USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
თბილისი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფი ზომები მიიღონ
თარიღი:  845

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშის და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინის წერილი მიიღო.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.

„გვსურს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოვხატოთ. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 29 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავდით, როგორ გაიდგა ფესვები დემოკრატიამ, გაიზარდა ეკონომიკა და აყვავდა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ვალდებულება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა და კონსესუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითად იქცა. ჩვენ ვაკვირდებოდით 2012 წლის არჩევნებს და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით იმით, თუ როგორ იცავდა საქართველო დემოკრატიის მთავარ პრინციპებს.

თუმცა, შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებაზე მიანიშნებს. ორი ყველაზე აქტუალური საკითხი არის პარლამენტის წარუმატებლობა, შეესრულებინა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებებულები და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა.

ჩვენ გვესმის, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ქართველ ამომრჩეველს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის საშუალებას მისცემდა, რაც უპირატეს მდგომარეობაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას ჩააყენებდა. თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი შეეშალა ამ ცვლილებისთვის, მიანიშნებს საქართველოს მიერ იმ ვალდებულებზე უარის თქმას, რაც მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს აღებული. მეტიც, ის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, არის ხილული ნიშანი, რომ პარლამენტის წარუმატებლობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის მიერ ამ პროტესტის ჩახშობა კი ქართველების დემოკრატიული უფლებებისა მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოვალეობის დარღვევაა,“ - აღნიშნულია წერილში.

სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თავისუფლად საუბრის უფლება არავის უნდა შეეზღუდოს.

„გარდა ამისა, ფორმალური და არაფორმალური მეთოდებით ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა ასევე საქართველოს მიერ დემოკრატიიდან განდგომაზე მიანიშნებს. შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად უსწორდებიან ის პირები, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებული. ასევე ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ წლების მანძილზე დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახალი აღძვრა. პოლიტიკოსებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ და საქართველოს სასამართლო სისტემა ამ თავისუფლების შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს,“ - აღნიშნულია წერილში.

სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ციხეში კიდევ ბევრი დემონსტრანტი წავა.“

„შეშფოთებას იწვევს ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ციხეში კიდევ ბევრი დემონსტრანტი წავა. იმედი გვაქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას სურს, სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენოს,“- აღნიშნულია წერილში.

სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ 14 მოსამართლის დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებითაც და აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასების გარეშე დანიშვნა ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მათი კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასების გარეშე მოხდა. ეს ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

მიუკერძოებელი, ძლიერი მანდატის მქონე მოსამართლეების ნაცვლად უმაღლეს სასამართლოში პოლიტიკური მოკავშირეების მოწყობა ძირს უთხრის დემოკრატიის იმ ინსტიტუტებს, რომელმაც საქართველო რეგიონის შესაშურ ქვეყნად აქცია,“- ნათქვამია წერილში.

სენატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს იმ ღირებულებებთან დაკავშირებით, რასაც მისი საერთაშორისო პარტნიორები იზიარებენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ძლიერი დემოკრატიული საფუძველი აქვს. თუმცა, აღნიშნული მოვლენები გვაფიქრებს და გვიჩენს კითხვებს საქართველოს ვალდებულებების შესახებ იმ ღირებულებების წინაშე, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ.

დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და დიდი სურვილი გვაქვს, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა განვაგრძოთ. თუმცა, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მხარდასაჭერისთვის მოტივირებულები ვართ მანამ, სანამ შეგვიძლია დავეყრდნოთ საქართველოს, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს,“- აღნიშნულია წერილში.

სენატორები ასევე მიიჩნევენ, რომ რეფორმების პროგრესის შეფერხება და დაძაბულობა საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყანასა და მთელს რეგიონში რუსეთის ინტერვენციის გაზრდას.

„ვშიშობთ,რომ რეფორმების პროგრესის შეფერხება და დაძაბულობა საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყანასა და მთელს რეგიონში რუსეთის ინტერვენციის გაზრდას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მოვლენები, მით უფრო დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას და იძულებული გავხდებით, ჩვენი პარტნიორობა ხელახლა შევაფასოთ,“- აღნიშნულია წერილში.

სენატორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფ ზომებს მიიღებს.

„გულწრფელა გვაქვს იმის იმედი, რომ სწრაფად იმუშავებთ, რომ გაუარესებული სიტუაცია შეცვალოთ და ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოთ,“- აღნიშნულია სენატორების წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ათამდე სენატორმა და კონგრესმენმა გამოუგზავნა, რომლებშიც ისინი საქართველოში მიმდინარე რიგ პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ბიზნესი
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.