USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
აშშ-ს ახალი ელჩი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა
Date:  480

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

მათივე განმარტებით, მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

"პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ აშშ-ში და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნეს” გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

დეგნანის წინამორბედს, ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, წელიწადზე მეტი აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავდა და მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. დეგნანის კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს 2019 წლის სექტემბერში წარუდგინა. დეკემბერში კი სენატმა ის ელჩად დანიშნა, იანვარში კი მან ელჩის ფიცი დადო.

კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way