აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახაზინო დეპარტამენტმა კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო ფრანცისკო პეტრო ურეგო (გუსტავო პეტრო) დაასანქცირა, ნარკოტიკებთან ბრძოლის ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე დასანქცირებულია გუსტავო პეტროს რამდენიმე მხარდამჭერი, მისი მეუღლე, მისი ვაჟი.
„მას შემდეგ, რაც გუსტავო პეტრო ხელისუფლებაში მოვიდა, კოლუმბიაში კოკაინის წარმოება ათწლეულების უმაღლეს მაჩვენებლებამდე გაიზარდა, მასობრივად შემოვიდა შეერთებულ შტატებში და ამერიკელებს წამლავს. პრეზიდენტმა პეტრომ ნარკოკარტელებს აყვავების საშუალება მისცა და ამ აქტივობის შეჩერებაზე უარი თქვა. დღეს პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ ნაბიჯს დგამს, რათა დაიცვას ჩვენი ერი და ნათელი გახადოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების ტრაფიკს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.