აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი გამოცემა Axios-ის რეპორტიორზე, ბარაკ რავიდზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების თურქეთის ნაცვლად ომანში გამართვის შესახებ ირანის მოთხოვნას დათანხმდა.
ასევე, Axios-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას პაკისტანის, საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი.
ამასთან, გუშინ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ირანული „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდო, რომელიც არაბეთის ზღვაში მცურავ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ მიმართულებით მიფრინავდა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.