აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ოკლაჰომას მეორე ოლქის წარმომადგენელი მარკუეინ მალინი გამოცემა „ჰილისთვის“ დაწერილ სტატიაში საქართველოს ექს-პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწრვთნილ ოლიგარქს“ უწოდებს.
სტატიაში „აშშ გვერდზე უნდა დაუდგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მალინი ივანიშვილს სხვადასხვა რამის გამო აკრიტიკებს: წერს, რომ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების მიუხედავად ქვეყნის დე ფაქტო მმართველად რჩება, რომ ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა და არ მომხდარა არც 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია.
მალინი ასევე წერს, რომ „პუტინის მოკავშირე“ საქართველოდან ამერიკული ბიზნესის „გასაძევებლად“ მუშაობს და მაგალითად მოჰყავს მათ შორის კომპანია „ფრონტერა“, რომელთანაც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში ჰქოდნა დავა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს დავა საქართველომ მოიგო.
მალინი ასევე იხსენებს მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საქართველოს მთავრობის სანქცირებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს კოლეგებს, მიიღონ ეს კანონპროექტი.
საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე მალინის სტატიაზე ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „მარკ მალინი და კიდევ რამდენიმე გამონაკლისი [კონგრესში] შეიძლება იყოს, მათ აქვთ სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიებით, რომელიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციის მუშაობით იყოს გამოწვეული“.
წყარო: netgazete.com
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/