აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო მიდგომას და აგენტებს სამხრეთ კალიფორნიაში რეიდების გაგრძელების უფლება მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა, შეეჩერებინა მოსამართლის ბრძანება, რომელიც აგენტებს უკრძალავდა ადამიანების გაჩერებას ან დაკავებას გონივრული ეჭვის გარეშე, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, რასის ან ეთნიკური კუთვნილების, ან ესპანურ ან ინგლისურ ენაზე აქცენტით საუბრის საფუძველზე და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით.
Reuters-ი წერს, რომ სასამართლოს მოკლე და ხელმოუწერელი ბრძანება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაიცა.
კალიფორნიის გუბერნატორმა, დემოკრატმა გევინ ნიუსომმა, სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო.
„ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში არჩეული უმრავლესობა ლოს-ანჯელესში რასობრივი ტერორის აღლუმის მთავარი მარშალი გახდა“, - განაცხადა ნიუსომმა.