დღეს ზედაპირული და არასერიოზული მოეჩვენებით. გირჩევთ საკუთარ პრინციპებს გაუფრთხილდეთ და კარგად გაიაზროთ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ახალი ნაცნობი უახლოეს მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს რაღაცის გამოსწორების შანსი გაქვთ. ეს შეიძლება ძველი პრობლემა იყოს, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ ან მოვლენა, რომელიც შეგიძლიათ საჭირო მიმართულებით მიმართოთ. მივლინება კარგად ჩაივლის, განსაკუთრებით თუ დილით დაგეგმავთ. მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, თორემ ამან შეიძლება მეტი პრობლემა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვიოს.
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way