USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 ოქტომბერი?!
 600

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ოქტომბერი:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვაზე - სად მიდის ფული, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. თუმცა, მარტო პასუხის პოვნა საკმარისი არ არის. ის ხვრელიც უნდა ამოავსოთ, საიდანაც თქვენი ფული მუდმივად გაედინება. ფინანსებთან დაკავშირებით კამათს და ურთიერთბრალდებებს უნდა მოერიდოთ - ეს ნერვების მოშლის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე კარგად იცით - ვინ, რა და როდის უნდა გააკეთოს და საკუთარ სიმართლეში გარშემო მყოფების დაჯერებას ცდილობთ. გამირიცხული არ არის, რომ ამას კონფლიქტები მოჰყვეს. იქნებ საჭირო არ არის ვინმესთვის რამეს დამტკიცება? ამის გარეშე თქვენი დღე ბევრად უფრო მშვიდი და ნაყოფიერი იქნება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ! თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში რამე გაწუხებთ ან ხელს გიშლით, ეცადეთ, ამაზე გულწრფელად და პრეტენზიების გარეშე ისაუბროთ. რაც მთავარია, სხვა ადამიანების საქმეებში არ უნდა ჩაერიოთ - ეს ცუდად დასრულდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მთელ დღეს სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის ძიებაში გაატარებთ. ცდუნებას ებრძვით, რომ რაღაც ჯანმრთელობისთვის საზიანო, მაგრამ ძალიან გემრიელი არ შეჭამოთ. თუ ცდუნებასთან გამკლავება გიჭირთ, ეცადეთ, ყურადღება ფიზიკურ დატვირთვაზე გადაიტანოთ, რაც სასუსნავებზე ფიქრს ცოტა ხნით მაინც დაგავიწყებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მთელი დღის განმავლობაში ცდილობთ დაგროვილ კითხვებსა და პრობლემებში გაერკვეთ და სწორი დასკვნა გამოიტანოთ, მთავარია, თქვენი მცდელობა შემთხვევით ვინმესთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. უმჯობესი იქნება, რომ მოზღვავებული ენერგია დაწყებული საქმეების დასასრულებლად და სახლის დალაგებისთვის გამოიყენოთ. ჩანთაში ან მაგიდის უჯრაში შეიძლება იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის დაკარგული გგონიათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი თქვენივე ენაა! აუცილებელი არ არის, რომ ადამიანებს პირში უთხრათ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. შეიძლება ვინმეს შეურაცხყოფა არ გსურთ, მაგრამ შემთხვევით მისთვის მტკივნეულ თემას შეეხოთ. გულწრფელობა კარგია, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ, რომ ვინმეს გული არ ატკინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრება ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ და სიახლეებისთვის მოემზადოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე უამრავ გამოცდას გიმზადებთ. ამასთან, ზებუნებრივი უნარების წყალობით შეურაცხმყოფელ მინიშნებებს იქაც კი ხედავთ, სადაც არასოდეს ყოფილა. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე კონფლიქტში გაატაროთ, საკამათო თემებს და დაპირისპირებებს თავი უნდა აარიდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. განსაკუთრებით დაუშვებელია რადიკალიზმი, ამიტომაც სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. კარგი იქნება, თუ გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც გაითვალისწინებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს საზოგადოებას მორალის დამცველად მოევლინებით. ნებისმიერი ორაზროვანი ხუმრობა და მინიშნება (მიუხედავად იმისა, ვისკენაა მიმართული) თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. ასე რომ, ჩხუბის დასაწყებად მიზეზის ძებნა არ დაგჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ურთიერთობის სურვილის მიუხედავად, ამ დღეს ხალხმრავალ შეკრებებსა და წვეულებებს უნდა მოერიდოთ - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ პროვოკაცია მოგიწყოთ და დაპირისპირებაში ჩაგითრიოთ. შედეგი იმდენად მძიმე იქნება, რომ შეიძლება თქვენს სულში წარუშლელი კვალი დატოვოს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღემ რომ კარგად ჩაიაროს, უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ და ეს მზადება სახლის დალაგება-დასუფთავებით დაიწყოთ. არაფერი ისე არ გაღიზიანებთ, როგორც სახლში ჭუჭყი და ნაგავი. სუფრაზე პურის ნამცეცებმაც კი შეიძლება მთელი დღით ხასიათი გაგიფუჭოთ და საქმის კეთების სურვილი დაგიკარგოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. ჯობს, რუტინული სამუშაოს კეთება სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way