სანდო ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის ღია წყაროებიდან, რომ ეს მოსამართლეები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
“პირველ რიგში, დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში…
კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მან დააზიანა საზოგადოების საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი ნდობა.
როგორც აქამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადა პატელმა.
ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 მარტს განაცხადა.