USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 დეკემბერი
 699

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ ჩვეული ხერხი აღარ ჭრის, ახლებურად მოქმედება უნდა სცადოთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. ეცადეთ, მუშაობის დროს საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრი თავიდან ამოიგდოთ - შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც ძვირად დაგიჯდებათ. შორეული ქვეყნიდან სასიხარულო სიახლეები გელით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენი უმიზეზო ნერვიულობით შეიძლება ვიღაცას ხასიათი გაუფუჭოთ. ეცადეთ, ჯავრი იმ ადამიანებზე არ იყაროთ, რომლებსაც თქვენს ცუდ განწყობასთან საერთო არაფერი აქვთ. შესაძლოა, რომელიღაც მნიშვნელოვან საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ და ამის გამო შვება იგრძნოთ. ამ დღეს თქვენს ქმედებებს ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ - ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ და ინფორმაციები გადაამოწმოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სამსახურში სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მოსალოდნელია შეცდომები, რომლებიც შეიძლება თქვენს კარიერულ მდგომარეობაზე ცუდად აისახოს. შეიძლება ემოციების გავლენით შეიძინოთ ნივთები, რომლებიც არაფერში გჭირდებათ, თუმცა მოგვიანებით, თავადაც გაოცდებით ისინი იმდენად საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს სამსახურში ცვლილებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. მეგობრებთან ურთიერთობამ შეიძლება, სიხარულის გარდა, სარგებელიც მოგიტანოთ. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ, ენერგია კი კამათის ნაცვლად, სიყვარულზე დახარჯოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, მაგრამ ეცადეთ მისმა ხიბლმა თავბრუ არ დაგახვიოთ და სიფხიზლე არ დაგაკარგვინოთ - ის რაღაც საიდუმლოს მალავს. დაფიქრდით, გინდათ თუ არა ასეთ სარისკო ურთიერთობაში შესვლა. სამუშაო დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. შესაძლოა, მენეჯმენტის ქებაც კი დაიმსახუროთ

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ზოგჯერ ჩვენი ოცნებები რეალობას მოწყვეტილია და ასრულება არ უწერიათ. ასეთი ოცნებების დევნას, ჯობია, რაღაც უფრო რეალური მოიფიქროთ. შეგიძლიათ, თქვენი დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. შესანიშნავი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საქმეს, რომელიც არ გაინტერესებთ, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი დროით თაროზე შემოდებთ. სწორი გადაწყვეტილებაა - უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ფინანსურად დაზარალდებით. ამასთან დაკავშირებით ორი გამოსავალი არსებობს: ან დაინტერესდეთ იმით, რისი კეთებაც გიწევთ, ან აკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ ადრე ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას ცდილობდით, ამ დღეს შეიძლება მოვალეობების სხვებისთვის განაწილება მოგინდეთ. მშვენიერი იდეაა. ჩართეთ თქვენს საქმიანობაში კოლეგები და ახლობლები და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ცდილობთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვოთ და ამ იმპულსს არ უნდა შეეწინააღმდეგოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. ნუ შეგეშინდეთ, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ის აკეთოთ, რაც გსურთ. შესაძლოა, ამ დღეს გარკვეული თანხა მიიღოთ, მაგრამ გირჩევთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს სამუშაო უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ოდესმე, ასე რომ, კოლეგებს უფლება არ მისცეთ, რომ საუბრით ყურადღება გაგიფანტონ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით, ამიტომ თავი შიკავეთ და ბედს მიენდეთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ გაურკვევლობა გაწუხებთ, პარტნიორთან ან კოლეგებთან გულწრფელად უნდა ისაუბროთ, თუნდაც საუბარი არასასიამოვნო იყოს. შეიძლება, მეგობარმა სწრაფი ფულის შოვნა შემოგთავაზოთ - არ დათანხმდეთ და არც ფული ასესხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ფულს ვეღარ დაიბრუნებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც საერთო ინტერესები გაერთიანებთ. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. პროფესიულ საქმიანობაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати