USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
ასლან ბჟანია- დიალოგი აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა იყოს, მაგრამ, არის თემები, რომლებშიც მონაწილეობა რუსულმა მხარემაც უნდა მიიღოს
Date:  1241

გუშინ „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განმარტა თუ რატომ ისაუბრა რამოდენიმე დღის წინ საქართველოს მედიასტან თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე.

"დიალოგი აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა იყოს, მაგრამ, არის თემები, რომლებშიც მონაწილეობა რუსულმა მხარემაც უნდა მიიღოს და მისი ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული" - თქვა ასლან ბჟანიამ.

ასლან ბჟანიამ აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მიერ 1999 წელს გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა იმის თაობაზე, რომ ქართველებს მტრად არასდროს თვლიდა და მზადაა ქართულ მხარესთან დიალოგისთვის და როგორც აღნიშნა, „არძინბას ეს სიტყვები ყველა აფხაზი პოლიტიკოსისთვის დავალებადაც კი შეიძლება იყოს მიჩნეული“, ხოლო მათ, ვინც თბილისთან ყოველგვარი დიალოგის წინააღმდეგია, ბჟენია ურჩევს, უკეთ იცოდნენ საკუთარი ქვეყნის გეოგრაფია, ასევე შეახსენებს მათ, რომ საქართველო აფხაზეთის „მეზობელი ქვეყანაა და მდინარე ენგურს გაღმა საქართველოა“.

„მე არავისთან ვაპირებ აფხაზეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვას. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, აფხაზეთს საქართველოსთან დღესაც აქვს სხვადასხვა სახის, მათ შორის ეკონომიკური კონტაქტები და ურთიერთობები. აფხაზური მხარე ქართულთან აქტიურად თანამშრომლობს ენგურჰესის გამართულად მუშაობის საკითხებში, ასევე იმაში, რომ აფხაზეთში დამზადებული 10 ათას ტონაზე მეტი თხილიდან მხოლოდ ათასი ტონა გადის რუსეთში, ხოლო დანარჩენი 9 ათასი ტონა ექსპორტირებულ უნდა იქნას საქართველოში.

ბჟანიას მტკიცებით, იმისთვის, რომ ეს საკითხები იქნას მოწესრიგებული და თან ისე, რომ აფხაზურმა სახელმწიფომ ამისგან სარგებელი მიიღოს, აუცილებელია ქართულ მხარესთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა და არა ისე როგორც ახლაა, როცა თხილის ექსპორტით სარგებელს მხოლოდ რამოდენიმე ჩინოვნიკი იღებს.

მისივე მტკიცებით, „საქართველოდან აფხაზეთში ყოველწლიურად მხოლოდ 100 მილიონი რუბლის ბოსტნეული შედის“. გარდა ამისა, როგორც ბჟენიამ აღნიშნა, იმის გამო, რომ გახშირებულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულების რიცხვი, აუცილებელია აფხაზმა სამართალდამცავებმა ითანამშრომლონ თავის ქართველ კოლეგებთან.

ბჟანია ასევე შეეხო „საქართველოში აფხაზეთის მოქალაქეების სამედიცინო მიზნით“ გამგზავრების თემას. მისი თქით, იმის გამო, რომ აფხაზეთში არაა იმ ხარისხის სამეციცინო მომსახურება, როგორც საქართველოში, იგი ვერ საყვედურობს აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოში დადიან.

„მაგრამ, აფხაზური მხარისთვის მიუღებელია ის, რომ საქართველოში ჩასულ პაციენტებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სთხოვენ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, ამ საკითხში ქართული მხარის ამგვარი დამოკიდებულება ხელს არ უწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდენას და თუნდაც ამ თემებზე მხარეებმა ერთმანეთთან უნდა ისაუბრონ და ამისთვის საჭიროა დიალოგის სხვადასხვა ფორმატები.

ბჟანიას აზრით, მის მიერ ჩამოთვლილი საკითხების განხილვა ჟენევის ფორმატში კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ თუნდაც მდინარე ენგურის საზღვართან, თან იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართული არიან ორმხრივ ურთიერთობებში.

გარდა ამისა, აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეეხო აფხაზურ-ქართულ დიალოგში რუსული მხარის მონაწილეობის საკითხსაც.

„რასაც ახლა ვიტყვი, უფრო საქართველოს მოქალაქეების გასაგონად ვამბობ და იმედია, თქვენი საშუალებით ისინი გაიგებენ ჩემს ნათქვამს. რამოდენიმე საუკუნეა რუსეთს აქვს თავისი ინტერესები კავკასიაში. მთელი ამიერკავკასია შედიოდა რუსეთის იმპერიაში. აფხაზურ-ქართულ დიალოგში არის თემები, რომელთა განხილვაშიც რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და მისი ინტერესები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“, - დასძინა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, რუსეთისაგან განსხვავებით ევროპელები კავკასიიდან შორს არიან, ამერიკელები მითუმეტეს კიდევ უფრო შორს და ამ თემებზე იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ „ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუში სრულად არ უთქვამს, მაგრამ ახლა სათქმელს აკონკრეტებს“.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way