USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის?
Date:  798

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ელოდოთ - საქმეს გულს ვერ უდებთ. ირგვლივ მყოფები ან უცნაურ რჩევებს გაძლევენ, ან ინიციატივას იჩენენ, როდესაც ეს არავის სჭირდება. ყველაფერთან ერთად, სრულიად უინტერესო და მოსაწყენ საქმეზე მუშაობა გიწევთ. მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ჩართვას და საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. პრობლემების განხილვამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის დასაწყისი საინტერესო, მაგრამ დაძაბული იქნება. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, რთული ვითარებიდან გამოსავალს სწრაფად იპოვით. ახალ ნაცნობებს თავს ადვილად მოაწონებთ და მათ მხარდაჭერას მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიხარულით გავსებთ. შესაძლოა, ამ დღეს ერთობლივად საინტერესო გეგმები შეიმუშაოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას ადვილად შეძლებთ. სულ ერთია, მარტო იმოქმედებთ თუ მოკავშირესთან ერთად. შეგიძლიათ ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანმა პარტნიორებმა შეთანხმების პირობები დაარღვიონ და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სტუმრები ან მოულოდნელი სიახლეები გელით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ - გამორიცხული არ არის, რომ დაუფიქრებლად უსარგებლო საგანი შეიძინოთ და დიდი ფული გადაიხადოთ. ზოგ კირჩხიბს სამართლებრივი პრობლემების მოგვარება მოუწევს, რომლის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, რაშიც თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ისწავლოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, წარმატებას მიაღწევთ. მით უმეტეს, რომ სირთულეები არც ისე სერიოზულია, როგორც ფიქრობთ. ეცადეთ, იღბლიანი შემთხვევა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით ფულთან და ხარჯები შეძლებისდაგვარად შეამცირეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის, პროფესიული საკითხების განხილვისა და კარიერული წინსვლისთვის. შეიძლება მაცდური შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მიზნების მისაღწევად ყველაფრისთვის მზად ხართ. დღის პირველ ნახევარში იპოვით საშუალებას, რომ არაკეთილის მსურველები დასაჯოთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. ზოგჯერ საკმაოდ ხისტად მოქმედება გიწევთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. ეცადეთ როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში ინიციატივა ხელში აიღოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

წინააღმდეგობრივი დღეა. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ მიზანს მიაღწიეთ, მაგრამ დაბრკოლებები ჩნდება, რომელთა გადალახვა გიჭირთ. უცნაურია, მაგრამ ყველაზე რთულ დროს თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება და სერიოზული წარმატების შანსი გაჩნდება. ნებისმიერ სიტუაციაში წინ უნდა იაროთ. თუ შეჩერდებით, შეიძლება არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვიდი დღეა. მისგან შთამბეჭდავ ემოციებს ან დიდ გამარჯვებებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაგიჩნდეთ. მოითმინეთ და ნუ ეცდებით ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ, თორემ უფრო მეტს დაკარგავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ენერგიით სავსე ხართ, მზად ხართ ინიციატივა ხელში აიღოთ და საკუთარი იდეებით გარშემო მყოფები შთააგონოთ. ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი იზიდავთ, რომლებიც ურთიერთობებს გაურბიან და ეს ადამიანები განსაკუთრებით დაგეხმარებიან. ეცადეთ, საღამოს გამაჯანსაღებელი პროცედურების ან სპორტისთვის დრო გამონახოთ. ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და შეძლებთ ბევრ რამეს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ. მზად იყავით მოულოდნელი სტუმრებისა და დაუგეგმავი შეხვედრისთვის, რომელზეც რაღაც სიახლეს შეიტყობთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ და ძლიერი ოპონენტებისგან საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ, თუმცა ვარსკვლავების დახმარებით ყველა გამოწვევას ღირსეულად გადალახავთ და სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ. ოჯახში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დაძაბული, მაგრამ ძალიან საინტერესო დღეა. მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გეგმების ხშირად შეცვლა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ყველაფერი კარგად იქნება. საქმიან მოლაპარაკებებზე სასურველ მიზანს მიაღწევთ, რადგან თანამოსაუბრეებზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. ზოგჯერ საყვარელ ადამიანებთან საერთო ენის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე უცნობებთან - შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს თქვენს სიტყვებში ეჭვი ეპარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, ამ დღემ ბევრი პრობლემა მოგიტანოთ, მაგრამ ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდებით. თქვენ გონიერი ადამიანი ხართ და იქ, სადაც სხვები მარცხდებიან, წარმატებას მიაღწევთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფები რჩევისთვის ხშირად გაკითხავენ - ბევრს სურს თქვენი მიღწევები გაიმეოროს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way