USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 აპრილი?
Date:  1066

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე დღეა. ნურაფერს დაგეგმავთ - ვარსკვლავები ისეთ სიურპრიზებს გიმზადებენ, რომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ინტუიციურად იმოქმედეთ და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობებში გაჩენილი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ. უმჯობესია შოპინგი სამომავლოდ გადადოთ - ამ დღეს ნაყიდი ნივთები იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ეცადეთ, პროფესიული მოვალეობები კეთილსინდისიერად შეასრულოთ, რათა დამსაქმებლისგან შენიშვნა არ დაიმსახუროთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენს კარიერულ პოზიციაზე არასახარბიელოდ აისახება. შესაძლოა, ვიღაცამ ძალიან დაგაინტერესოთ და მოგხიბლოთ. თუ თქვენი სიმპათიები ორმხრივია, ეცადეთ, ურთიერთობა განავითაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შექმნილი გარემოებების გამო შესაძლოა, ისეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომ სხვისი დადგენილი წესებით მოქმედება მოგიწიოთ. ნუ ინერვიულებთ, ეცადეთ, სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ვირტუალური ურთიერთობების ნაცვლად, ყურადღება რეალურ ადამიანებზე გადაიტანოთ და სასიამოვნო ემოციები მიიღოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სიახლეების, ექსპერიმენტებისა და სარისკო აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ფრთხილად იყავით. თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. გათავისუფლდით ურთიერთობებისგან, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ბიზნესპარტნიორებთან და კონკურენტებთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს და დაიძაბოს. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ეცადეთ, საქმის მცოდნე ადამიანებს დაუკავშირდეთ და მათგან ღირებული რჩევა მიიღოთ. არაფრისმომცემ საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ - ერთიც და მეორეც გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გირჩევთ, რთული და სტრესული დღისთვის მოემზადოთ. 1-ელ აპრილს სტრესის დაძლევა და უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელსაც სურვილის შემთხვევაში, წარმატებით განახორციელებთ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვან დავალებაზე მუშაობის დროს ურთიერთობები მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ და განმარტოვდეთ, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, ცუდზე არ იფიქროთ და დილიდან კარგი განწყობა შეიქმნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებთ. რთული პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადეთ, რათა დამატებითი დაბრკოლებების გადალახვა არ მოგიწიოთ. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა ზოგადად, ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის. ეცადეთ, საჭირო სიტყვები იპოვოთ და საყვარელ ადამიანთან გულწრფელად ისაუბროთ. თუ საჭიროა, კომპრომისზე წასვლა და დათმობაც უნდა შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ და ადამიანებს თქვენით მანიპულირების საშუალება არ მისცეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღეა. პროფესიული საქმიანობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვეთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დახმარებაზე უარი არ თქვათ და ზოგი პასუხისმგებლობა კოლეგებს ან თანაშემწეებს გაუნაწილოთ. გარშემო მყოფი ადამიანები პოზიტიური განწყობის შენარჩუნებასა და სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებიან.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ამ დღეს ძველი ოცნების ასრულება შეძლოთ. რთული ამოცანები ნუ შეგაშინებთ - მიღებული გამოცდილება მომავალ საქმიანობაში გამოგადგებათ. გეგმების შეცვლა და სხვა ადამიანების საქმეებზე ფიქრი მოგიწევთ. შეეცადეთ, პრობლემა სწრაფად მოაგვაროთ და საკუთარ პასუხისმგებლობებს დაუბრუნდეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული დღეა. შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და გარშემო მყოფებთან კამათი მოგიწიოთ. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოვიდა. ახლობელ ადამიანებთან საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მაცდურ შეთავაზებას დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სავარაუდოდ, სამსახურში სირთულეებთან გამკლავება მოგიწევთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ და ყველაფერი გამოგივათ. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება, თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა ვიღაც გაანაწყენოს და პრობლემები შეგიქმნათ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way